თავში

რატომ არის მიუღებელი ინფლაციის გაანგარიშების მექანიზმი

რატომ არის მიუღებელი ინფლაციის გაანგარიშების მექანიზმი
რატომ არის მიუღებელი ინფლაციის გაანგარიშების მექანიზმი

დეკემბრის ინფლაციის სტატისტიკას საკმაოდ დიდი ხმაური მოჰყვა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი, რაზეც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს თავის მართლებამაც მოუწია. უწყების მიერ გუშინვე გავრცელდა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მათ მიმართ დეზინფორმაციის გავრცელებას აქვს ადგილი. თემა საკმაოდ პოპულარულია ექსპერტული წრეებისთვის, ეკონომისტები თვლიან, რომ ინფლაცია, როგორც მექანიზმი, არასწორად გამოიყენება და მისი მიზანი ციფრებით მანიპულაცია გახდა, რასაც, მათივე შეფასებით, სტატისტიკის სამსახური ყველა მთავრობის დროს ემსახურებოდა. ასეთი მოსაზრებისაა ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი, რომელიც ღიად აცხადებს, რომ საქსტატის მიერ დაფიქსირებულ მონაცემებს არ ენდობა.

სიმონიშვილის შეფასებით, ინფლაციის მიმართ დამოკიდებულება და ხედვა არასწორია, რომელიც სათავეს საბჭოთა პერიოდიდან იღებს და მიდგომა დღემდე უცვლელი დარჩა.

,,ინფლაცია არ არის ის პარამეტრი, როგორსაც მსოფლიო ბანკის სპეციალისტები, ასევე ქართველი სტატისტიკოსები წარმოგვიდგენენ. რასაც ისინი ითვლიან, რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. კერძოდ, სტატისტიკოსები ითვლიან, რა გაძვირდა და რა გაიაფდა. რაც შეეხებ ა ამ ტერმინის არსს, სიტყვასიტყვით ინფლაცია ნიშნავს ,,გაფუებას" ანუ ფულის მეტი რაოდენობის მოჭრას. არის შემთხვევები, როცა მაღალი ინფლაციაა, მაგრამ პროდუქტების მაღალ დონეზე გაძვირებას არ იწვევს. თუმცა გაძვირება  შეიძლება გამოიწვიოს არა ფულის მასის ზრდამ, არამედ ფულადი მასის კონცენტრირებამ კონკრეტული მიმართულებით, რამაც ფასების ცვლილება გამოიწვია. საბოლოოდ ის ვერც ბიზნესს ეხმარება რამეში, ვერც ხელისუფლებას, გარდა იმისა, რომ გვაჩვენონ, თითქოს რაღაც წინსვლა, განვითარებაა. ფუჭი იმედის შექმნას უწყობს ხელს, რაიმე დადებით ეფექტი ამას არ ახლავს. თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს ინფლაცია თუ სხვა ეკონომიკური პარამეტრი, თუნდაც გაუმჯობესებული, ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე არასდროს ასახულა, ციფრებით მანიპულაციაა, ამას აკეთებდნენ საბჭოთა კავშირის დროს და არც ახლა შეცვლილა მიდგომა. მიმაჩნია, რომ დღეს სხვა მეთოდით უნდა მუშაობდნენ, მაგრამ მთავრობა სილამაზის შელამაზებას ცდილობს, რაშიც საქსტატს იყენებს. ჩემი პოზიცია უცვლელია - ოფიციალურ სტატისტიკას აქამდეც ეჭვით ვუყურებდი და ვერც ახლა ვენდობი", - აცხადებს სოსო სიმონიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1.0 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 4.9 პროცენტით განისაზღვრა.

,,ლელო საქართველოსთვის" ერთ ერთი ლიდერი გიგლა მიქაუტაძე გამოეხმაურა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ინფლაციასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ფასების საყოველთაო მატების ფონზე საქსტატი ამტკიცებს, რომ 2020 წელს წლიურმა ინფლაციამ მხოლოდ 2.4% შეადგინა, რითაც ამახინჯებს რეალობას და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

საქსტატი ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ გასული დღეების განმავლობაში, საქსტატის მიმართ, ზოგიერთი პირის მხრიდან ისმის არაკვალიფიციური და უსაფუძვლო კრიტიკა, 2020 წლის დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებელთან დაკავშირებით, რითაც ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას და დეზინფორმაციის გავრცელებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system