თავში

რატომ უნდა შემცირდეს ,,შავი წერტილები" გზებზე

რატომ უნდა შემცირდეს ,,შავი წერტილები" გზებზე
რატომ უნდა შემცირდეს  ,,შავი წერტილები გზებზე

,,შავი წერტილების" იდენტიფიცირება ავტოსაგზაო შემთხვევების ფატალურობასა და მძიმე ტრამვების მიღების რიცხვს მინიმუმ, 30%-ით შეამცირებს. 

ასეთია  სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტის, ორგანიზაცია ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" თავმჯდომარის გელა კვაშილავას პროგნოზი, რომლის თქმითაც, ყველაზე მეტად პრობლემა მეორად, ქალაქებს შორის დამაკავშირებელ გზებზეა. მისი თქმით, ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევას არა მძღოლის ან ქვეითად მოსიარულის არასწორი ქცევა, არამედ ინფრასტრუქტურის გაუმართაობა იწვევს.

,,ჩვენი მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთი კანონპროექტის მიღება, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას შეამცირებს. არა მარტო მაგისტრალებსა და საერთაშორისო დანიშნულების გზებზე, არამედ მეორად, ქალაქების დამაკავშირებელ საგზაო მონაკვეთებზე უამრავი ,,შავი წერტილია", რაც ავარიებს იწვევს და მათგან ბევრი ფატალურად ან სხეულის მძიმე დაზიანებით მთავრდება. ამ მხრივ სერიოზული პრობლემაა საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, რადგან  სისტემა არასწორად არის მოწყობილი. არ არსებობენ  დამცავი ბარიერები და სხვა. განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა ამ მხრივ კახეთის გზებზე, განსაკუთრებით, გომბორის საგზაო მონაკვეთზე, ასევე გურიის და ბათუმის მიმართულებებზე, სადაც ბევრი საშიში ადგილია. იმისთვის, რომ პროგრამა დროულად ამოქმედდეს, მნიშვნელოვანია შესაბამისი კადრების მომზადება, საპატრულო პოლიციამ მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლებს უნდა ჩაუტაროს ტრენინგი, რომ პროექტში მონაწილე ყველა მხარის ფუნქციები სწორად განისაზღვროს - როგორ უნდა მოხდეს აღსრულება, ვინ განახორციელებს და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ არსებობს გაიდლაინები, რომელიც ჩვენმა ორგანიზაციამ უცხოელი პარტნიორების დახმარებით შექმნა. პროექტის სწორად განხორციელების შემთხვევაში, მინიმუმ, 30%-ით მაინც შემცირდება საგზაო შემთხვევების ფატალურობა და მძიმე ტრამვების მიღების რიცხვი", - აცხადებს გელა კვაშილავა და დასძენს, რომ სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად გამოწვეული ზარალის მოცულობას მშპ-ს 4% უჭირავს.

ცნობისთვის, კანონპროექტის მიხედვით, „შავი წერტილი“ გულისხმობს გზის არაუმეტეს 300 მეტრიან მონაკვეთს, სადაც ბოლო 3 წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ადამიანის დაღუპვით დასრულებული სულ ცოტა ოთხი ავტოსაგზაო შემთხვევა და/ან ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით და/ან დაღუპვით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელთა რიცხვი ჯამურად შეადგენს არანაკლებ ათს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system