თავში

რეგიონების მოსახლეობა წელსაც მთავრობის დახმარების იმედადაა

რეგიონების მოსახლეობა წელსაც მთავრობის დახმარების იმედადაა
რეგიონების მოსახლეობა წელსაც მთავრობის დახმარების იმედადაა

საგაზაფხულო სამუშაოები რეგიონებში დაიწყო, თუმცა იშვიათი გამონაკლისის გარდა, ხალხს ისევ მთავრობის მხარდაჭერის იმედი აქვს.  სპეციალისტები ძირითადად გრძელვადიან პროექტებზე  აკეთებენ აქცენტს და აცხადებენ, რომ უმჯობესია, მთავრობის დახმარება ამ მიმართულებით გაგრძელდეს, რომ სოფლის მეურნეობამ შედეგი იგრძნოს. რაც შეეხება მოკლევადიან პროექტებს, მათ შორის საგაზაფხულო სამუშაოებს კომპონენტს, რაც მიწის დახვნისა და თესვის სამუშაოებს მოიცავს, აგროექსპერტ პაატა აროშიძის თქმით, მთავრობა ძირითადად მაღალმთიან რეგიონებს დაეხმარება. რაც შეეხება გრძელვადიან პროექტებს, მათი უმეტესობა საქართველოს მასშტაბით, გრძელდება.

 ,,სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, რის საფუძველზეც აჭარაში 2000 ჰა ფართობი მიწა დაიხვნება სახელმწიფოს ხარჯზე, რომელსაც თანდათან თესვის პროგრამაც მოჰყვება. ჩვეულებრივ მიმდინარეობს სუშაოები. დახვნის პროგრამა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ უზრუნველყოფილია იმ ტერიტორიების დახვნაც კი, რომელიც აქამდე არ მუშავდებოდა, მაგალითად, რთული რელიეფური მდებარეობის ან სხვა მიზეზის გამო. ამან მოსავლიანობა უნდა გაზარდოს. შარშანდელ მოსავლიანობასთან დაკავშირებით მონაცემი ივლისში გამოქვეყნდება. რამდენადაც ვიცი, მეტი მიწა დამუსავდა. პანდემიის გამო ბევრი ქალაქიდან სოფელში დაბრუნდა, ეს სტატისტიკაზეც უნდა იასახოს. სოფლის მეურნეობის პროგრამები უნდა იყოს გრძელვადიანი, რომ შედეგი სექტორმა იგრძნოს. ერთჯერადი, დახვნისა და თესვის პროგრამებისგან არსებით შედეგს არ ველოდები, თუმცა მოქალაქეებს გარკვეულ ხარჯს შეუმსუბუქებს", - ამბობს პაატა აროშიძე report.ge-თან.

მისი თქმით, წელს სოფლის მოსახლეობა, სავარაუდოდ, რუტინულ პირობებში გააგრძელებს საქმიანობას, ტენდენცია, რომ ქალაქიდან ხალხი წელსაც ჩავა სოფელში, აროშიძის თქმით, მოსალოდნელი არ არის.

,,შარშან ამ დროს არაპროგნოზირებული სიტუაცია იყო, ამან დააბრუნა მოსახლეობა სოფლებში, მაგრამ მერე სიტუაცია შეიცვალა და შეეჩვივნენ ეპიდემიასთან თანაცხოვრებას. ვინც წლების განმავლობაში სახლობს ქალაქში, ნაკლებად დაუბრუნდება სოფელს. ახალი შეთავაზების გაკეთება სახელმწიფოს არ შეუძლია, რადგან ამის რესურსი რეალურად არ არსებობს. თუმცა დაწყებული პროგრამები გაგრძელდება. ვინც სოფელში ცხოვრობს, ჩვეულებრივ პირობეში გააგრძელებს საქმიანობას, განსაკუთრებულ ვითარებას არ ველი", - დასძენს პაატა აროშიძე.

მართალია, რეგიონებში მცხოვრები გლეხები საგაზაფხულო სამუსაოებში ჩაერთვნენ, მაგრამ მათი უმეტესობა არსებულ გამოწვევას მარტო ვერ უმკლავდება. როგორც report.ge-თან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შრომას მკვიდრი დავით ბოლქვაძე ამბობს, ხალხს ისევ მთავრობის დახმარების იმედი აქვს. 

,,მიწის დახვნის სამუშაოები ფაქტობრივად დაწყებულია. საკარმიდამო ნაკვეთებს მაინც მოუვლის ხალხი, მაგრამ ეს ვერ მოიტანს იმ შედეგს, რაც სოფლის მეურნეობას სჭირდება. გლეხს სტიმული უნდა ჰქონდეს მუშაობის, სხვანაირად არაფერი გამოუვა. მოსახლეობა ელემენტარულ საჭიროებებს მოკლებულია, რომ მცირე ხარჯს მაინც გაუმკლავდეს. დასაქმების შესაძლებლობა არ არის, ვერც მოწეული პროდუქტია იმდენი, რომ გაყიდონ და სარგებელი ნახონ. მარაგები საერთოდ აღარ არის და სოფელიც კი ამ პერიოდში იმპორტული პროდუქტის მომხმარებელია. გვესმის, რომ ადგილობრივ წარმოებას უნდა მივხედოთ, მაგრამ თუ  მიწის დამუშავების შესაძლებლობა არ ექნება ხალხს, ვერაფერს გააკეთებს", - ამბობს დავით ბოლქვაძე.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის დაფინანსების საკითხს, ცნობილია, რომ წლევანდელი ბიუჯეტით დამტკიცებული 18.3 მლრდ ლარიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 451.6 მლნ ლარს (მთლიანი ბიუჯეტის 2.5%-ს) მიიღებს. სამინისტრო მისთვის გამოყოფილი თანხიდან 10 მლნ ლარს (სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტის 2.2%-ს) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაზე, 389.6 მლნ ლარს (სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტის 86.3%-ს) სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, დაახლოებით 51.9 მლნ ლარს (11%) კი გარემოს დაცვაზე დახარჯავს.

მიუხედავად იმისა, რომ თანხების გადანაწილება მცირედით შეიცვალა, წინა წლების მსგავსად, სამინისტროს ბიუჯეტის უდიდესი წილი სოფლის განვითარების სააგენტოზე (53%), საქართველოს მელიორაციასა (23.3%) და ღვინის ეროვნულ სააგენტოზე (12.8%) დაიხარჯება. სოფლის განვითარების სააგენტო გააგრძელებს 16 პროგრამის დაფინანსებას. ამ პროგრამებს შორის იქნება „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამაც, რომელზეც 2021 წელს 115 მლნ ლარი (მთლიანი ბიუჯეტის 55%) დაიხარჯება. „დანერგე მომავალი“ 18 მლნ ლარით (8.7%), „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტი კი 12 მლნ ლარით (5.8%) დაფინანსდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system