თავში

რატომ გაუუქმეს ლიცენზია "ველსის"

რატომ გაუუქმეს ლიცენზია "ველსის"
რატომ გაუუქმეს ლიცენზია ველსის

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს "საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსის" (ს/ნ: 406239565) საქმიანობის შესწავლის შედეგად ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებების არაერთი დარღვევა გამოავლინა, რის საფუძველზეც, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 18 თებერვლის N 12 განკარგულებით, კომპანიას გაუუქმდა საბროკერო საქმიანობის ლიცენზია. 

სებ-ში განმარტავენ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 18 თებერვლის N12 განკარგულება და ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები საჯაროა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ შემდეგ მისამართზე: https://matsne.gov.ge/document/view/5105766?publication=0.

ეროვნული ბანკის განმარტებით, საბროკერო კომპანიის ლიცენზიის გაუქმება გულისხმობს, რომ ზემოაღნიშნულ კომპანიას აღარ აქვს უფლება განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საბროკერო საქმიანობა; საბროკერო მომსახურებების ჩამონათვალი განსაზღვრულია "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლით. აღსანიშნავია, რომ საბროკერო მომსახურებები, სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს კლიენტებისათვის ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით საინვესტიციო კონსულტაციის, რჩევებისა და რეკომენდაციის გაწევას, კლიენტების სახსრების მართვას; უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმის ორგანიზებას და ა.შ.

როგორც სებ-ში განმარტავენ, ნებისმიერი ამ მომსახურების განხორციელება (რა სახელწოდებასაც არ უნდა ატარებდეს იგი), შესაბამისი ლიცენზიის გარეშე და კანონმდებლობის გვერდის ავლით, წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას და განსაკუთრებით მაღალი რისკის მატარებელია როგორც კლიენტებისათვის, ისე ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და საფინანსო სექტორის სიჯანსაღისა და მთლიანად საზოგადოებისათვის. საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ მსგავს კომპანიებთან მიმართებით და ისარგებლონ მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიების სერვისებით.

საბროკერო კომპანია "ველსის" ეროვნულმა ბანკმა ლიცენზია შეუჩერა, რასაც კომპანია უკანონობად მიიჩნევს და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობაა. აღნიშნულის ფარგლებში, ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ფინანსური სექტორის გამჭვირვალობას და ინვესტორთა და ფიზიკური პირების უფლებების დაცვას. ამ ამოცანის უზრუნველსაყოფად, იგი ახორციელებს საფინანსო სექტორის მონაწილეთა ზედამხედველობას, მათი საქმიანობის შეფასებასა და შემოწმებას. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გამოიყენოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზომებ,  დაწყებული წერილობითი ინსტრუქციებიდან, გაფრთხილებებიდან და შეზღუდვებიდან, დასრულებული კომპანიის ლიცენზიის გაუქმებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system