თავში

რატომ გააქტიურდა სებ-ი სავალუტო ბაზარზე

რატომ გააქტიურდა სებ-ი სავალუტო ბაზარზე
რატომ გააქტიურდა სებ-ი სავალუტო ბაზარზე

"ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს უფრო აქტიურად მიმართავს, რადგანაც სიტუაცია რეგიონშიც და საქართველოშიც არაორდინალურია“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

სებ-ის პრეზიდენტის განმარტებით, სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებით გააქტიურება მოუწია იმისთვის, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის არსებული დისბალანსი შეავსებს.

„წელს კერძო სექტორში გვაქვს საგარეო უარყოფითი სალდო, მაგრამ ამავდროულად სახელმწიფოს დადებითი სალდო აქვს და ეს ადვილი ასახსნელია, რადგან ეკონომიკა პანდემიის გამო არის რეცესიაში და ის ვერ აგენერირებს სავალუტო ნაკადების შემოსვლას; მეორე მხრივ ხელისუფლებამ და ეკონომიკურმა გუნდმა მოიზიდა საკმაოდ დიდი დაფინანსება და დახმარება, რომლის დიდი ნაწილი შემოდის ზუსტად სახელმწიფო სექტორიდან, ბიუჯეტიდან იქიდან ხდება დახარჯვა. მაგრამ უცხოური ვალუტი სრული მოცულობა ვერ ხვდება სავალუტო ბაზარზე. ისინი ხვდება ეროვნული ბანკის რეზერვებში: ეს არის სხვადასხვა გრანტები, ფინანსური ინსტიტუტებიდან მიღებული სესხები... და ამ კუთხით ეროვნულ ბანკს განსაკუთრებული როლი ენიჭება. იმ საგარეო ფინანსური მხარდაჭერის მიწოდებას სავალუტო ბაზრისთვის ეროვნული ბანკი ახორციელებს. დიდ სურათს რომ შევხედოთ კერძო სექტორს აქვს სავალუტო შემოდინებების უარყოფითი ბალანსი, სახელმწიფოს აქვს დადებითი და იმისთვის, რომ ამის დაბალანსება მოხდეს, ამას ვაკეთებთ ახლა ჩვენ“, - განმარტა კობა გვენეტაძე.

ქვეყნის პირველმა ბანკირმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყანაში შემქნილ მდგომარეობასთან პარალელები გაავლო.

„ამის ანალოგია გვქონდა 2009 წელს, მაშინაც სახელმწიფომ რუსეთთან ომის შემდეგ საკმაოდ დიდი დახმარება და უცხოური შემოდინებები მიიღო, რომელიც შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ბაზარზს ინტერვენციების საშუალებით მიაწოდა. ჩემი ინფორმაციით, ბიუჯეტისი გაზრდილი დეფიციტი ფინანსდებოდა საგარეო ვალდებულებების აღებით. 2009-2010 წლებში ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით 400 მლნ დოლარი მიაწოდა სავალუტო ბაზარს ინტერვენციების სახით. მაშინდელი ბაზრისთვის ეს საკმაოდ დიდი თანხა იყო. დღეს სავალუტო ბაზარიც და ბიუჯეტის მიღებული დახმარებაც გაცილებით დიდია და ამიტომ ინტერვენციებსაც უფრო მეტს ვახორციელებთ. ეს არის ახსნა იმ მიდგომის, რაც დღეს გვაქვს და არა რაიმე კონცეპტუალური ცვლილება ამ მიმართულებით. ჩვენ შევხედავთ რამდენი ხანი გაგრძელდება ეს სიტუაცია და ჩვენი ნაბიჯები როგორც მონეტარული პოლიტიკის, ისე ფინანსურის სისტემის რეგულირებასთან დაკავშირებით, იქნება იმ დროის და სიტუაციის შესაბამისი, რომელიც ჩვენ გვექნება ეკონომიკაში“, - ამბობს გვენეტაძე.

2020 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მოცულობა 149.2 მლნ ლარით (3.0 პროცენტით) შემცირდა და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 4.8 მლრდ ლარი შეადგინა. საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით, მონეტარული ბაზა 95.4 მლნ ლარით (2.0 პროცენტით) გაიზარდა. პერიოდის ბოლოსათვის სარეზერვო ფულის წლიური ზრდის ტემპი 13.8 პროცენტს გაუტოლდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის(სებ-ის) ივნისის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული. დოკუმეტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციებით გაყიდა 55.7 მლნ აშშ დოლარი. შიდასამთავრობო კონვერტაციებით, საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა ივნისში 52.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 108.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

ბოლო ინტერვენცია სებ-მა მიმდინარე წლის 24 ივლისს განახორციელა, როცა სავალუტო ბაზარს  40 000 000 აშშ დოლარი მიაწოდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0585 შეადგინა. ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე რიგით მეცხრე სავალუტო ინტერვენცია იყო. ცენტრალურმა ბანკმა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან 240 მილიონი დოლარი გაყიდა.

სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს, როგორც წესი, ლარის კურსის დასასტაბილურებლად ახორციელებს.

როვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3. 0739 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3. 6398 ლარად არის შესაძლებელი.

ამ მომენტისთვის(17:55 სთ) Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.0720 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system