თავში

რატომ ანიჭებს საქართველო უპირატესობას აზერბაიჯანულ დენს

რატომ ანიჭებს საქართველო უპირატესობას აზერბაიჯანულ დენს
რატომ ანიჭებს საქართველო უპირატესობას აზერბაიჯანულ დენს

აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი დაბალი ფასის გამო საქართველოსთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება.  2021 წლის თებერვალში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა ჯამში შეადგინა 413.7 მილიონი კილოვატ/საათი. აქედან 258 მილიონი კილოვატ/საათი რუსეთიდან შემოვიდა, 148.8 მილიონი კილოვატ/საათი აზერბაიჯანიდან და 6.9 მილიონი კილოვატ/საათი თურქეთიდან.

რატომ არის საქართველოსთვის მიმზიდველი აზერბაიჯანული დენი, ამის გარკვევას, report.ge საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ყოფილ დეკანთან, პროფესორ, გია არაბიძესთან, შეეცადა. ენერგეტიკოსის აზრით, საქართველო უნდა შეეცადოს ელექტროენერგიის საიმპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას და ერთ ქვეყანაზე "ჩამოკიდება" სწორი არც ერთ შემთხევვაში არაა, თუმცა ამ ეტაპზე ქვეყანას პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც ყველაზე მეტად დენის აზერბაიჯანიდან იმპორტი აწყობს. გია არაბიძის განმარტებით, დღეს ასეთი ვითარებაა: საქართველოში დაახლოებით 450 მეგავატი (450000 კოლოვატ/საათი) ელექტროენერგია შემოდის რუსეთიდან, აქედან 265 მეგავატი (265000 კილოვატ/საათი) ხმარდება აფხაზეთის მომარაგებას. ცნობითვის, ერთი მეგავატი მილიონი ვატი და ათასი კილოვატია. დაახლოებით 300 მეგავატს (300000 კილოვატ/საათი) ქვეყანა ყიდულობს თურქეთისგან,  ხოლო 116 მეგავატს (116000 კილოვატ/საათი) - აზერბაიჯანისგან.  როგორც ენერგეტიკოსი report.ge-ს უხსნის, საქართველოს ელექტროენერგიით ვაჭრობის ბალანსი თითქმის სულ ასეთი იყო: გაცილებით მეტი 60%-70% მოდიოდა აზერბაიჯანიდან, დანარჩენი 40%-30% - რუსეთიდან. მისივე მტკიცებით, ის, რაც საქართველოსთვის აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შემოტანას უფრო მიმზიდველს ხდის ისაა, რომ ეს ქვეყანა საქართველოს სტაბილური სავაჭრო პარტნიორია. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ენერგეტიკოსი გვიხსნის, რომ აზერბაიჯანიდან დენის სტაბილურად მიღების გარანტია არის ის ფაქტი, რომ საქართველოს აზერბაიჯანთან 2 ელექტოგადამცემი ხაზი აკავშირებს , გარდაბანი და მუხრანი, რაც ამ ქვეყნიდან დენის სტაბილურად მიღების ერთგვარი გარანტიაა. 2 ხაზით საქართველოს ელექტროსისტემა სხვა არც ერთ მეზობელს არ უკავშირდება.

"ეს არის ერთგვარი დაზღვევა, ერთ ხაზზე რომ რამე ავარია მოხდეს, მეორით განხორციელდება დენის მოწოდება და ამით ელექტროენერგიის იმპორტის სატბილურობა გარანტირებულია.  რუსეთთან საქართველოს ერთადერთი, კავკასიონზე გამავალი, ხაზი აკავშირებს, რომელიც საკმაოდ ფაქიზი ხაზია და, განსაკუთრებით, ზამთარში ადვილად გამოდის მწყობრიდან. გარდა ამისა, რუსეთთან საქართველოს დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობა აქვს და ამ ქვეყნის "იმედი" არ შეიძლება გვქონდეს ელექტრომომარაგებაში.  რაც შეეხება, თურქეთთან დამაკავშირებელ ხაზს, მისი სტაბილური გამართულობა მას შემდეგ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც ამ ქვეყანასთან დამაკავშირებელი ელექტროენერგიის ხაზზე  ავარიის გამო რამდენიმე დღის წინ ნახევარი საქართველო დარჩა უშუქოდ. ასე რომ, ელექტროენერგიის უსაფრთოხების მხრივ, საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობა ბევრად უფრო სტაბილური და უკეთესია, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანასთან. ამას ამტკიცებს მრავალწლიანი ურთიერთობის გამოცდილება და სტრატეგიული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა ორივე ქვეყანაში," - გვეუბნება არაბიძე. 

ცალკე საკითხია იმპორტირებული ელექტროენეგიის ფასები. ენერგეტიკოსი გვეუბნება, რომ დენის იმპორტის ფასები თითქმის ყველა ქვეყნიდან არაერთგვაროვანია და ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ასე მაგალითად:

"მნიშვნელოვანია, უშუალოდ ელექტროენერგიის შემოდინებისას რა ფასებია ამ ქვეყნების ბაზრებზე. პიკის საათებში 7 ცენტამდეც კი ადის ელექტროენერგიის ფასი. გარდა იმისა, რომ უსაფრთხოება მიწოდებაში ბევრად დაცულია აზერბაიჯანიდან იმპორტში, ვიდრე თურქეთიდან და რუსეთიდან, ხშირია შემთხევევბი, როცა აზერბაიჯანი ბევრად დაბალ ფასში ყიდის დენს, ვიდრე სხვა ქვეყნები, თუმცა ეს ყოველთვის ასე არაა და ვერც იქნება. ასე რომ, თუ დენის შემოტანის ტექნიკური მხარე პრობლემატური არაა, ამ დროს მუშაობს ფასის ფაქტორი და, რომელი ქვეყანაც იაფად სთავაზობს იმ მომენტში ელექტროენერგიას საქართველოს, მისგან ხდება შესყიდვაც. ბოლო დროს ეს ხშირად აზერბაიჯანიდან ხდება, თუმცა ხანდახან უფრო იაფია რუსული დენიც, არის შემთხევევბი, როცა ყველაზე დაბალი ტარიფი აქვს თურქულ დენსაც. ამდენად, დაბალი ფასი და მოწოდების უსაფრთხოების გარანტია (2 ხაზის გამო) ხდება გადამწვეტი და საფუძველი იმისთვის, რომ საქართველოს უპირატესობას ანიჭებს აზერბაიჯანიდან დენის იმპორტს. აქამდე, ჩემი დაკვირვებით, თურქული დენი უფრო ძვირი იყო ხოლმე, ვიდრე რუსული და აზერბაიჯანული, თუმცა თურქეთთან დაკავშირებით დენის იმპორტისას მუშაობს ერთი ფაქტორი: ხშირად ჩვენს ქვეყანას თურქეთთან აქვს შეთანხმება ელექტროენერგიის ბარტერზე, მაგალითად, მაის-ივნისში, როცა ამუშავდება ენგურჰესი, შეიძლება საქართველომ თურქეთს უკან დაუბრუნოს ბარტერით აღებული დენი, ასეც ხდება ხოლმე, ეს აპრობირებული მეთოდია," -  განუცხადა არაბიძემ report.ge-ს. 

შეგახსენებთ, კომპანია „ელგრინი“, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება საქართველოს ენერგოსისტემისთვის აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეთავაზებაა, პერიოდულობით საქართველოს საზოგადოებას ათავაზობს ანგარიშს ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით. კომპანიამ ეს მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საზოგადოებაში გაჩნდა ეწვი, რომ  “ელ გრინს” ეძლევა უფრო მაღალ ფასად ელექტროენერგიის შემოტანის შესაძლებლობა, რადგან სახელისუფლებო გუნდიდან ვიღაც წილშია და სწორედ ამიტომ გახდა ელექტროენერგიის იმპორტში დომინანტი აზერბაიჯანი. უფრო მეტიც, ყოფილი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ამტკიცებდა, რომ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, ბიზნესმენ, უჩა მამაცაშვილთან, კავშირში მყოფი კომპანია შუამავალია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და აზერბაიჯანის ელექტროსისტემას შორის, რაშიც მამაცაშვილის კომპანია წლიურად 9 მილიონ დოლარს იღებს. ამაზე განმარტებები ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას, რამდენჯერმე მოუწია. მისი თქმით, აზერბაიჯანული ელექტროიმპორტი რუსული დენის ალტერნატივაა და იმპორტის ღირებულებაც წლების მანძილზე მცირდება. მინისტრის მტკიცებით, დენის იმპორტში არცერთი მეზობელი ქვეყანა არ არის დომინანტი. ნათია თურნავამ ამ ბრალდებას აბსურდული უწოდა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანიდან დენის იმპორტთან უჩა მამაცაშვილი კავშირში არ არის.

ცნობისთვის, საქართველო ელექტროენერგიას რუსეთისგან, აზერბაიჯანისგან და თურქეთისგან ყიდულობს.

2020 წელს საქართველომ ყველაზე მეტი დენი აზერბაიჯანისგან იყიდა. ამ ქვეყნიდან საქართველომ 726 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა, რაც მთლიანი იმპორტის 45%-ს უტოლდება. კილოვატ საათი თურქული ელექტროენერგიის იმპორტში საქართველომ შარშან 3 ცენტი გადაიხადა. ამ ქვეყნიდან საქართველომ შარშან ჯამში 313,100,000 კილოვატ საათი ელექტროენერგია იყიდა, რაც ჯამში 13,564,140 აშშ დოლარი დაჯდა. შარშან საქართველომ რუსეთისგან ერთი კილოვატი ელექტროენერგია 3 ცენტად შეიძინა. ქვეყანამ გასულ წელს ჩრდილო მეზობლისგან ჯამში 570,600,000 კილოვატ საათი დენი იყიდა, რაშიც 14,553,200 დოლარი გადაიხადა.

ელექტროენერგიის იმპორტის წყროების დივერსიფიკაციაზე საქართველო წლების განმავლობაში მუშაობდა. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, ახლა საქართველო ბევრად უფრო ენერგოდამოუკიდებელია, ვიდრე 2012 წელს, როცა 90% ქვეყნის ელექტროენერგიის იმპორტის მოდიოდა რუსეთზე და დენი საქართველოში “ინტერ რაოს” შემოჰქონდა. ეკონომიკის მინისტრი ამტკიცებს, რომ ეს "ქართული ოცნების" მთავრობამ შეცვალა და უკვე შარშან საქართველოში დენის იმპორტის მთავარი წყარო აზერბაიჯანი გახდა. საქართველოს ყოფილი პრემიერმინიტრი, ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც ამჟამად საერთაშორისო კომპანია “ელ გრინში” აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტსა და აზერბაიჯანიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტს კურირებს, აცხადებს, რომ უსაფუძვლოა ეჭვები, თითქოს აზერბაიჯანიდან დენის იმპორტში კორუფციული სქემა მუშაობს.

რატომ ანიჭებს უპირატესობას საქართველო აზერბაიჯანულ დენს, ნახეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system