თავში

რატომ "დაუთმო" მთავრობამ "ფრონტერას" - პრემიერის განმარტება

რატომ "დაუთმო" მთავრობამ "ფრონტერას" - პრემიერის განმარტება
რატომ დაუთმო მთავრობამ ფრონტერას  - პრემიერის განმარტება

"დღეს ჩვენთვის ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, ქვეყნის ბიზნესგარემო არის უაღრესად მნიშვნელოვანი და არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით ეს საინვესტიციო გარემო და ქვეყნის ბიზნესკლიმატი დააყენონ კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ფრონტერას“ საქმეზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

პრემიერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ფრონტერასთან“ მიმართებაში საქართველომ საარბიტრაჟო დავა მოიგო. მთავრობის მეთაურის განმარტებით, საქართველომ, მთავრობამ, ამ საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტილების შედეგად, აქტივის, იმ ტერიტორიის 99 %, დაიბრუნა. 

"ერთი პროცენტი, რომელზეც სამართლებრივად, ფორმალური იურიდიული დავით შეეძლო საქართველოს, რომ დაეწყო დაბრუნების პროცესი, ამ პროცესის დაწყებაზე თქვა უარი. არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა სტრატეგიული პარტნიორობა აქაც რაღაც ტარგეტირებული მიზნისთვის გამოიყენონ და კიდევ ერთი საკითხი - რა თქმა უნდა, იქ არიან ქართველი ადამიანები დასაქმებული, რომლებიც ამ კომპანიაში მუშაობდნენ და ამ ადამიანების ინტერესიც უნდა იქნას დაცული,“- განაცხადა გიორგი გახარიამ და დასძინა, რომ არავის მიეცეს შესაძლებლობა სტრატეგიული პარტნიორობა ტარგეტირებული მიზნებისთვის გამოიყენონ.

შეგახსენებთ, დღეს "ფრონტერამ" მთავრობა დეზინფორმაციის გავრცელებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. 

"არასდროს არსებულა ჩვენი ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების არანაირი სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს მთავრობის მუდმივი ცილისწამება არასწორია და მიზანმიმართულ შევიწროებას წარმოადგენს. ის მიმართულია შეცდომაში შეყვანისკენ და დიდსულოვნებისა და კეთილმოსურნეობის შთაბეჭდილების შექნისკენ, როდესაც, ფაქტობრივად, ეს არის არაგულწრფელი ქცევის გაგრძელება, რომლის მიზანი აშშ-დან პირდაპირ უცხოური ინვესტიციების შემოსვლისთვის ეშმაკურად ხელის შეშლაა. მიმდინარე წლის აპრილიდან ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ საქართველოს მთავრობასთან შეხვედრა. ყველა ეს მოთხოვნა უარყოფილი ან უგულებელყოფილი იქნა. ახლა, მაღალი თანამდებობის პირები ჩვენს კომპანიასთან კონსტრუქციული შეხვედრის ყოველგვარი მცდელობის გარეშე საჯარო განცხადებას აკეთებენ," - განაცხადა დღეს კომპანიის მენეჯმენტმა.

მთავრობის განხადებას ხელშეკრულების გაგრძელებაზე "ფრონტერას" დირექტორი ზაზა მამულაიშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის კანონპროექტს უკავშირებს. კომიტეტმა საქართველოს დახმარების გამოყოფისთვის პირობა წაუყენა ესაა: დემოკრატიული განვითარება, კორუფციასთან ბრძოლა, უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა და სხვა . მამულაიშვილის თქმით, ეკონომიკის მინისტრის მხრიდან ასეთი ცილისმწამებლური განცხადებების ფონზე, რთულია იმის თქმა, თუ როგორ შეძლებს კომპანია ეფექტურად საქმიანობის გაგრძელებას.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობას ჰქონდა საფუძველი, კომპანია „ფრონტერასთან“ ხელშეკრულება სრულად მოეშალა, თუმცა, მიუხედავად ამისა, კომპანიას საქართველოში 1%-ის ფარგლებში სამუშაოების გაგრძელების უფლება დაუტოვა.

მთავრობის გადაწყვეტილება ექსპერტულ წრეებში არაერთგვაროვნად შეფასდა. ნაწილი ხელისუფლებას ზედმეტად დათმობაში სდებს ბრალს.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ "ფრონტერამ" სალიცენციო ფართობის 99% დააბრუნა. ნათია თურნავამ მაშინ გააჟღერა მთავრობის მზაობა Frontera ნავთობისა და გაზის მოპოვების სექტორში ერთ-ერთ ინვესტორად შეინარჩუნოს, რისთვისაც კომპანია მოლაპარაკებათა მაგიდასთან მიიწვევია, თუმცა თურნავას საპასუხოდ "ფრონტერაში" განაცხადეს, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებას არ აპირებდა.

მანამდე "ფრონტერამ" მთავრობა სიცრუეში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს უსასრულო მუქარა იმაზე, რომ 27 ივლისს თვითნებურად გააუქმებს კონტრაქტს, რადგან ხელშეკრულების გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.

ცოტა ხნით კიდევ უფრო ადრე კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა მზადაა, გამოინახოს იმგვარი კომპრომისი,რომ შესაძლებელი იყოს კომპანია „ფრონტერას“ მიერ არსებულ საბადოებზე გარკვეული პირობებით მუშაობის გაგრძელება, მისი მხრიდან, შესაბამისი გარანტიის მიღებით.

ცნობისთვის, ამერიკულ ნავთობმომპოვებელ კომპანია „ფრონტერა“ საქართველოში 1997 წლის შემდეგ დედოფლისწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მუშაობს. მიმდინარე წლის 29 აპრილს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაავრცელა საჯარო განცხადება "ფრონტერასთან" დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რომლის თანახმადაც მთელ საკონტრაქტო ფართობთან მიმართებაში, კონტრაქტი მიმდინარე წლის 27 ივლისს ავტომატურად შეწყდება.

შეგახსენებთ, კორპორაციამ და სააგენტომ „ფრონტერას“ წინააღმდეგ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო საარბიტრაჟო განხილვა 2018 წლის 15 ნოემბერს დაიწყეს. სასამართლომ დაადგინა, რომ „ფრონტერამ“ კონტრაქტი არსებითად დაარღვია და კომპანიას მოსარჩელეებისთვის ხარჯებისა და ზარალის ანაზღაურება დააკისრა, რაც ჯამში $6 მილიონს შეადგენს.

30 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობამ "ფრონტერას" ხელშეკრულება შეუწყვიტა. 4 მაისს კი „ფრონტერამ” ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ „ფრონტერასთან” დადებული ხელშეკრულების შეწყვეტაზე გავრცელებულ განცხადებას უპასუხა. კომპანიამ განაცხადა, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება არ გულისხმობს „ფრონტერას“ კონტრაქტის შეწყვეტას და ინფორმაციას საქართველოს მთავრობა კომპანიისთვის ზიანის მიყენებისა და დისკრედიტაციის მიზნით ავრცელებს.

"ფრიონტერას" ბრალდების საპასუხოდ, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ ნავთობკომპანია საარბიტრაჟო განხილვის შედეგებს განზრახ ამახინჯებს და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჯაროვებაზე უარს ამბობს.

თავად ამერიკული ნავთობკომპანია "ფრონტერა" ოცნების ხელისუფლებას შევიწროებაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ ქვეყანაში 2013 წლიდან მზარდია ანტიამერიკული განწყობები.

"ფრონტერას" საქმეზე განმარტება გააკეთა პრემიერმა გახარიამაც, ხოლო ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანიას საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჯაროებისკენ მოუწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system