თავში

რეფინანსირების განაკვეთი უცვლელია

რეფინანსირების განაკვეთი უცვლელია
რეფინანსირების განაკვეთი უცვლელია

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 18 მარტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.0 პროცენტს შეადგენს.

ეროვნული ბანკის განმარტებით, კომიტეტის წინა სხდომაზე არსებული პროგნოზებით მოსალოდნელი იყო, რომ ინფლაცია წლის დარჩენილ პერიოდში შემცირდებოდა და ეტაპობრივად მიზნობრივ დონეს დაუბრუნდებოდა. აღნიშნული შეფასება გარკვეული პერიოდის განმავლობაში მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებას ითვალისწინებდა. თუმცა, კორონავირუსის პანდემიისა და მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა გლობალურად მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპები შენელდება როგორც ჩვენ სავაჭრო პარტნიორებში, ისე საქართველოში, რის გამოც ამ ეტაპზე არსებული მონაცემების საფუძველზე, ზუსტი შეფასებების გაკეთება შეუძლებელია.

"იკვეთება ინფლაციაზე როგორც ზრდის, ასევე შემცირების მიმართულებით მოქმედი ფაქტორები. საქართველოშიც და რეგიონის სხვა ქვეყნებშიც სავალუტო ბაზრებზე მერყეობა მაღალია და ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით იმოქმედებს. ამავე დროს, შესუსტებული საგარეო მოთხოვნა ქვეყანაში ერთობლივ მოთხოვნას მნიშვნელოვნად ამცირებს, რაც ინფლაციაზე კლების მიმართულებით იმოქმედებს. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის დინამიკას ამ ორი ფაქტორის ურთიერთქმედება განსაზღვრავს. იმ შემთხვევაში, თუ ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას განიხილავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ საგარეო და შიდა მოთხოვნის შემცირება იმდენად ძლიერი და გრძელვადიანი იქნება, რომ, კურსის გაუფასურების მიუხედავად, ინფლაციაზე დაღმავალ ზეწოლას შექმნის, ეროვნული ბანკი მზად იქნება დაიწყოს მონეტარული პოლიტიკის შერბილება. არსებული მაღალი გაურკვევლობის ფონზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად მიიჩნია საპროცენტო განაკვეთს უცვლელად დატოვება და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება," - განმარტავებ ეროვნულ ბანკში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system