თავში

რას უწუნებენ ქართული წარმოების პირბადეს - PHOTO

რას უწუნებენ ქართული წარმოების პირბადეს
რას უწუნებენ ქართული წარმოების პირბადეს - PHOTO

"ქართული წარმოების პირბადის სამედიცინო თვისებებზე ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ რასაც ვხედავ იმით აღფრთოვანებული ვერ ვარ. ნამდვილად უხარისხოა," - წერს სოციალურ ქსელში Kar.Ge-ს დამფუძნებელი ტარიელ ზივზივაძე.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, 1 პირბადის თვითღირებულება 1 ლარია, ანუ მისი დამზადება 1 ლარი ჯდება, ხოლო მომხმარებელი მის ყიდვას 50 თეთრში ყიდულობს. პირბადის ფასს მთავრობა ასუბსიდირებს.

პირველ ეტაპზე სააფთიაქო ქსელში 400,000 ცალი ჩაეშვა..

"ანუ, 400,000 ლარი გადავიხადეთ თქვენი და ჩემი გადახდილი გადასახადებიდან. აქედან შეუვათ 200,000 ლარი. ანუ, “გასროლილი” თანხა არის 200,000 ლარი," - ასე ანგარიშობს ზივზივაძე პირბადეების წარმოების წამგებიანობას და დასძენს, რომ ასეთი უხარისხო დოლბანდი მთელი ქართული საწარმოო სექტორის შემარცხვენელია.

"ხალხი ამას ნახავს და რას იფიქრებს? რა შთაბეჭდილება დარჩებათ ადამიანებს ადგილობრივ წარმოებაზე? ეს არის რაღაც ბოდიში და აპუწული მარლის უფორმო მაიმუნობა რეზინიანი საყურეებით (სახელიც არ ვიცი ამას რა ჰქვია), რომელსაც ნაკერი-ნაკერში არ მიუყვება და ორივეს სხვადასხვა ფორმა აქვს, ძაფები ცვივა და ასვენია ასე “საყვარლად” (გაუთოვებაც დაეზარათ). კარდონის ყუთში პირდაპირ გროვა იყო ჩაკუჭული (იქვე ჩავხედე ყუთში PSP-ში, სადაც ვიყიდე). არანაირი ინიციალი, თუ ვისი ნაწარმოებია (ვინ გაიფუჭებდა სახელს, ხალხი მსოფლიო ბრენდებს კერავს და პირბადე ვერ შეკერესო იტყვიან). არანაირი ინსტრუქცია არ მოჰყოლია. ამბობენ მრავალჯერადიაო. ზოგი ამბობს 2 საათში გადასაგდებიაო. მოკლედ … მთავარია, რომ ლუგარის ცენტრის რეკომენდაციითაა შეკერილი და დეფიციტური მასალით. ბოდიში, ეს არ ჩანს არსად. ნებისმიერი, ვისაც ცოტა კერვა ეხერხება, ჩვეულებრივი ბინტისგან შეკერავს არანაკლებს," - ამბობს ზივზივაძე და გვიმხელს იმ ერთდერთ დადებით ფაქტორსაც, რაც საქართველოში პირბადეების დამზადებაში დაინახა.

"აკვირდებით, პურის და ფქვილის, ასევე “პური არ გაძვირდება”-ს თემას როგორ გვიტრიალებენ მუდმივად? რატომ? იმიტომ რომ ხალხის დიდი ნაწილისთვის პურის ფასი არის მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის ძირითადი განმსაზღვრელი. და როცა პურის ფასი უცვლელია, ხალხი მშვიდადაა. ზუსტად იგივე ფსიქოლოგიური ეფექტია აქაც. რაც მთავარია პირბადეს ვკერავთ საქართველოში და მოსახლეობას მისი ყიდვა შეუძლია! ვიზუალი, ხარისხი და წამგებიანობა იქით იყოს და ადამიანებისთვის მცირედი მაინც შვება არის ის, რომ პირბადე აქვს. ამ ბოლო ფაქტორის გამო (რომ ხალხი იყოს მშვიდად) კიდევ დავეთანხმებოდი 200,000 ლარის (ჯერ) გადაყრას, მაგრამ სამწუხაროდ ხალხის ფსიქოლოგიური დაბურანების მეტი ეკონომიკაში საქმიანი, რეალური, ხელშესახები, რომ წარმოების სექტორს მართლა მხარი დაეჭიროს … არაფერი კეთდება," - ამბობს kar.ge-ს დამფუძნებელი.

როგორც ეკონომიკისს ამინისტროში განმარტავენ, ქართული წარმოების, 12-შრიანი დოლბანდისგან დამზადებული, მაღალი ხარისხის და მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების დროული მიწოდება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.

ცნობისთვის, ადგილობრივი წარმოების პირბადეების ქსელურ სააფთიაქო ქსელებში გაყიდვა გუშინ დაიწყო.

სააფთიაქო ქსელში ქართული პირბადეების 50 თეთრად ჩაშვების შესახებ ეკონომიკის მინისტრმა საზოგადოებას ორი დღის წინ ამცნო. და პირბადე პირდაპირ ეთერშიც მოირგო.

შეგახსენებთ, ქართული სამკერვალო საწარმოები უსასყიდლოდ ჩაერთვნენ პირბადეების დამზადების პროექტში.

ხელისუფლებამ თავის თავზე აიღო იმპორტული დოლბანდის ნედლეულით უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა.

შედეგად, საქართველომ, ბევრი სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, შეძლო ამ დეფიციტური პროდუქტის მასობრივი წარმოების დაწყება.

ეკონომიკის მინისტრმა პირბადე საკუთარი ხელითაც კი შეკერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system