თავში

რატომ შემცირდა საპროცენტო განაკვეთები

რატომ შემცირდა საპროცენტო განაკვეთები
რატომ შემცირდა საპროცენტო განაკვეთები

კომერციულ ბანკებში საპროცენტო განაკვეთების შემცირებას სპეციალისტები გადახდისუნარიანობის კლებას უკავშირებენ. ,,ევროპული უნივერსისტეტის" პრორექტორი, პროფესორი გოჩა თუთბერიძე აღნიშნავს, რომ covid-19-ის გამო შექმნილმა მდგომარეობამ და სესხებზე მოთხოვნის კლებამ ბანკებს სერიოზული პრობლემა შეუქმნა. მისი თქმით, არ არის გამორიცხული საპროცენტო განაკვეთების შემცირება, მოთხოვნა დაასტიმულიროს.

,,ეკონომიკა ჯერ კიდევ პანდემიის გავლენის ქვეშ იმყოფება. ბიზნესი კრიზისს ვერ უმკლავდება, კოტრდებიან კომპანიები და ასეთ დროს კომერციულ ბანკებს რისკები ეზრდებათ. ისინი განიცდიან დანაკარგებს და გარკვეული ზომების მიღებას ცდილობენ რისკების შესამცირებლად. ამ სიტუაციაში ერთ-ერთი გამოსავალი საპროცენტო განაკვეთების კლებაა. ბანკებს პირიქით რომ მიეღოთ გადაწყვეტილება და სესხები გაეძვირათ, დანაკარგებისგან მეტნაკლებად დაცული იქნებოდნენ, მაგრამ ასეთი მიდგომით ეკონომიკა ვერ გაჯანსაღდება. ახლა მათთვისაც მთავარია, რაღაც დონეზე მაინც გაჩნდეს მოთხოვნა სესხებზე და მათ ხელში არსებულმა კაპიტალმა ამ მნიშვნელოვან რისკებს გაუძლოს", - აცხადებს გოჩა თუთბერიძე.

სესხებთან დაკავშირებით რისკებზე საუბრობს საბანკო სფეროს ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი.  როგორც ის report.ge-თან ამბობს, ტენდენცია თუ არ შეიცვალა და სესხებზე მოთხოვნა არ გაჩნდება, სამომავლოდ ბანკების მოგება შეიძლება შემცირდეს. 

,,კომერციულ ბანკებს ყველაზე დიდი რისკს უქმნის გაცემული სესხების დაუფარაობაა. როგორც მცირე და საშუალო ბიზნესთან დაკავშირებით გაირკვა, მათი 30% გაკოტრდა, ცხადია, კომპანიების ეს ნაწილი საბანკო ვალდებულებებს ვერ შეასრულებს. ასეთი ბევრი ფიზიკური და იურიდიული პირია, რომელიც ეპიდემიის გამო დაზარალდა და დაკარგა შემოსავალი. შესაბამისად, ფულის უკან დაბრუნება ბიზნესის ნაწილს სერიოზულად გაუჭირდება. ამ სიტუაციაში ბანკები ცდილობენ შეამცირონ საპროცენტო განაკვეთები, რაც სესხებს დაასტიმულირებს. საბოლოოდ ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად სწრაფად დაიწყებს ეკონომიკა აღორძინებას", - აცხადებს თოქმაზიშვილი.

ცნობისთვის, ქართულ ბანკებში სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი შემცირდა. ამის შესახებ ირკვევა კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლებიდან, რომლის მიხედვით, 2021 წლის მარტის მდგომარეობით, საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა სესხებზე 12.2% შეადგინა, რაც, წინა თვესთან შედარებით, 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system