თავში

რეგიონებში უხვმოსავლიანი მიწების დეფიციტია

რეგიონებში უხვმოსავლიანი მიწების დეფიციტია
რეგიონებში უხვმოსავლიანი მიწების დეფიციტია

ბოლო წლების განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასი გაიზარდა, მაგრამ უხვმოსავლიანი მიწის ყიდვა დეფიციტის გამო ჭირს. როგორც აღმოჩნდა, მიწის ღირებულებით რეგიონები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან. ყველაზე ძვირი მიწა გურიაში, სამეგრელოში, კახეთში და რამდენიმე ისეთ სოფელშია, რომელიც ადგილწარმოების კულტურებით არის ცნობილი. ამ ჩამონათვალშია სოფელი ხვანჭკარა რაჭაში, სადაც მიწა ძვირია და მისი ყიდვა, სიმცირის გამო, თითქმის შეუძლებელია. სამაგიეროდ, ამავე რეგიონში უამრავი სოფელია, სადაც 1 ჰა მიწის გაყიდვას გლეხები 500 ლარადაც ვერ ახერხებენ. 

მიწის ფასს, როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი თემურ ძნელაძე განმარტავს, ხარისხი განსაზღვრავს. მისი თქმით, გურიის უმეტეს სოფლებში მიწის დეფიციტია, ამიტომ დიდი ფართობები იშვიათად იყიდება.

,,თავისუფალი მიწა სოფლებს, ფაქტობრივად, აღარ აქვთ. ძირითადად, მცირე ფართობები იყიდება, 1 კვ/მ მიწის ფასი 5 ლარიდან იწყება, ზოგ შემთხვევაში, შეიძლება ნაკლებიც იყოს, მაგრამ არის მიწები, სადაც კვადრატული 20-25 ლარამდეც ღირს. უხვმოსავლიანი მიწის შეძენა კი საკმაოდ რთულია. ჩოხატაური მთაგორიანობითა და მცირემიწიანობით გამოირჩევა. მიწა ძვირია ზემოფარცხმასა და დაბლაციხეში, სადაც ხალხი მევენახეობა-მეციტრუსეობას მისდევს. რამდენიც არ უნდა ეცადოთ, ამ სოფლებში 1 ჰა მიწას ვერ ნახავთ, რომ იყიდებოდეს. იმის გამო, რომ აგრარული პროექტები ფინანსდება, ცდილობენ, რომ მიწა დაამუშავონ. ყოველ მტკაველს პატრონი გამოუჩნდა, დაუმუშავებელ ნაკვეთებს იშვიათად ნახავთ", - ამბობს ძნელაძე.

გურიის რამდენიმე სოფლის მაგალითის მიუხედავად, საქართველოს უმეტესო რეგიონებში მიწა უპრეცენდენტოდ დაბალ ფასში იყიდება. პრობლემაა მიწის დამუშავებაც. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა რაჭაში. გორისუბნის მკვიდრი გივი მდივნიშვილი report.ge-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში არ ყოფილა შემთხვევა, სოფელში ვინმეს მიწა გაეყიდა.

,,გორისუბნის ტერიტორიაზე მიწების უმეტესობა დაუმუშავებელია. მათი მფლობელები დიდი ხნის წინ წავიდნენ აქედან და უკან მოხედვაც არ სურთ. ამიტომ მიწის დამუშავებაზე საუბარიც ზედმეტია. ზოგს საკუთარი მიწისთვისაც ვერ მიუხედავს, მაგრამ ვერც ჰყიდის. 1 ჰა მიწას ხალხი 500 ლარად აფასებს და მაინც არავის უნდა. ცხადია, არის გამონაკლისიც. მაგალითად, გორისუბნიდან ხელის ერთ გაწვდენაზეა ხვანჭკარა, სადაც მიწა ძალიან ძვირი ღირს. რა ფასიც არ უნდა შესთავაზო, თავისუფალი ნაკვეთი რეალურად აღარ არის. სოფელში მასიურად ვენახია გაშენებული. იშვიათად, რომ ვინმეს ამ რჩეული მიწის გაყიდვა მოუნდეს", - ამბობს რაჭველი გლეხი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system