თავში

რეინვესტირება - ინვესტიციების ზრდის მთავარი ფაქტორი

რეინვესტირება - ინვესტიციების ზრდის მთავარი ფაქტორი
რეინვესტირება - ინვესტიციების ზრდის მთავარი ფაქტორი

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ქვეყნის საინვესტიციო გარემო აშკარად გაუმჯობესებულია. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და მთავრობამაც დაადასტურეს, რომ ინვესტიციების მატება რეინვესტირების მოცულობის ზრდით არის განპირობებული. report.ge-თან უფრო ვრცლად, რატომ გაიზარდა რეინვესტირება ნახტომისებურად, როგორია ინვესტორების განწყობა ქვეყნის საინვესტიციო გარემოთი და რა ასახვას მოახდენს იგი ქვეყნის ეკონომიკაზე, სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე საუბრობს.

,,ინვესტიციების ზრდის მთავარი ფაქტორი არის რეინვესტირება. საკმაოდ გაიზარდა რეინვესტირების წილი, თუკი პირველ კვარტალში 17% იყო, უკვე მეორე კვარტალში თითქმის 70%-ს მაიღწია. ეს არის ის კაპიტალი, რომელიც მოგების სახით მიიღო უცხოელმა ინვესტორმა სამშობლოში ან წარმომავლობის ქვეყანაში გატანის ნაცვლად, საქართველოს ეკონომიკაში დააბანდა. ცხადია იმიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ შედარებით უკეთესი, პროგნოზირებადი საინვესტიციო გარემოა, იმედიანად უყურებენ მომავალს და, რაც მთავარია, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა არის კეთილგანწყობილი ინვესტორების მიმართ. გარდა ამისა, იმ ქვეყნებში, სადაც შეიძლება გაეტანათ კაპიტალი, აშკარად უარესი მდგომარეობაა და ეკონომიკა უფრო მნიშვნელოვნად განიცდის ვარდნას, ვიდრე ეს ტენდენცია საქართველოში შეინიშნება", - აცხადებს სოსო არჩვაძე.

სტატისტიკოსი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის II კვარტალში 237.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 0.5 პროცენტით მეტია. 

,,ინვესტიციებში 0,5%-იან ზრდას სიმბოლური დატვირთვა აქვს. ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებლის ტოტალური გაუარესების ფონზე ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრის გაუმჯობესება შეიძლება ეკონომიკაში ,,პირველ მერცხლად" ჩავთვალოთ. მართალია, ამბობენ, რომ მას ყოველთვის ,,გაზაფხული არ მოჰყავს", მაგრამ აჩენს გაზაფხულის მოსვლის მოლოდინს და იმედს. ამ თვალსაზრისით, ,,ნავსი გაწყდა" -  შებოჭილი ზამთრის შემდეგ ეკონომიკაში გაზაფხულის ნიშნებია. ვფიქრობ, თანდათან გევქნება ის მონაცემი, რაც ეკონომიკაში პოლიტიკურ დინამიკას აჩვენებს", - განმარატვს არჩვაძე.

ცნობისთვის, „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში რეინვესტირების მოცულობა 63.5 პროცენტით გაიზარდა და 144.7 მლნ. აშშ. დოლარი, მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60.8 პროცენტი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system