თავში

რატომ ვერ აისახება ჩვენს ჯიბეზე ეკონომიკური ზრდა

რატომ ვერ აისახება ჩვენს ჯიბეზე ეკონომიკური ზრდა
რატომ ვერ აისახება ჩვენს ჯიბეზე ეკონომიკური ზრდა

საქართველო ეკონომიკის 5%-იანი ზრდით რეგიონში ლიდერი ქვეყანაა. ამით ხშირად თავს იწონებს ხელისუფლება და ამას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოებაც. ეკონომიკური ზრდის ტემპს დადებითად აფასებენ საერთაშორისო ინსტიტუტებიც, თუმცა რეალურად ეკონომიკის ზრდას მოსახლეობა ვერ გრძობს. მიზეზის გასარკვევად საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელს, ვეფხია გიორგაძეს, მივმართეთ. ეკონომისტი გვიხსნის, რომ საფონდო ბაზრის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 4.7 %-ის ნაცვლად, 50%-იც რომ დაფიქსირდეს, მოსახლეობა მის სიკეთეებს მაინც ვერ იგრძნობს. მიზეზი მარტივია, ქვეყნის ქონების მხოლოდ 30% არის განკერძოებული. გიორგაძის განმარტებიტ, გამოსავალი ამ ქონების სრული უფასო პრივატიზაციაა.

"ქონების განკერძოების მხრივ ისევ ვიმყოფებით სოციალიზმში და კაპიტალიზმში, როგორც ზოგს ჰგონია არსებობს საქართველოში, ნურას უკაცრავად, ის საერთოდ არ უნახავს ჩვენს ქვეყანას და რაც განკერძოებულია მისი დაახლოებით 50-60% მოქცეულია ელიტური ფენის 10% -ში, რაც ქმნის მონოპოლიებს, ოლიგოპოლიებს და შემოსავალი ამ 10 % -ის ჯიბეში ილექება. გამოსავალი სახელმწიფო ქონების სრულ პრივატიზაციაში გახლავთ, სანამ ჩვენი მოსახლეობა არ გახდება თავის ქვეყნის მესაკუთრე, მანამ ის განწირულია სიღარიბისთვის," განაცხადა ვეფხია გიორგაძემ.

იმავე აზრისაა სტატისტიკოსი სოსო არჩვაძეც. მისი თქმით, საინვესტიციო პორტფელის მეტი წილი საფინანსო სექტორს უჭირავს, უკანა პოზიციებს იჭერს სოფლის მეურნეობა. დასაქმებულთა ნახევარზე მეტი სწორედ სოფლის მეურნეობაშია "თვითდასაქმებული", რაც იმის გარანტია რომ ინკლუზიურობის მიღწევა თითქმის გამორიცხულია.

"საფინანსო სექტორი საერთო დასაქმებულების დახლოებით 5-7%-ი ასაქმებს, ხოლო სოფლის მეურნეობაში კი საერთო დასაქმებულების 48%-ია დასაქმებული. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის ნახევარი სტაგნაციურ დარგში გყავს დასაქმებული, ცხადია, ინკლუზიურობაზე ვერც კი ვისაუბრებთ. მომსახურების ეკონომიკიდან, მწარმოებელი ეკონომიკის რელსებზე გადასვლას ვერ ვახერხებთ ინვესტიციების სიმცირის გამოც. წინა წელთან შედარებით, ინვესტიციები 53 %-ით არის შემცირებული. ქვეყანას, ასევე, პრობლემები აქვს მისი ბუნებრივი რესურსების ათვისებასთანაც," - გვითხრა სტატისტიკოსმა.

სოსო არჩვაძე გვიხსნის, რომ ეკონომიკური ზრდის ეფექტის განეიტრალების მიზეზი ინდუსტრიული წარმოების დაბალი მაჩვენებელია.მისი თქმით, ჩვენი ეკონომიკის მთავარი კონტრიბუტორები არიან სასტუმროები, რესტორნები, ასევე კავშირგაბმულობა და ტრანსპორტი. 

"ინდუსტრიული მიმართულება თითქმის მკვდარია. რასაც ვაწარმოებთ, ისიც კი ექსპორტზე გაგვაქვს, როგორც ნახევარფაბრიკატი, როგორც ნედლეული. დამატებითი ღირებულება არ იქმნება ქვეყანაში. ექსპორტში სისი წილი უჭირავს რეექსპორტს, რაც დამატებით ღირებულებას საერთოდ არ ქმნის, თუ არ ჩავთვლით ღვინოსა და მედიკამენტებს, რომელსაც მცირე წილი უჭირავს საერთო სტრუქტურაში. ასეთ რეალობაში ძალიან ძნელია ინკლუზიურობის მიღწევა," - გვითხრა სოსო არჩვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system