თავში

რატომ არ ენდობიან ლარს

რატომ არ ენდობიან ლარს
რატომ არ ენდობიან ლარს

უცხოური ვალუტის ქრონიკული დეფიციტის პირობებში ლარის გაუფასურებისაკენ „მიდრეკილება“ გასაგებია, მაგრამ რატომ ჩნდება პერმანენტულად ნეგატიური მოლოდინები და იზრდება ლარის მიმართ უნდობლობა?!

ამაზე მარტივი პასუხი აქვს კაპიტალის ბაზრის ექსპერტს  ვახტანგ ხომიზურაშვილს. ამის ასახსნელად, თუ როგორ და რატომ რეაგირებენ ადამიანები სავალუტო კურსის ცვლილებებთან მიმართებაში, ის „ტრეიდერების ფსიქოლოგიას“ გვიხსნის:  მაშინ როდესაც სავალუტო კურსის ფორმირების პროცესი არ არის გამჭვირვალე და პრაქტიკულად არაპროგნოზირებადი, ადამიანების ცნობიერებაში „ირთვება“ ე.წ. „ფაქტების დამახინჯების სინდრომი“, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფორმაციის დეფიციტის პირობებში ადამიანები „ავსებენ“ ამ საინფორმაციო დეფიციტს თავის ვარაუდებით, შფოთვებით, შიშებით და ფანტაზიებით. ასე ყალიბდება, ექსპერტის განმარტებით, დამოკიდებულება და წარმოიქმნება მოლოდინები.

ექსპერტის თქმით, კაპიტალის ბაზარზე, ბაზრის მონაწილეების მოლოდინებს ახასიათებს ე.წ. „დომინოს ეფექტი“, როდესაც განწყობა და მოლოდინები ძლიერდება ლამის „გეომეტრიული პროგრესიით“.

ხომიზურასვილი ამბობს, რომ საქართველოს შიდასავალუტო ბაზარზე ოფიციალური სავალუტო კურსის ჩამოყალიბების პროცესი აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა. ამას ემატება ისიც, რომ განვითარებად და მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, სავალუტო ბაზრის სიმცირის პირობებში, გამოიყენება განსხვავებული ვაჭრობის პრინციპები.

ექსპერტის შეფასებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოიჩინა „სნობიზმის“ უმაღლესი დონე, როდესაც „მცურავი კურსის ეგიდით“ შემოიღო განვითარებული ქვეყნების კაპიტალის (და კერძოდ სავალუტო) ბაზრის მოდელი ე.წ. Bloomberg-ის სავაჭრო პლათფორმის გამოყენებით, მაგრამ ის ვერ ვერ გაითვალისწინა, რომ ის სავაჭრო პრინციპები რომლებიც გამოიყენება მოცულობითი, ინტენსიური და მონაწილეთა მრავალრიცხოვანი ბაზრის პირობებში - საქართველოს მცირე კაპიტალიზაციის ბაზრის პირობეში არაეფექტიანია.

"არაეფექტიანია იმიტომ, რომ იქ სადაც სავალუტო ბაზრის მონაწილეთა რაოდენობა მიზერულია და სადაც შედარებით მცირე თანხით შესაძლებელია კურსით მანიპულირება, სავალუტო ბაზარი არ არის დაცული სპეკულაციური ოპერაციებისაგან და ზედმეტია ობიექტურ და სამართლიან სავალუტო კურსის ჩამოყალიბებაზე ლაპარაკი," - განმარტავს ხომიზურაშვილი და იმასაც დასძენს, რომ საქართველოს კაპიტალის ბაზარზე, ობიექტური საბაზრო სავალუტო კურსის ფორმირებისათვის აუცილებელია რამოდენიმე პირობის და პრინციპის შესრულება, რომლებიც „ჯიუტად“ იგნორირებულია ეროვნული ბანკის მიერ.

"ასე მაგალითად სავალუტო ვაჭრობის სესიის მცირერიცხოვანი მონაწილეების და შედარებით მცირე მოცულობის განაცხადების პირობებში, დაუშვებელია სრული სამუშაო დღის განმავლობაში სავაჭრო სესიის გაგრძელება. ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია სავაჭრო სესიის დროის შეზღუდვა, შესაბამისად ვალუტის მოთხოვნა - მიწოდების კონცენტრაციის მიზნით. მხოლოდ ასეთ პირობებში შესაძლებელია სამართლიანი სავალუტო კურსის ფორმირება და ამასთან ერთად ეროვნულ ბანკს მიეცემა ოპტიმალური დოზირებით სავალუტო ინტერვენციების უფრო ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობა. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მდგომარეობს ვაჭრობების შედარებით მწირე მოცულობის შედეგების მიხედვით ოფიციალური სავალუტო კურსის გამოცხადებაში, შემდეგში მდგომარეობს: ოფიციალური კურსი უნდა ასახავდეს სავალუტო ბაზრის მდგომარეობას, ხოლო როდესაც ოფიციალური კურსი ცხადდება შედარებით მწირე მოცულობის ვაჭრობის შედეგების მიხედვით არასწორია და წარმოქმნის სავალუტო კურსის ე.წ. „ასიმეტრიას“. ოფიციალური კურსის გამოცხადებისათვის უნდა იყოს შემოღებული ვაჭრობის მოცულობის ის მინიმალური ზღვარი, რომელიც რეალურად ასახავს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკის მდგომარეობას," - განმარტავს ხომიზურაშვილი.

შეგახსენებთ, სებ-ის მიერ წელს გაყიდული დოლარის მოცულობა 720 მილიონს გაუტოლდა.

ეროვნულ ბანკს რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე აქვს გაცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის

ქვეყნის პირველი ბანკირის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე სებ-ი, სავარაუდოდ, $200 მილიონზე მეტ რესურსს გაყიდის.

სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს, როგორც წესი, ლარის კურსის დასასტაბილურებლად ახორციელებს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2988 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3.8586 ლარად არის შესაძლებელი.  ამ მომენტისთვის (07:40 სთ) Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3125 ლარად ივაჭრება.

ცნობისთვის, ეროვნულ ბანკს ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი არათანმიმდევრულ და გაუაზრებელ ქმედებებში სდებს ბრალს. სწორედ მისი არასწორი პოლიტიკის შედეგად თვლიან ლარის გაუფასურებას.

ბრალდებებს ცენტრალურის ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სოციალურ ქსელში უპასუხა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება სულაც არაა.

ქვეყნის პირველი ბანკირი განმარტავს, რომ ლარი მცურავ რეჟიმშია და პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system