თავში

რატომ არ წყდება ფრენები იტალიიდან საქართველოში - მთავრობის განმარტება

რატომ არ წყდება ფრენები იტალიიდან საქართველოში - მთავრობის განმარტება
რატომ არ წყდება ფრენები იტალიიდან საქართველოში - მთავრობის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ იტალიასთან ფრენების შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები სხვა ქვეყნებიდან დაბრუნდებიან და ეს მათ გაკონტროლებას უფრო გაართულებს. სწორედ ამიტომ ტიკარაძის თქმით, მთავრობა ამ ეტაპზე ფრენების შეჩერებას არ განიხილავს.

"ამ ეტაპზე არ ვაპირებთ იტალიასთან ფრენების შეჩერებას, რადგან იქ იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ მათ შევუქმნით დამატებით პრობლემებს, ხოლო შემდეგ მოუწევთ სხვა გზებით დაბრუნება საქართველოში, რაც ასევე გაართულებს ჩვენთვის საზღვრის მონიტორინგს, ვინაიდან ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილია, თუ საიდან მოდიან ისინი და ვახერხებთ მათ დროულ იზოლაციას. სხვა შემთხვევაში, პაციენტების გაფანტვა მოხდება სხვადასხვა რეისებზე და ისინი წამოვლენ სხვა ქვეყნებიდან, რაც მენეჯმენტს მნიშვნელოვნად გაართულებს, ისედაც მსოფლიოში არსებული კრიტიკული ვითარების გამო“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოსაზრება კიდევ უფრო დააზუსტა მისმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

"რომელიმე ქვეყნიდან მოგზაურობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას არ იძლევა.საქართველო სრულად მიჰყვება ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, ვოპერირებთ ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების ფარგლებში", - აცხადებს გაბუნია და დასძენს, რომ ჩინეთთან და ირანთან შეზღუდვა დაწესდა, რადგან იმ კონკრეტული მომენტისთვის ყველაზე მაღალი რისკი სწორედ ამ ქვეყნებიდან მოდიოდა.

"გავაგრძელებთ ჩამოსვლის ადგილას თერმოსკრინინგს, თვითიზოლაციის შესახებ რეკომენდაციას, მიმდინარე მეთვალყურეობას. არიან მოქალაქეები, რომლებიც რჩებიან კარანტინში. ესენი არიან მოქალაქეები, რომლებიც შემოდიან მაღალი რისკის ქვეყნებიდან. სხვა სამოგზაურო შეზღუდვებზე საუბარი არ გვაქვს. ჩინეთთან და ირანთან შეზღუდვა დაწესდა მხოლოდ იმ მოტივებიდან გამომდინარე, რომ იმ კონკრეტული მომენტისთვის ყველაზე მაღალი რისკი მოდიოდა ჩინეთიდან და ირანიდან. დღეს უკვე ვირუსი ვრცელდება მთელს ევროპაში, ამიტომ იზოლირებულად რომელიმე ქვეყნიდან მოგზაურობის შეზღუდვას მაქსიმალური ეფექტი ვერ ექნება. ინფიცირების შემთხვევები იზრდება როგორც იტალიაში, ისე - საფრანგეთში და ა.შ.“, - განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი იტალიასთან ფრენების შეჩერების მომხრე არ არის. მინისტრის განცხადებით, იტალიასთან, როგორც მაღალი რისკის ქვეყანასთან, ფრენის აკრძალვა რისკს მხოლოდ შეამცირებს, ქვეყანას კი ის ფინანსურად ძვირი დაუჯდება. მაჭავარიანის თქმით, ვირუსის შემოტანის რისკი მაინც დარჩება, რადგან ის, შესაძლოა, სხვა მიმართულებებიდანაც შემოვიდეს.

იტალიასთან ფრენების შეწყვეტის საჭორიებას ვერც ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, ხედავს. 

ცნობისთვის, საქართველოს სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა შეჩერებული აქვს ირანთან და ჩინეთთან. იტალიასთან სახმელეთო მიმოსვლა შეჩერებულია, თუმცა ავიამიმოსვლა ამ დრომდე გრძელდება.

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი იტალიიდან თბილისის მიმართულებით რეისებს ამცირებს, ქუთაისის მიმართულებით კი 1 თვით აჩერებს.

COVID-19-ის გავლენის გამო და სამთავრობო საკუთრებაში არსებული ქართული აეროპორტების მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ შევაჩერეთ არაერთი ფრენა იტალიიდან საქართველოში. კერძოდ მილანი-თბილისის მიმართულებით რეისები შესრულდება 7 მარტამდე, 8 მარტიდან 7 აპრილამდე კი კვირაში 2 რეისამდე შემცირდება. ბოლონიიდან ქუთაისის მიმართულებით რეისები 7 მარტამდე შესულდება, 8 მარტიდან 7 აპრილამდე კი სრულად შეჩერდება. ამ ცვლილებებით დაზარალებულ ყველა მომხმარებელს ინფორმაცია მიეწოდათ და სრულად აუნაზღაურდებათ გადახდილი საფასური. აგრეთვე ჩვენი გვერდიდან შეეძლებათ ფრენის შეცვლა სხვა მიმართულებით და თარიღების მიხედვით, სრულიად უფასოდ“- აღნიშნულია კომპანიის ვებგვერდზე.

შეგახსენებთ,გუშინ საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის უკვე ჯამში 9 შემთხვევაა დადასტურებული. საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალური ვებგვერდის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.

ჩინეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსმა ქვეყანაში 30 ადამიანი იმსხვერპლა. გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 143 ახალი შემთხვევა. სულ კორონავირუსით ჩინეთში 3 043 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რიცხვი კი 60 500-ს აჭარბებს. გამოჯანმრთელდა 53 700-ზე მეტი პაციენტი.

კორონავირუსის შემთხვევები დღეისათვის მსოფლიოს 88 ქვეყანაშია გამოვლენილი. ვირუსმა მსოფლიოში 3385 ადამიანი იმსხვერპლა. აღრიცხულია ინფიცირების 98 400-ზე მეტი შემთხვევა. გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 55 600-ს აღემატება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system