თავში

რატომ ვერ ვითარდება სალიზინგო ბაზარი

რატომ ვერ ვითარდება სალიზინგო ბაზარი
რატომ ვერ ვითარდება სალიზინგო ბაზარი

ქართული გადამზიდავი კომპანიები შიდა ბაზარზე კონკურენციას ვერ უძლებენ და ვერც საერთაშორისო გადაზიდვებში მონაწილეობენ. ამის მიზეზი, როგორც სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დამფუძნებელი, პაატა ცაგარეიშვილი განმარტავს, ლიზინგის მაღალი საპროცენტო განაკვეთია, რომელიც ბაზარს საბანკო სექტორმა დაუწესა.

ცაგარეიშვილის ინფორმაციით, საქართველოს სალიზინგო ბაზარზე წამყვანი ბანკების შვილობილი კომპანიები დომინირებენ. მათ მიერ დაწესებული საპროცენტო განაკვეთების მოცულობა 21%-დან იწყება, როცა ანალოგიური სერვისის ღირებულება მეზობელ ქვეყნებში, მაგალითისთვის, თურქეთში, 5%-ს არ აღემატება.

შესაბამისად, როგორც ცაგარეიშვილი ამბობს, მოძველებული სატრანსპორტო საშუალებებით მოძრავი ქართველი მძღოლები შიდა ბაზარს ვერ გასცდნენ და დღეს მათ საერთაშორისო გადაზიდვებში არანაირი ფუნქცია არ აკისრიათ.

,,სალიზინგო ბაზრის აუცილებლობა სატრანსპორტო ბაზრის პოტენციალისთვის არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, ეს ეხება საერთაშორისო-სატვირთო გადაზიდვებს. დღესდღეობით საქართველოში ძირითადად მოძველებული ევრო3-ის ტიპის სატრანსპორტო საშუალებებია, ე.წ. ტრაილერები, რომლის ჩანაცვლება ევრო6-ის სტანდარტის ავტომობილებით ვერ მოხერხდა. ამის მიზეზი, არც მეტი, არც ნაკლები, ლიზინგის მაღალი საპროცენტო განაკვეთია, რის გამოც დარგის განვითარება წლობით დამუხრუჭდა. როდესაც თურქეთში შესაძლებელია 3-5%ის ფარგლებში აიღო სატრანსპორტო საშუალება, საქართველოში ლიზინგის მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 21%-ია. ასეთ პირობებში ავტომობილების ლიზინგით გაყვანა არ არის მომგებიანი", - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი report.ge-თან საუბრისას.

მისი განმარტებით, გადაზიდვებში მონაწილე ქართულ კომპანიას, ძირითადად, 12%-იანი მოგება მაქვს (ამ ბიზნესს ამაზე მეტი არ შეუძლია). როდესაც სუბიექტი ლიზინგის საფასურს იხდის (21%), პირველსავე წელს მუშაობა 9-10%-იანი წაგებით უწევს და დანაკარგს მეწარმე რეალურად ვეღარ აბალანსებს.

,,წაგებაზე წასული კომპანია არავის უნდა და ვერც დაიმკვიდრებს ბაზარზე ადგილს. ასე დაემართათ ქართველ გადამზიდავებს, ისინი ვერაფრით გაცდნენ შიდა ბაზარს. ამიტომაც გასაგებია, თუ რატომაც არის საქართველოში ტრაილერებით მოძრავი თურქული გადამზიდავების თვალშისაცემად მეტი რაოდენობა. თურქები 3-დან 5%-ში იღებენ თავიანთ ქვეყანაში მანქანას, შემდეგ დაუბრკოლებლად შემოდიან საქართველოში და თვითონ ახორციელებენ გადაზიდვებს. ხოლო ქართული კომპანიები როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე იზღუდებიან, ისინი ვერავის ვერ უწევენ კონკურენციას და თამაშგარეშე რჩებიან. რკინიგზის რესტუქტურიზაციას თუ ჩავატარებთ, იქაც დაისმევა ლიზინგით მოძრავი შემადგენლობის აყვანა, მაგრამ ჯერჯერობით ეს საკითხი არ დგას. მხოლოდ საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებთან მიმართებაში არის პრობლემა და ვიტყოდი, რომ გამოუვალი მდგომარეობაა. ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით ბანკების საშუალებით და ყველა ღონე უნდა გამოიყენოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმაც, რომ ლიზინგის ბაზარზე მკაცრი რეგულაცია დაწესდეს", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისივე შეფასებით, სალიზინგო საქმიანობამ რომ შედეგი მოგვცეს, ლიზინგის საპროცენტო განაკვეთისთვის 8-10%-იანი ზღვარი ოპტიმალური მაჩვენებელია. პაატა ცაგარეიშვილის თქმით, მეწარმე სუბიექტი მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს თავისი ავტოპარკის განახლებას და საერთაშორისო გადაზიდვებში ჩაბმას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system