თავში

რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-მდე შემცირდა - LIVE

რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-მდე შემცირდა
რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-მდე შემცირდა - LIVE

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 8.5%-მდე შეამცირა. 

გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
დღემდე რეფინანსირების განაკვეთი 9%-ს შეადგენდა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ მონეტარული პოლიტიკის შერბილების მიზეზებიც განმარტა.

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიისა და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის ფონზე მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური გაურკვევლობა კვლავ გრძელდება. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ მარტში 6.1 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია დროებითი ფაქტორების გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში მაღალ მაჩვენებელზე შენარჩუნდება, შემდეგ ეტაპობრივად შემცირდება და 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონემდე დავა.

"შემცირების მიუხედავად, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული რჩება, რაც საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებას უზრუნველყოფს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი გამკაცრებული პოლიტიკიდან გამოსვლას ეტაპობრივად განახორციელებს და შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება ინფლაციის მოლოდინები. როგორც აღინიშნა, მოთხოვნის მოსალოდნელი მკვეთრი კლება ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს. მიმდინარე პროგნოზით, საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდა დაახლოებით მინუს 4 პროცენტი იქნება, რაც ადგილგილობრივი და საგარეო მოთხოვნის კლებით არის გამოწვეული. წინასწარი მონაცემებით, მარტში საქონლის ექსპორტი წლიურად 22 პროცენტით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი თითქმის 70 პროცენტით შემცირდა. ფულად გზავნილებშიც კლება დაფიქსირდა (-9 პროცენტი). ამასთანავე, შემცირებულია იმპორტიც (-13 პროცენტი), რაც შიდა მოთხოვნის შესუსტებაზე მიუთითებს. მიწოდების მხარეს მოქმედი ფაქტორებიდან აღსანიშნავია, რომ საწარმოო პროცესების და მიწოდების ჯაჭვების შეფერხებები კომპანიების ხარჯებზე და, შედეგად, ფასებზეც ზრდის მიმართულებით მოქმედებს. თუმცა, იმ დაშვებით, რომ ვირუსის გავრცელების გამო დაწესებული ფართომასშტაბიანი შეზღუდვები მოკლევადიანია, ეს უკანასკნელი, დროებითი ხასიათის მიწოდების შოკს წარმოადგენს, რაზეც მონეტარული პოლიტიკის რეაგირება კონტრპროდუქტიულია. ამასთან, ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრად ვარდნა, რაც საქართველოში ბენზინის ფასების შემცირებაში ეტაპობრივად ისახება. დამატებით საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებიდან მნიშვნელოვანი მოცულობით მოსალოდნელი დახმარება ხელს შეუწყობს შოკის გავლენის აღმოფხვრას ეკონომიკურ ზრდაზე და ინფლაციაზე. არსებული გაურკვევლობის ფონზე გაიზარდა როგორც საკრედიტო, ასევე ლიკვიდობის რისკები, რაც საბაზრო საპროცენტო განაკვეთების ზრდაში გამოიხატა. იმისათვის, რომ ლიკვიდობის რისკი ეკონომიკის დაკრედიტების შემზღუდველი ფაქტორი არ გახდეს, ეროვნულმა ბანკმა ლიკვიდობის მიწოდების დამატებითი ინსტრუმენტები აამოქმედა. ეროვნული ბანკი სვოპ ოპერაციებით ლიკვიდობას როგორც კომერციულ ბანკებს, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აწვდის," - განაცხადა კობა გვენეტაძემ და დასძინა, რომ  სებ-ი ვითარებას მუდმივ რეჟიმში აკვირდება და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკი, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

მონეტარული პოლიტიკის მომდევნო სხდომა 24 ივნისსაა ჩანიშნული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system