თავში

რატომ არ შეიძლება შემცირდეს აქციზის გადასახადი

რატომ არ შეიძლება შემცირდეს აქციზის გადასახადი
რატომ არ შეიძლება შემცირდეს აქციზის გადასახადი

ყველა ტიპის ბიზნესი, ვისი საქმიანობაც მეტნაკლებად ლოჯისტიკას უკავშირდება, საწვავის გაძვირებით უკმაყოფილოა. ბიზნესმენების ნაწილი, ასევე დარგის სპეციალისტები გადასახადის გადახედვას ითხოვენ, რასაც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი არ ეთანხმება. ასეთი პოზიციას ამყარებს არგუმენტი, რომ აქციზის გადასახადის კლება დიდ საფრთხეს შეუქმნის ბიუჯეტს და გამოიწვევს შემოსავლების დიდი რაოდენობით შემცირებას, რაც კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს. კერძოდ, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი report.ge-თან ამბობს, რომ აქციზის კლების გადაწყვეტილებით მთავრობას შემოსავლების ძირითადი ნაწილი მოაკლდება, რაც საბოლოოდ სოციალური პროექტების შესრულებას შეუშლის ხელს.

,,ცხადია, ყველას ინტერესშია ლარი მყარი იყოს, მაგრამ რიგი გარემოებების გამო არასახარბიელო მოცემულობაა. საწვავი ძვირდება გლობალურ ბაზრებზეც, რასაც საქართველოში ლარის გაუფასურების ფაქტორიც ემატება. ბიზნესი სერიოზული წნეხის ქვეშ მოექცა და ჯერ არ ჩანს გამოსავალი. ცხადია, არასწორია, ვინმე თუ ფიქრობს, რომ აქციზის გადასახადი შემცირდეს  და ამით ეშველება სიტუაციას. აქციზის შემცირებით სახელმწიფო მნიშვნელოვან შენატანებს დაკარგავს. ეს შემოსავლები თუ შემცირდა, სახელმწიფო ბიუჯეტს სოციალური პროექტები შესრულება გაუჭირდება, ხელფასები, პენსიები როგორ უნდა გაიცეს, ძნელად წარმოსადგენია! ბიუჯეტის შენატანების მხრივ დიდი პრობლემაა და საკითხის ასე დაყენება არასწორად მიმაჩნია", - აცხადებს მთვრალაშვილი.

არა მხოლოდ აქციზის გადასახადთან დაკავშირებით, არამედ ყველა ტიპის გადასახადის შემცირების აუცილებლობას ხედავს აუდიტორი ირაკლი შავიშვილი. როგორც ის report.ge-თანამბობს, ბიზნესისთის ამ ტვირთის შემსუბუქება ფასებზე აისახება და ამ სიკეთით საბოლოოდ მომხმარებელი იხეირებს.

,,ეპიდემიაა და თუნდაც ამ სიტუაციაში მთავრობამ უნდა იფიქროს აქციზის გადასახადის შემცირებაზე, ზოგ პროდუქტტან მიმართებაში, გაუქმებაზეც კი, რადგან ეს ბიზნესისთვის დიდი ტვირთია. აქამდეც უნდა გადაედგათ ასეთი ნაბიჯი, მაგრამ ჩანს, რომ მთავრობა ცვლილებას არ აპირებს. რაც მეტი ფული დარჩება ბიზნესს, ეკონომიკისთვის იქნება უკეთესი. ყველაზე კარგი კი აქციზის გადასახადის ცვლილება იქნება. გარდა იმისა, რომ აქციზის გადასახადი დიდ ტვირთს წარმოადგენს ბიზნესისთვის, მოსახლეობასაც უძვირებს პროდუქციას.კარგი იქნება, თუ მთავრობა ზომებს ამ მიმართულებითაც მიიღებს და აქციზის გადასახადის შემცირებაზე დაფიქრდება", - აცხადებს აუდიტორი ირაკლი შავიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ საწვავზე მაღალი ფასის გამო კერძო სექტორი მთავრობას ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის გადახედვას სთხოვს. წლის დასაწყისიდან დღემდე ბენზინის ტიპის საწვავი 60-65 თეთრით გაძვირდა და ტენდენცია კვლავ მზარდია, როგორც ნავთობიმპორტიორები, ისე ცალკეული კომპანიები ფასების კლების ერთადერთ რესურსად აქციზის განაკვეთის შემცირებას განიხილავენ.

2017 წელს 1 ტონა ბენზინის ტიპის საწვავზე აქციზი - 250 ლარიდან 500 ლარამდე, დიზელის კი 150 ლარიდან 400 ლარამდე გაიზარდა, რაც ნავთობიმპორტიორების თქმით, ერთ ლიტრ საწვავს, დაახლოებით, 20 თეთრით აძვირებს.

აქციზის გადასახადის შემცირებას ითხოვს თხევადი გაზის ასოციაციაც, სადაც ამტკიცებენ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ამ ტიპის საწვავზე აქციზის გადასახადი ბენზინის აქციზის გადასახადთან თითქმის გათანაბრებულია. თხევადი გაზის ასოციაცია გეგმავს, მიმართოს მთავრობას აქციზის გადასახადზე გადახედვის თხოვნით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system