თავში

რატომ შემცირდა ეკონომიკა 2021 წლის იანვარში

რატომ შემცირდა ეკონომიკა 2021 წლის იანვარში
რატომ შემცირდა ეკონომიკა 2021 წლის იანვარში

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 11.5% შეადგინა. ეკონომიკური ვარდნის მიზეზები სპეციალური ბრიფინგზე  საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განმარტა.

"მშენებლობის სექტორში კვლავ კლების ტენდენცია შეინიშნებოდა სამოქალაქო და სპეციალიზირებული შენობა-ნაგებობების მიმართულებით. ასევე, ელექტროტექნიკური და სამონტაჟო სამუშაოების მიმართულებით. დაახლოებით, 18%-ით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტი და, დაახლოებით, 26%-ით შემცირდა ცემენტის იმპორტის მოცულობა.

ტრანსპორტის დარგში კლების ძირითადი მიზეზი საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების შემცირებას უკავშირდება, ასევე ტვირთების მომსახურების მოცულობის შემცირებას და მგზავრთა რაოდენობის შემცირებას.

სასტუმროების და რესტორნების ჯგუფში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შემცირებასთან და ამ სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის შეზღუდული სახით ფუნქციონირებასთან. მოგეხსენებათ, არსებული ვითარების გამო შეიზღუდა სასტუმროების და რესტორნების საქმიანობა. ისინი ძირითადად მზა საკვების გატანის სერვისზე იყვნენ ორიენტირებული. დაახლოებით, 94%-ით შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა.
დამამუშავებელი მრეწველობის დარგში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო სასმელების წარმოების, ასევე სამშენებლო მასალების და ქიმიური მრეწველობის მიმართულებით. აქვე, აღსანიშნავია, რომ იანვარში თითქმის განახევრებულია აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებელი.
ხელოვნების გართობის და დასვენების სექტორში კლების გამომწვევ მიზეზად გვევლინება როგორც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების, ისე დასვენების, გართობის, სპორტის და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებით დაკავებული კომპანიების შემოსავლების შემცირება.
უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორში კლება დაკავშირებული იყო საცხოვრებელი სახლებისა და შენობების ყიდვა/გაყიდვისა და იჯარით გაცემით დაკავებული კომპანიების ბრუნვის შემცირებასთან,"  - განაცხადა საქსტატის დირექტორმა.

რაც შეეხება ზრდას ცალკეულ დარგებში, გოგიტა თოდრაძის განმარტებით, ზრდა ფიქსირდება ფინანსურ სექტორში.  მისიშეფასებით, საფინანსო საქმიანობის სექტორში ზრდის გამოწვევი მიზეზი კომერციულ ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდაა, რაც დაკავშირებული იყო ფიზიკურ პირებზე გაცემული გრძელვადიანი სესხების მოცულობის ზრდასთან.

ზრდაა ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორშიც, რაც გოგიტა თიდრაძემ საინფორმაციო და საკომუნიკაციო საქმიანობით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მატებით ახსნა.

2020 წელს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა. 2021 წლის ბიუჯეტი საქართველოს ეკონომიკის 4.3%-იან ზრდაზეა დაგეგმილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system