თავში

რატომ ვერ გადის ექსპორტზე ქართული თაფლი

რატომ ვერ გადის ექსპორტზე ქართული თაფლი
რატომ ვერ გადის ექსპორტზე ქართული თაფლი

კახეთის მეფუტკრეთა ასოციაცია ლაბორატორიის არარსებობაზე ჩივის. საქმე ეხება თაფლის შემადგენლობის 50 კომპონენტის შემოწმებას. ამგვარი ლაბორატორია საქართველოში ჯერ კიდევ 2015 წელს უნდა დაარსებულიყო. მეფუტკრეები ამბობენ, რომ სწორედ ლაბორატორიის არაარსებობა უშლით ხელს თაფლის ექსპორტში. ასოციაციის განმარტებით, დაინტერესება აზიის ბაზრიდან დიდია, თუმცა იმის გამო, რომ სინჯებს ფერმერები სხვადასხვა ქვეყანაში გზავნიან კვლევისთვის, ეს დამატებით თანხებს და დროს საჭიროებს. შედეგად პოტენციურ დამკვეთებთან მოლაპარაკებები ფერხდება.

მეფუტკრეები ითხოვენ საგანმანათლებლო პროგრამების შექმნასაც. მათი თქმით, დარგში ერთგვარი საინფორმაციო ვაკუუმია, რაც ფერმერებს უზღუდავს თანამედროვე მიდგომებთან და ტექნოლოგიებთან წვდომას. ამიტომაც, როგორც მეფუტკრეთა გაერთიანება ამბობს, საერთაშორისო პრაქტიკის მსგავსად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა სასწავლო სპეც. პროგრამების ჩატარება რეგიონებში და ამგვარი პროგრამები პროფესიულ სასწავლებლებში უნდა ინტეგრირდეს.

კახელ გლეხების პრეტენზიას მთლიანად იზიარებს მეფუტკრე ლექსო ნასუაშვილი. მეწარმე თაფლს 10 წელია აწარმოებს და ექსპორტზე გასვლას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს.

"საქართველოში იმ ლაბორატორიებს, რომლებსაც აკრედიტაცია აქვთ გავლილი, სრულყოფილად ვერ იკვლევენ თაფლს, შესაბამისად ვერ ვიღებთ შესაბამისობის სერტიფიკატს. მეფუტკრეობის ცოდნის დონე არის ძალიან დაბალი, ამის გამო პირველადი წარმოება მოიკოჭლებს. გარდა ამისა, პრობლემაა თაფლის გადამუშავება. საქართველოში არსებობს ერთადერთი საწარმო, რომელიც თაფლს ამუშავებს. ამ მასშტაბურ პრობლემებზე როცა ვსაუბრობ, სამწუხაროდ, ქართული თაფლის ექსპორტის პერსპექტივას ვეღარ ვხედავ, არადა პოტენციალი გვაქვს ძალიან დიდი ბიოთაფლის წარმოებისა. პრობლემაა თაფლის ინდუსტრიის წარმადობაც. არ იწარმოება სასურსათო თაფლი იმდენი, რომ ჩვენ ვისაუბროთ ფართომასშტაბიანი ექსპორტის განხორციელებაზე," - განუცხადა Report.ge-ს ლექსო ნასუაშვილმა.

საქართველოს მეფუტკრეთა კავშირში Report.ge-ს განუცხადეს, რომ ქვაყანაში თაფლის ფალსიფიცირება ჯერ კიდევ გადაულახავი პრობლემა და მთავარი შემაფერხებალი ფაქტორი ქართული თაფლის ინდისტრიის წინსვლისთვის.

"ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ფალსიფიკაციასთან არანაირი ბრძოლა არ მიდის. თაფლის რეალიზება ყველგან ხდება. კიდე ერთი პრობლემა არის ის, რომ მოსახლეობას არ აქვს ფული პროდუქციის შესაძენად. ქართველი მომხმარებელი დაბალშემოსავლიანი სეგმენტია.მეფუტკრეების მიერ წარმოებული თაფლის რეალიზაცია ყველა მეფუტკრეს უჭირს. საქართველოში მისი მოხმარება დღეისათვის არ არის იმ დონეზე, რომ რეალიზაცია მოხდეს, წარმოება გაიზრდება იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გაგვეხსნება გზა ევროპაში და ადამიანები გაიგებენ ქართული თაფლის შესახებ, რათა ქართულ თაფლზე მოთხოვნა გაჩნდეს. ამ შემთხევაში თაფლის წარმოება გასამმაგდება," - გვეუბნება საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის პრეზიდენტი რამაზ თავართქილაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system