თავში

რატომ უჭირთ მიწის დამუშავება გლეხებს

რატომ უჭირთ მიწის დამუშავება გლეხებს
რატომ უჭირთ მიწის დამუშავება გლეხებს

აგრო ექსპერტი, პროფესორი პაატა აროშიძე აცხადებს, რომ ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გამარტივება ფერმერებს მოსავლიანობის გაზრდის შესაძლებლობას მისცემს და შრომაც გაუადვილდებათ. 

მისივე თქმით,,მიწის დამუშავების პროცესს საგრძნობლად აფერხებდა ტექნიკის დეფიციტი. ამიერიდან, როგორც ექსპერტი განმარტავს, მთავრობის მხარდამჭერი ღონისძიებებით,  მეტი საშუალება იქნება იმისთვისაც, რომ მიწა მთიან ტერიტორიაზე, ძნელად მისაწვდომ ადგილებშიც დამუშავდეს. 

როგორც მან report.ge-თან აღნიშნა, საჭიროებები სწორად აქვთ გათვლილი ფერმერებსაც, რომლებიც მთავრობისგან სწორედ ტექნიკური აღჭურვილობის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

,,სოფლის მეურნეობის პროგრამა გულისხმობს, რომ სექტორში ტექნიკური აღჭურვილობის საკითხი ერთხელ და საბოლოოდ გადაწყდეს. მთავარია, რომ ფერმერიც სწორედ ამას ითხოვს, რაც მიუთითებს, რომ გლეხები ამ შესაძლებლობის გამოყენებისთვის მზად არიან. შესაბამისად, ცდილობენ სახელმწიფოს დახმარება დააბანდონ არა სხვა მიმართულებით, არამედ სწორედ სამეურნეო საქმიანობის განვითარებას მოახმარონ. ყველაზე მეტად გლეხებს შესაწამლი აპარატურისა და  სახნავი საშუალებების დეფიციტი აქვთ. თუკი ამ ტექნიკაზე წვდომა გაუმარტივდებათ, ცხადია, საბოლოოდ გარკვეული შემოსავლის მიღება და წარმოების ზრდა გახდება შესაძლებელი. ეს არის ამ პროგრამის დიდი ბენეფიტი, რადგან ძირითადი საშუალებების მიწოდება ამ სახით ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე უშუალოდ  ფულადი დაფინანსება და თანხის გაცემა ფერმერებზე. შეიძლება სხვადასხვა ფერმერულ გაერთიანებებს მიეცეს უპირატესობა, რაც დარგში კრიზისულ სიტუაციას მეტნაკლებად გამოასწორებს. ჩვენი პრობლემა ძირითადად დაბალი მოსავლიანობაა, რაც სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული. ერთ-ერთი ის ფაქტორია, რომ მთიან ნაწილებში, მიწები ძნელად მისადგომია, მაგრამ ტექნიკა თუ ექნება, გლეხი შეძლებს ამ მიწის დამუშავებას და მეტ მოსავალს მიიღებს", - ამბობს აროშიძე.

სწორედ ტექნიკის დეფიციტი გახდა მიზეზი, რის გამოც გურულ გლეხებს მიწების დამუშავება წელს დაუგვიანდათ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შრომაში მცხოვრებმა დავით ბოლქვაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ხალხი ტექნიკის მისაღებად რიგში თითქმის 3 კვირა თვე იდგა რიგში.

,,ტექნიკის დეფიციტი მუდმივად იყო პრობლემა, ამიტომაა, რომ შარშან გურიის მიწების 80% დაუმუშავებელი დარჩა. ახლა ხალხი შეშინებულია და ყველა გაისარჯა, რომ თუნდაც საკარმიდამო ნაკვეთებისთვის მიეხედა. სათესლე მასალას როგორმე იყიდის ხალხი, მაგრამ ტექნიკა თუ არ ექნება,  ხვნა-თესვას ვერ შეძლებს. 18 დღე ვიდექი რიგში, რომ ტექნიკას ჩემამდე მოეღწია და მიწა დამეხნა, ახლა მეტი მოტივაცია და ტექნიკური მხარდაჭერაც არის, რომ ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა გაგვიმარტივდეს, ხალხიც უფრო მეტად არის აგრარულ პროექტებში ჩართული, მეტი შესაძლებლობებია", - ამბობს გურული გლეხი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს 1 ივლისის მონაცემით, აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრირებულია 551 განაცხადიდან უმეტესობა, 250 -ზე მეტი განაცხადი, რომელიც პროგრამის პირობებთან შესაბამისობაშია წარმოდგენილი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების მოთხოვნაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system