თავში

რატომ არ ისარგებლა ბიზნესის ნაწილმა რეინვესტირებით - Exclusive

რატომ არ ისარგებლა ბიზნესის ნაწილმა რეინვესტირებით
რატომ არ ისარგებლა ბიზნესის ნაწილმა რეინვესტირებით - Exclusive

ესტონური მოდელის მოქმედებით ბიზნესის მიერ რეინვესტირებული თანხის მოცულობა წლიურად 250 მლნ ლარს არ აჭარბებს. ეს ნიშნავს, რომ  კომპანიების ნაწილმა მოგების რეინვესტირებისგან თავი შეიკავა. მთავრობის გათვლით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 400 მლნ ლარი უნდა ყოფილიყო. ოფიციალური სტატისტიკით, 2 წლის განმავლობაში მოგების გადასახადის მოცულობა ბიუჯეტში დაახლოებით 243-245 მლნ ლართ არის შემცირებული. როგორც ეკონომისტები აღნიშნავენ, ეს ის თანხაა, რომელიც ბიუჯეტს რეინვესტირების გამო დააკლდა. 

2016 წლის მდგომარეობით, სანამ ესტონური მოდელი ამოქმედდებოდა  მოგების გადასახადის მოცულობა ბიუჯეტში 1 მლრდ ლარი იყო. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 757 მლნ ლარამდე შემცირდა, ტენდენცია გაგრძელდა 2018 წელსაც და მოგების გადასახადის მოცულობამ 737 მლნ ლარი შეადგინა. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, მოგების გადასახადის შემცირების ერთადერთი მიზეზი მხოლოდ რეინვესტირება შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, 2017 წელს ბიზნესის მიერ ინვესტირებული თანხის რაოდენობამ 243 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო 2018 წელს 245 მლნ ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, მოგების გადასახადთან დაკავშირებით ჯერჯერობით მხოლოდ 2 კვარტლის მონაცემია ცნობილი. კერძოდ, პირველ კვარტალში მან 279.2 მლნ ლარი შეადგინა. შედარებისთვის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 235. მლნ ლარი იყო. 2019 წლის მეორე კვარტალში კი მოგების გადასახადის მოცულობა 190.9 მლნ ლარია, ხოლო წინა წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 29 მლნ ლარით შემცირდა და 342 მლნ შეადგინა. 

სტატისტიკით თუ ვიხელმძღვანელებთ, აშკარაა, რომ ესტონურ მოდელთან დაკავშირებით მთავრობის გეგმა ვერ შესრულდა. ამის მიზეზი, როგორც აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე განმარტავს, ლარის მიმართ უნდობლობაა, რამაც ბიზნესის გადაწყვეტილებაზე იმოქმედა. 

,,საუბარი, რომ ესტონურმა მოდელმა ვერ გაამართლა გადაჭარბებულია. ასე ნამდვილად არ არის საქმე, მაგრამ ფაქტია, რომ დევალვაციამ პროექტზე გარკვეული გავლენა მოახდინა. კერძოდ, ვერ შესრულდა გეგმა. როგორც ჩანს, ბიზნესმა საჭიროდ ჩათვალა, მოგება დღესვე ამოიღოს, ვიდრე ეს თანხა საწარმოში ჩაიდოს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ეროვნული ვალუტა რყევებს განიცდის და ბიზნესისთვის რისკი საკმაოდ დიდია", - აცხადებს სილაგაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system