თავში

რატომ არ გვყოფნის ქართული წარმოების პროდუქტები

რატომ არ გვყოფნის ქართული წარმოების პროდუქტები
რატომ არ გვყოფნის ქართული წარმოების პროდუქტები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში 2012-2019 წლებში არსებული ტენდენციები შეისწავლა.

ორგანიზაციის მონაცემებით, 2013-2019 წლებში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.5 მლრდ ლარი დაიხარჯა. ამავე პერიოდში სოფლის მეურნეობის საშუალო ზრდის ტემპი 1.5% იყო, რაც ეკონომიკის საშუალო ზრდის მაჩვენებელზე სამჯერ ნაკლებია.

2018 წელს 2012 წელთან შედარებით სოფლის მეურნეობის სექტორის რეალური მოცულობა 220 მლნ ლარით არის გაზრდილი, ხოლო 2013 წელთან შედარებით მხოლოდ 29 მლნ ლარით. ნომინალურ გამოსახულებაში საქართველოს სოფლის მეურნეობაში 2018 წელს 3 მლრდ ლარის პროდუქცია შეიქმნა.

ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილს შემცირების ტენდენცია აქვს. 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 7.8% შეადგინა.

2012 წელთან შედარებით, 2018 წელს ნათესი ფართობები 20%-ით არის შემცირებული. ყველაზე მაღალი შემცირება სიმინდის ნათეს ფართობებშია.

საერთაშორისო მონაცემების ინფორმაციით, შემცირებულია ქვეყანაში პირუტყვის ოდენობაც. 2018 წელს ფერმერულ და საოჯახო მეურნეობებს საქართველოში 8%-ით ნაკლები რაოდენობის პირუტყვი ჰყავდათ, ვიდრე 2012 წელს, თუმცა ორგანიზაციის კვლევა აჩვენებს, რომ პირუტყვის სულადობის შემცირება მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებაზე ცალსახად არ აისახა. ხორცის წარმოებას მზარდი ტენდენცია აქვს. ხორცისგან განსხვავებით შემცირდა რძის წარმოება.

"საერთაშორიოს გამჭირვალობა საქართველოს" მონაცემებით, 2018 წელს, 2012 წელთან შედარებით, 32%-ით არის გაზრდილი შინაური ფრინველის რაოდენობა, თუმცა 2015 წლის შემდეგ ამ მაჩვენებელს კლების ტენდეცია აქვს. 34%-ით გაიზარდა კვერცხის წარმოება და 2018 წელს 635 მლნ ცალს მიაღწია.

2018 წელს საქართველოდან 760 მლნ აშშ დოლარის საკვები პროდუქტების და სასმელების ექსპორტი განხორციელდა, რაც 2012 წლის მაჩვენებელზე 57%-ით მეტია.

"2013-2018 წლებში საკვები პროდუქტების და სასმელების ექსპორტის მატება ძირითადად ღვინის ექსპორტის 132 მლნ დოლარით ზრდამ განაპირობა, საიდანაც 115 მლნ რუსეთზე მოდის. ქართული ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 58%-მდე გაიზარდა, რამაც რუსული ბაზრის, როგორც საქართველოზე პოტენციური ზეწოლის ბერკეტის გავლენა, მნიშვნელოვნად გაზარდა.

ექსპორტისგან განსხვავებით, საკვები პროდუქტების და სასმელების იმპორტი 2012 წელთან შედარებით, 2018 წელს 6%-ით არის შემცირებული. თუმცა, იმპორტი ექსპორტს 260 მლნ დოლარით აღემატება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს რუსულ ხორბალზე დამოკიდებულების მაღალი დონე, რომელიც 2016-2017 წლებში იმპორტის 100%-მდე აღწევდა, 2018 წელს კი 84%-მდე შემცირდა. რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე ასეთი მაღალი დამოკიდებულება გარკვეული საფრთხის შემცველია, რადგან პოლიტიკური მიზეზების გამო რუსეთიდან საქართველოში ხორბლის იმპორტის შეწყვეტა გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში ხორბლის დეფიციტს გამოიწვევს და პურის ფასს გაზრდის.

ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი ღირებულების სურსათი და სასმელი საქართველოდან რუსეთში გადის. კერძოდ, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 244 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, მაშინ როცა 2012 წელს იგი მხოლოდ 3.3 მლნ აშშ დოლარს უტოლდებოდა. 2018 წელს ქართული სურსათისა და სასმელების ექსპორტში რუსეთის წილი 32% იყო.

2018 წელს ქართული სურსათისა და სასმელების ექსპორტის 15% ევროკავშირში გადიოდა და 148 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი მაქსიმუმს - 221 მლნ აშშ დოლარს 2016 წელს აღწევდა.

იმ ფონზე, როდესაც მემცენარეობის და მეცხოველეობის ძირითადი პროდუქტების რაოდენობები შემცირების ტენდეციით ხასიათდება, სურსათისა და სასმელების ექსპორტის ზრდა და იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებამ განაპირობა. ექსპორტში გადამუშავებული პროდუქციის წილმა იმატა, რომლის ღირებულება ნედლი სახით პროდუქციის მიწოდებასთან შედარებით მაღალია.

როგორც მონაცემები აჩვენებს, სახელმწიფო პროგრამები ძირითადად სოციალური შინაარსის უფრო იყო, ვიდრე ამ დარგის ეკონომიკური ეფექტიანობის გაზრდაზე გათვლილი. ბოლო 15 წელიწადში სოფლის მეურნეობის განსავითარებლად არაერთი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა,"  -აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.

რაც შეეხება ხილს,  ორგანიზაციის ცნობით, საქართველოში ხილის მოსავლის 88% 5 სახეობაზე მოდის, ესენია: ყურძენი, ვაშლი, მანდარინი, ატამი და თხილი. გარდა ამისა, ხილის მთლიანი მოსავლის 51% მხოლოდ ყურძენზე მოდის. 2012 წელთან შედარებით, 2018 წელს მანდარინის და თხილის მოსავალი შემცირდა, ხოლო ყურძნის, ვაშლის და ატმის გაიზარდა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევით, 2018 წელს, 2012 წელთან შედარებით, ხორბლის მოსავალი 33%-ით არის გაზრდილი, სიმინდის მოსავალი კი 27%-ით შემცირდა. 2018 წელს საქართველოში მარცვლეულის ჯამური მოსავალი 364 ათასი ტონა იყო, რაც 6 ათასი ტონით ნაკლებია 2012 წლის მაჩვენებელზე. შემცირების ტენდენცია აქვს ძირითადი სახეობების ბოსტნეულის მოსავალს. ზრდა მხოლოდ კიტრის მოყვანაში ფიქსირდება.

"სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა წილი მთლიანი დასაქმების 39%-ია. ამ სექტორში 659 ათასი ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმეტესი ნაწილი საკუთარ მეურნეობაში (მცირე მიწაზე) მუშაობს. ოჯახური მეურნეობის სარგებლობაში საშუალოდ 1.14 ჰექტარი მიწაა. მცირემიწიანობა მსხვილი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარების და მასშტაბის ეფექტით სარგებლობის შესაძლებლობას აფერხებს. სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების სიღარიბის მიზეზი შრომის პროდუქტიულობის დაბალი დონეა. 2018 წელს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა შრომის საშუალო პროდუქტიულობა თვეში 407 ლარი იყო, რაც ქვეყნის ეკონომიკის საშუალო პროდუქტიულობაზე 5-ჯე ნაკლებია. 2018 წელს სახნავ-სათესი, სასათბურე და მრავალწლიანი ნარგავების ფართობის 33% (160 ათასი ჰექტარი) გამოუყენებელი იყო. საქართველოში სულ 788 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაა, საიდანაც 488 ჰექტარია სახნავ-სათესი, სასათბურე და მრავალწლიანი ნარგავებისთვის განკუთვნილი. საქართველოს სოფლის მეურნეობა უცხოური ინვესტორებისთვის მიმზიდველი არ არის. ამასთან ერთად, ინვესტიციების შემოსვლას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გაყიდვის აკრძალვაც უშლის ხელს,"  -აღნიშნულია კვლევში.

კვლევაზე დაყრდონით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ასკვნის, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების სიღარიბის მიზეზი შრომის პროდუქტიულობის დაბალი დონეა. მათივე მტკიცებით, სახელმწიფო პროგრამები ძირითადად სოციალური შინაარსის უფრო იყო, ვიდრე ამ დარგის ეკონომიკური ეფექტიანობის გაზრდაზე გათვლილი.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ქართული სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, ასევე, მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული რუსული ხორბლის იმპორტზე, შესაბამისად, ამ მხრივ აუცილებელია ბაზრების დივერსიფიკაცია, რისკების წინასწარი ანალიზი და პრევენციული ზომების შემუშავება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system