თავში

რატომ და როგორ "ცურავს" ლარი

რატომ და როგორ "ცურავს" ლარი
რატომ და როგორ ცურავს ლარი

"საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რომელიც ერთგვარ “ბუფერის“ ფუნქციას ასრულებს და არბილებს ქვეყნის ეკონომიკაზე საგარეო შოკების გადმოცემას. შესაბამისად, მოკლევადიან პერიოდში მცურავი გაცვლითი კურსი მერყეობებით ხასიათდება, თუმცა აღნიშნული მერყეობა სხვა სავალუტო რეჟიმებთან შედარებით ხელს უწყობს მაკროეკონომიკურ სტაბულურობას და ამცირებს შოკის გავლენას ეკონომიკურ აქტივობაზე," - ასე ხსნის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი ლარის მცურავი კურსის ეფექტს ეკონომიკაზე.  რაც შეეხება, გაცვლითი კურსის ფორმირებას, ორგანიზაციის განმარტებით, ის მოთხოვნა-მიწოდებით და ბაზარზე არსებული მდგომარეობით ყალიბდება.

"ლარის კურსის მერყეობაზე როდესაც ვსაუბრობთ მართებულია ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამოყენება, რომელიც საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით ლარის მსყიდველუნარიანობით განისაზღვრება. თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ საქართველოს ეკონომიკა, ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაციით ხასიათდება, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით, შესაბამისად, ამ პოსტში მოკლედ განვიხილავთ ლარი-აშშ დოლარის გაცვლითი კურსის მერყეობის მიზეზებს: 

1. გაზრდილია ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებიდან წნეხი ეროვნულ ვალუტაზე, კერძოდ შემცირებულია ეკონომიკური აქტივობა. იანვარ-თებერვალში ეკონომიკა 8.3 პროცენტით შემცირდა. 2021 წლის იანვარ-მარტში სავალუტო შემოდინებები (საგადასახდელო ბალანსი) შემცირებულია 200 მლნ. აშშ. დოლარზე მეტად.

2. გაზრდილია უარყოფითი მოლოდინები - ხშირად მოლოდინები საგრეო შოკთან მიმართებით წინ უსწრებს შოკის მატერიალიზაციას და შესაბამისად, აძლიერებს და ახანგრძლივებს წნეხს ეროვნულ ვალუტაზე.

3. პოლიტიკური გაურკვევლობა/სამთავრობო ცვლილებები ნეგატიურად აისახება ფინანსურ ბაზრებზე და მოლოდინების არხით გავლენას ახდენს კურსზე," - განმარტავენ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი. 

მათივე მტკიცებით, მიუხედავად იმ ფაქტისა რომ, მეზობელი ქვეყნების ეკონომიკებთან შედარებით საქართველოს დამოკიდებულება ტურიზმის სექტორზე ყველაზე მაღალია, ბოლო 1 წლის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით - 7.5 პროცენტით გაუფასურდა, სომხური დრამი - 8.6 პროცენტით, თურქული ლირა - 20.6 პროცენტით, ხოლო რუსული რუბლი - 1 პროცენტით.

"გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორები, მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში განსხვავებულია. გრძელვადიან პერიოდში - გაცვლით კურსს პროდუქტიულობის ზრდა და სტრუქტურული ფაქტორები, საშუალოვადიან პერიოდში - სავალუტო შემოდინებები, ეკონომიკური აქტივობა და ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, ხოლო მოკლევადიან პერიოდში - ძირითადად მოლოდინები და მიმდინარე ტრანზაქციებისთვის უცხოური ვალუტის საჭიროება განსაზღვრავს," - განმარტავენ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტები.

ლარის მცურავ კურსს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც (სსფ-ი) იწონებს. 

წელს რეგიოინში ყველაზე უფრო ლარი და ლირა გაუფასურდა. ინვესტიციების მოზიდვის უმთავრეს პრობლემად ლარის გაცვლითი კურსი სახელდება. ზოგადად, ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა ლარის არამყარი კურსია, ხოლო მთავრობას ლარის კურსთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს., ანალიტიკოსები კი ლარის გაუფასურებას წელსაც ელიან.

ეროვნულ ბანკს რეზერვების ხელმომჭირნე ხარჯვისთვის აკრიტიკებენ.

ლარის გასამყარებლად მთავრობას პრივატიზაციის იმედი აქვს.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, "ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და ეროვნულ ბანკთან სრულ კოორდინაციაშია". მინისტრის მტკიცებით, ერთადერთი, რაც ლარის კურსს შემდგომი რყევებისგან დააზღვევს, ეკონომიკის სწრაფი აღდგენაა.

ეროვნული ბანკი (სებ) სავალუტო ინტერვენციებს 2021 წელსაც გააგრძელებს.

სებ-ი ინარჩუნებს ლარის მცურავი კურსის პოლიტიკას.

ჯერ კიდევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყნის პირველი ბანკირი განმარტავდა, რომ ლარი მცურავ რეჟიმშია და პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

კობა გვენეტაძე ამბობს, რომ საქართველოს, როგორც მცირე და ღია ეკონომიკას, სურს აქტიური მონეტარული პოლიტიკა და ამისთვის ინფლაციის თარგეთირება საუკეთესო გამოსავალია. მისივე თქმით, ქვეყანაში კაპიტალის თავისუფალი მობილობისთვის კი მცურავი გაცვლითი კურსი ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია.

სებ-ი სავალუტო ინტერვენციების უმთავრესი მიზანი, როგორც წესი, ლარის კურსის დასტაბილურებაა. სპეციალისტების განმარტებით, ლარს პრობლემას უქმნის ქვეყანაში დოლარის შემოდინების კლება. დოლარი კი ძირითადად შემოდის ექსპორტით, ტურიზმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით და ფულადი გზვნილებით. წლების მანძილზე საქართველოს მთავარი ლოკომოტივი ტურიზმი იყო. ტურიზმი კი პანდემიის შედეგად წელს ზარალზეა. უმნიშვნელო მატებაა ექსპორტის და ფულადი გზავნილების მაჩვენებლებში, რაც ტურიზმის კლებას ვერ აბალანსებს. გარდა ამისა, ქვეყანაში კვლავ მაღალია უარყოფითიო სავაჭრო ბალანსი, ანუ მეტ იმპორტს ვყიდულობთ (გადის დოლარი ქვეყნიდან), ვიდრე ექსპორტს ვყიდით (შემოდის დოლარი ქვეყანაში), თითქმის ნულს უტოლდება პირდაპირი უცხოური ინვეტიციები, რაც ჯამში ლარზე დაწოლას აძლიერებს. ქვეყანაში ჩნდება ჭარბი ლარი, დეფიციტურია დოლარი, რაც საბოლოოდ ლარს აუფასურებს.

შეგახსენებთ, ეროვნულ ბანკს რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე აქვს გაცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის.

ცნობისთვის, ეროვნულ ბანკს ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი არათანმიმდევრულ და გაუაზრებელ ქმედებებში სდებს ბრალს. სწორედ მისი არასწორი პოლიტიკის შედეგად თვლიან ლარის გაუფასურებას.

ბრალდებებს ცენტრალურის ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სოციალურ ქსელში უპასუხა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი მხოლოდ ლარის გამყარება ან გაუფასურება სულაც არაა.

1 ოქტომბრიდან ეროვნული ბანკი ლარის კურსს ახლებურად ადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, ამოქმედდა სავალუტო ვაჭრობის ახალი მექანიზმი ბლუმბერგის Bmatch პლატფორმა, სადაც პირველ ეტაპზე ხდება ბანკთაშორისი ვაჭრობები, ხოლო მალევე მოხდება არასაბანკო კერძო სუბიექტების ჩართვაც, რაც, სებ-ის განმარტებით, საშუალებას მისცემს მათ პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ სავალუტო რესურსებთან. სებ-ის მტკიცებით, ეს პლატფორმა ბაზარს გახდის უფრო დივერსიფიცირებულს, კონკურენტუნარიანსა და ლიკვიდურს, თუმცა სპეციალისტებს ამ პლატფორმის მიმართ პრეტენზიები აქვთ.

იმისთვის, რომ გაიგოთ ყველაფერი ლარის გაუფასურების მიზეზებზე, შედეგებსა და პროგნოზებზე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system