თავში

რაზეა დამოკიდებული ანაკლიის პორტის წარმატება - VIDEO

რაზეა დამოკიდებული ანაკლიის პორტის წარმატება
რაზეა დამოკიდებული ანაკლიის პორტის წარმატება - VIDEO

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი ამ წუთებში პარლამენტში დეპუტატების წინაშე გამოდის და საჯარო ფორმატში ანაკლიის პორტის პროექტის პოტენციალზე, არსებულ ვითარებასა და გამოსავლის გზებზე საუბრობს. ლევან ახვლედიანის შეფასებით, ანაკლიის პორტი საქართველოს მომავლის პროექტია, ამიტომ მისი წარმატებით განხორციელებისთვის ყველა მხარემ უნდა იზრუნოს. მან სამ ძირითად საკითხზე გაამახვილა კანონმდებლების ყურადღება. Report.ge მას უცვლელად გთავაზობთ:

"რაზეა დამოკიდებული ამ პროექტის ბედი? 3 ძირითად საკითხს გამოვყოფდი: 1. კომფორტი ინვესტორებს - იმიტომ, რომ ამ ვითარებაში ყველა ინვესტორი, ვისაც ველაპარაკეთ, ითხოვს, რომ მთავრობამ კონკრეტულად მათ გამოუცხადოს მხარდაჭერა. ჩვენ ამ რთულ ვითარებაში, ბოლო 2-3 თვის განმავლობაში 2 ინვესტორი მოვიყვანეთ. მათ ზუსტად ეს მოითხოვეს, სამწუხაროდ, ეს მხარდაჭერა გაცხადებული არ იყო. გუშინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ამ ორი ინვესტორიდან ერთ-ერთმა (გულისხმობს „მერიდიან კაპიტალს“) პროექტის მიმართ ინტერესი გაიტანა.

2. არასწორად არის დახასიათებული ტვირთბრუნვის გარანტიის დაზღვევის მოთხოვნა ბანკებისგან. ეს არ არის გარანტია, ეს არ არის დაზღვევა. აქ არის საუბარი ბანკების მიერ სესხის გადახდის ნაწილობრივ გარანტიაზე ანუ ეს არის დამატებითი ფონდი, რომელიც უნდა შეიქმნას. ეს არანაირად არ ემსახურება ანაკლიის ინვესტორების (კაპიტალში) კომერციული რისკის დაზღვევას. ეს მოთხოვნა მხოლოდ მიმართულია ბანკების სესხების ნაწილობრივ დასაფარად თუ ეს საჭიროება დადგება. ჩვენ მთავრობას ზაფხულში დაბალანსებული, სამართლიანი ალტერნატივით მივმართეთ, როგორ შეიძლებოდა ეს პრობლემა მოგვარებულიყო. შევთავაზეთ 150-მლნ დოლარიანი მექანიზმი, რომელშიც მონაწილეობას კონსორციუმის არსებული თუ ახალი ინევსტორები 50-50 მლნ-ით მიიღებდნენ; დამატებით ევროკავშირმა მზადყოფნა გამოთქვა, ასევე 50 მლნ დოლარის ოდენობით მონაწილეობაზე ამ მექანიზმში. ამ ვითარებაში ევროკავშირის წინაპირობა იყო, რომ მთავრობასაც 50 მლნ დოლარის ინვესტიციით მონაწილეობა მიეღო. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს თანხა ათვისებული საერთოდ არ იქნება იმ დადებითი პროგნოზებიდან გამომდინარე, რომელიც განახეთ, მაგრამ რომც იყოს ათვისებული ეს თანხები, პროექტს სესხად დაერიცხება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში გასტუმრებული იქნება და ინვესტორები ვერცერთ დივიდენდს ვერ დაირიგებდნენ, სანამ ეს თანხა იქნება ათვისებული.
შეკითხვა ისმის - რატომ? რატომ ითხოვენ ბანკები ამას? ეს არის ძალიან ნორმალური. ანაკლია არის დიდი სტარტაპი. არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული, საინტერესო პროექტი, მაგრამ არის სტარტაპი. თქვენ თუ ნებისმიერ ბანკში მიხვალთ და მოითხოვთ სტარტაპ-ბიზნეს სესხს, თუ ამ სესხის დაფარვის წყაროს არ დაანახებთ, ბანკი ამ სესხს არ მოგცემთ. აქაც იგივე პრინციპი ვრცელდება. ბანკებს უნდათ, რომ დაინახონ რადგან ეს არის სტარტაპი, ეს არის 0-დან აშენებული პორტი და დღეს შემოსავლები არ გააჩნია, ამიტომ ითხოვენ დამატებით გარანტიას, რომ მათი სესხები ნაწილობრივ მაინც იყოს უზრუნველყოფილი.
3. რაც შეეხება SSA Marine-ს მოთხოვნას, საჯაროდ სხვადასხვა ინტერპრეტაცია იყო გაცხადებული. მე მინდა ვთქვა, რომ SSA Marine ძალიან ლოგიკური მიზეზის გამო ითხოვს მთავრობისგან, რომ არ გაუწიოს კონკურენცია ანაკლიის პორტს სხვა პორტში ინვესტირებით ან სახელმწიფო რესურსის გამოყოფით. ანუ ლაპარაკია, რომ ხომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ანაკლიის პორტის პროექტი, ხომ უცხადებთ ანაკლიას მხარდაჭერას, მაშინ ნუ გამიწევთ კონკურენციას, თქვენ როგორც ჩვენი პარტნიორი ნუ გამიწევთ კონკურენციას და ნუ მიმართავთ რესურსს სხვა ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისთვის, სანამ ანაკლიის პორტი არ მიაღწევს 70%-იან უტილიზაციას. მე მინდა აღვნიშნო, რომ SSA Marine-ს ეს მთოხვნა დადგა მხოლოდ და მხოლოდ ამა წლის ამ ზაფხულს, მაშინ როცა ჩვენ მასთან ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი ორი წლის წინ და ეს ყველაფერი განპირობებული იყო იმით, რაც მოხდა მაისში - ფოთის პორტზე ნაბართვის მიცემა-გაუქმებასთან დაკავშირებით.
ეს არის ის სამი საკითხი, რომელიც ვთვლი, რომ ამ სამი საკითხის გადაწყვეტის შემთხვევაში, პროექტი წარმატებით განხორციელდება. ვთვლი, რომ ზემოთ აღნიშნული სამი საკითხი არის აბსოლუტურად ლოგიკურად გადაჭრადი და მოლაპარაკებადი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ნამდვილად იმსახურებს გადაჭრას, დაუყონებლივ," - განუცხადა ლევან ახვლედიანმა დეპუტატებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system