თავში

რატომ უწოდებენ "ნამახვანი ჰესს" პიკურ სადგურს

რატომ უწოდებენ "ნამახვანი ჰესს" პიკურ სადგურს
რატომ უწოდებენ ნამახვანი ჰესს პიკურ სადგურს

„ნამახვანი ჰესის“ განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს ენერგეტიკისთვის თუნდაც ის არის, რომ ჰესს შეეძლება, ფაქტობრივად, მილიარდ-ნახევარი კილოვატსაათის გამომუშავება სწორედ პიკის საათებში, როცა ყველაზე ძვირია იმპორტირებული ელექტროენერგია," - ასე აფასებს ენერგეტიკოსი დავით მირცხულავა "ნამახვანი ჰესის" ეკონომიკურ და ენერგეტიკულ მნიშვნელობას. 

ექსპერტი ამბობს, რომ "ნამახვანი ჰესის“ საშუალებით საქართველო საკუთარი რესურსით ჩაანაცვლებს "პიკურ ენერგიას". ენერგეტიკოსი ამტკიცებს, რომ ,,ნამახვან ჰესს" აქვს უდიდესი მნიშვნელობა როგორც პიკურ სადგურს, რონელმაც 1,5 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია უნდა გამოიმუშავოს. დავით მირცხულავას განმარტებით, ეს ჰესი გამოიმუშავებს სწორედ იმ პიკურ საათებში, რასაც დღეს რუსეთიდან საქართველო 8 და 4 ცენტად ყიდულობს. ამ სადგურის ტარიფი არის 6 და 2 თეთრი, რითაც ზუსტად პიკურ ენერგიას ჩაანაცვლებს, რა დროსაც იმპორტირებული ელექტროენერგია ძვირია. აქედან გამომდინარე დავით მირცხულავა ემხრობა ამ პროექტს და მიაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკისთვის და მასზე უარი ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის 1%-ით უკან დახევას, რაც მოსახლეობის კეთილდღებაზე დიდ ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

„რეალურად, დღესაც თუ შევადარებთ იმპორტირებული ენერგიის ფასს, მაგალითად, რუსეთიდან, დღის საათებში, ის გაცილებით მეტია, ვიდრე გრძელვადიანი კონტრაქტით არის „ნამახვანთან“ განსაზღვრული – თითქმის ორ ცენტამდე აღწევს სხვაობა," – აღნიშნა მირცხულავამ.

ექსპერტის აზრით, ასეთ სადგურებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს განახლებადი ენერგიების ინტეგრირებისთვისაც.

"საუბარია დაახლოებით 1350 მგვტ ქარისა და დაახლოებით 500 მგვტ-ზე მეტი მზის ენერგიის ინტეგრირებაზე. სწორედ ამ განახლებადი ენერგიის რესურსის სრულად ათვისებისთვის ესაჭიროება ქვეყანას ისეთი სარეზერვო სიმძლავრეები, როგორიც შეიძლება ჰქონდეს „ნამახვანი ჰესს“, - ამბობს ენერგეტიკოსი და განმარტავს პროექტის ეკონომიკურ ღირებულებასაც. 

"პროექტი ასევე უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური მახასიათებლებით – წარმოიდგინეთ, საქართველოს ბიუჯეტისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს პირდაპირი ინვესტიცია, რაც წელიწადში დაახლოებით 200 მილიონი დოლარი იქნება. ამის შეცვლა რაიმეთი წარმოუდგენელია და ამას უზარმაზარი გავლენა ექნება სწორედ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე“, – აღნიშნავს დავით მირცხულავა. 

მირცხულავას მტკიცებით, მნიშვნელოვანია ნამახვანჰესის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე. კერძოდ, ენერგეტიკოსის გათვლით,800 მილიონიანი ინვესტიცია, რაც ჰესმა უნდა მოგვიტანოს, ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას დამატებით 1%-ით, ხოლო უარის შემთხვევაში, ამავე მაჩვენებლით უკან დახევას, რაც გამოუსწორებელი დანაკარგი იქნება.

 ნამახვანისა და ონის ჰესების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ.

გამოითქვა მოსაზრება , რომ ჰესმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქართული ექსკლუზიური ღვინის "ტვიშის" წარმოებასაც.

ცნობისთვის, მდინარე რიონზე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა უკვე თითქმის ერთი თვეა აპროტესტებს. აქციის მონაწილეები სამუშაოების შეწყვეტას და ადგილიდან ტექნიკის გაყვანას ითხოვენ.გარემოსდამცველებისა და დარგის სპეციალისტების ნაწილის აზრით, ჰესების კასკადი საფრთხეს შეუქმნის რეგიონის კლიმატს და ეკოსისტემას; ნამახვანის ჰესი დატბორავს მიმდებარე სოფლებს, საფრთხეს უქმნის რეგიონის ბიომრავალფეროვნებას და, დაზიანების შემთხვევაში, სეისმოლოგების თქმით, დამანგრეველი იქნება ქუთაისისთვისაც."გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონით მოთხოვნილი სათანადო კვლევების სრულად წარდგენის გარეშე, სახელმწიფომ ჰესის წინასამშენებლო სამუშაოების წარმოების ნებართვა გასცა. მიუხედავად ამისა, კომპანიებმა სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის მთების ბურღვა და აფეთქება დაიწყეს, რაც წინამოსამზადებელი სამუშაოს ფარგლებს სცდება და ადგილზე მიმდინარე სამუშაოები სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევა.

ნამახვანის ჰესების კასკადთან დაკავშირებულ პროტესტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარია იზიარებს ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკული პოტენციალის განვითარების სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას. თუმცა აქვე აცხადებს, რომ ენერგორესურსებით რაციონალური სარგებლობისა და მდგრადი განვითარების მიზნით, სახელმწიფოს ამ დრომდე არ დაუგეგმავს გრძელვადიანი ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც ამასთან, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიებისა და გამჭვირვალობის პრინციპის მაქსიმალური უზრუნველყოფის შედეგად იქნება შექმნილი და პრაქტიკაში დანერგილი.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ პროექტი ძალიან კარგადაა გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით, ინვესტორს სერიოზული განხილვები ჰქონდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით და დიდი გეგმა აქვს.

შპს „ენკა რინიუებლზის" განმარტებით, ნამახვანის ჰესების 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია.

შეგახსენებთ, ნამახვანჰესის უნებართვო მშენებლობაზე დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ჯერ კიდევ ოქტომბრის ბოლოს იუწყეობა და საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკის მინისტრის მისვლასა და მისგან ახსნა-განმარტებას ითხოვდა.

ცნობისთვის, ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.

პროექტში ამ დროისთვის 370-მდე ადამიანია ჩართული. ჯამში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში საქართველოს 1600-მდე მოქალაქე იქნება დასაქმებული.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system