თავში

რატომ ვერ ვითარდება საქართველოს საფონდო ბაზარი

რატომ ვერ ვითარდება საქართველოს საფონდო ბაზარი
რატომ ვერ ვითარდება საქართველოს საფონდო ბაზარი

"არ არსებობს ერთი კონკრეტული უწყება, რომელიც ამ პოლიტიკის შემუშავებაზე იქნება პასუხისმგებელი," - ასე ხსნის საქართველოს საფონდო ბირჟის ხელმძღვანელი გიორგი ფარესიშვილი ქართული საფონდო ბაზრის განვითარების დაბალ ტემპს. მისი განმარტებით პოლიტიკის არქონის გამო უფლებამოსილებები სხვადასხვა მხარეს ნაწილდება და ისედაც მცირე ბაზარი ნელი ტემპებით ვითარდება.

ფინანსისტები და ეკონომისტები ამბობენ, რომ პრობლემის ერთ-ერთი საკითხი არის ის, რომ პასუხისმგებელი სტრუქტურა არ არსებობს. კოორდინირებული მუშობის აუცილებლობაზე აკეტებს აქცენტს საფონდო ბირჟის ხელძღვანელი. მისი თქმით, უნდა შეიქმნას ჯგუფი, რომელიც უშუალოდ კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე იზრუნებს და განვითარების სტრატეგიას შექმნის.

“გამოსავალია ერთიანი, კოორდინირებული ქმედებები ყველა იმ მხარეს შორის, რომელთაც აინტერესებს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება, იგულისხმება მთავრობაც, ეროვნული ბანკიც, კერძო სექტორიც, რომლებიც ბაზარზე ფასიან ქაღალდებს გამოუშვებენ. რთული სათქმელია, ამჟამად კონკრეტულად რომელ უწყებას აბარია ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება. ეროვნული ბანკი ზედამხედველია და მის მანდატში სულაც არ შედის ბაზრის განვითარებაზე ზრუნვა. ეს ერთმა რომელიმე უწყებამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე”,– აცხადებს გიორგი ფარესიშვილი.

ამჟამად საქართველოში ფინანსური ბაზრები ერთი პასუხიმგებელი "მეპატრონის" ქვეშ, ერთიანი პოლიტიკის მიხედვით არ ვითარდება. ამჟამად ქართული კაპიტალის ბაზარზე საკუთარ აქტივობებს ახორცილებს ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, კომერციული ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები და საფონდო ბირჟა. 

ცნობილია, რომ 2021 წელს კაპიტალის ბაზრის ახალი სტრატეგია უნდა წარადგინონ. ამის შესახებ შარშან დეკემბერში ეკონომიკის მინისტრმა დააანონსა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში ვიზიტისას. ნათია თურნავამ მაშინ კაპიტალის ბაზრის განვითარება სამთავრობო პრიორიტეტად დაასახელა.

საქართველოს საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების გამოშვებას გარკვეული თავისებურება ახასიათებს. კომპანიები საქართველოში ძირითადად ობლიგაციებს უშვებენ, აქციების გამოშვებაზე თავს იკავებენ. ორ თვეზე მეტია საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სესიებზე არცერთი ლარის გარიგება არ განხორციელებულა. ბირჟის სავაჭრო სესიებზე კი, აქტივობა ნულზეა. 2021 წლის 4 თვეში, სავაჭრო სესიებზე მხოლოდ 8 გარიგება დაიდო, რომელთა ღირებულება მხოლოდ, 2 454 ლარი იყო. გარიგებები „გრინ დაზღვევა საქართველოსა“ და "ლიბერთის" აქციებზე შედგა. ქართულ საფონდო ბირჟაზე მხოლოდ ორი კომპანიის, „საქართველოს უძრავი ქონებისა“ და „ქონების მართვის ჯგუფის“ ფასიანი ქაღალდები ივაჭრება აქტიურად. იანვარში 1 გარიგებაა დადებული "საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციებზეც. ე.წ „ფიქსინგით“ 57 გარიგებაა დადებული, 4980 ობლიგაციაზე, რომელთა ჯამური ღირებულება 5 მლნ დოლარს აღემატება.

ცნობისთვის, სსბ-ის ელექტრონული სავაჭრო სისტემა ბროკერებს ათასობით სხვადასხვა აქციით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს სამუშაო ადგილებიდან, რომლებიც განლაგებულია როგორც სსბ-ის სავაჭრო დარბაზში, ასევე საბროკერო კომპანიათა ოფისებში - დისტანციური წვდომის ტერმინალების დახმარებით. ამჟამად ბირჟაზე სულ 28 კომპანიის ფასიანი ქაღალდები არის დაშვებული, მათი ჯამური მოცულობა 2.38 მილიარდი ლარია, თუმცა ამ ფასიან ქაღალდებზე მარტსა და აპრილში საბირჟო გარიგებები შეწყდა.

საქართველოს საფონდო ბირჟა (სსბ) არის ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს ამერიკელი ექსპერტების დახმარებით შემუშავებულ საკანონმდებლო ჩარჩოებში. სსბ აკმაყოფილებს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკის ყველა საბაზისო მოთხოვნას.ჩვენ ვთავაზობთ ეფექტურ საინვესტიციო მექანიზმს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს.

2019 წლის ბოლოს საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში დაშვებული იყო 35 ემიტენტის ფასიანი ქაღალდი. ამავე პერიოდში სავაჭრო სესიებზე და ბირჟაზე დაფიქსირებულ გარიგებათა საერთო ღირებულებამ 109.19 მლნ ლარი შეადგინა (815.96 მლნ ცალი ფასიანი ქაღალდი). აქედან, ბირჟის სავაჭრო სესიაზე დაიდო 0.05 მლნ ლარის გარიგება, ხოლო ბირჟაზე დაფიქსირებული გარიგებების ღირებულებამ 109.14 მლნ ლარი შეადგინა.

დაფიქსირებულ გარიგებებში, გარდა საბროკერო კომპანიების მიერ განხორციელებული ტრანზაქციებისა, შესულია 2019 წლის განმავლობაში რეგისტრატორების მიერ განხორციელებული 5 გარიგება 100,824 ცალ ფასიან ქაღალდზე. გარიგებების საერთო ღირებულებამ 9.2 მლნ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის (სებ-ის) ინფორმაციით, ცენტრალური დეპოზიტარი 2019 წელს ცენტრალურ დეპოზიტარში დეპონირებული იყო 721.6 მლნ ფასიანი ქაღალდი და 0.96 მლნ ლარი. აქედან, ფულადი დეპონირების ტრანზაქციების 57 პროცენტი და საერთო თანხის 90 პროცენტი განხორციელდა სს „საქართველოს ბანკის“ მონაწილეობით.

წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, ცენტრალურ დეპოზიტარში დეპონირებულ ფასიან ქაღალდებზე ტრანზაქციების რაოდენობა შემცირებულია 18.6 პროცენტით, ხოლო რაოდენობა გაზრდილია 719.3 მლნ ცალი ფასიანი ქაღალდით. აღნიშნული ზრდის მიზეზი, ეროვნული ბანკის განმარტებით, იყო ერთჯერადი დეპონირების ოპერაცია ერთ-ერთი ემიტენტის ფასიან ქაღალდებზე, რომლის წილიც დეპონირებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობის 99 პროცენტს შეადგენს.

სებ-ის მონეცემებით, საანგარიშო წელს ცენტრალურ დეპოზიტარში ფულადი სახსრების ბრუნვა 0.11 მლნ ლარით გაიზარდა. რაც შეეხება ფულადი სახსრების ტრანზაქციების რაოდენობას, აღნიშნული მაჩვენებელიც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 59 პროცენტით შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system