თავში

რეკომენდაციები ქარსაფარი ზოლების აღდგენასთან დაკავშირებით

რეკომენდაციები ქარსაფარი ზოლების აღდგენასთან დაკავშირებით

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ქარსაფარი ზოლების რეაბილიტაცია და გაშენება ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობების ზრდას, რომელიც შეზღუდულია. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორ გიორგი გაგოშიძე report.ge-თან განმარტავს, რომ ბოლო წლებში გარკვეული ყურადღება ექცევა ქარსაფარი ზოლების აღდგენას, თუმცა მთავარია ხეების სწორად შერჩევა და პროფესიონალების ჩართვა ამ პროცესში.

მისი რეკომენდაციით, ქარსაფარების გაშენების დაგეგმვისას უნდა იქნას გათვალისწინებული მანძილი დამცავ ზოლსა და სასოფლო-სამეურნეო კულტურებს შორის. სასოფლო-სამეურნეო ნარგაობების დაჩრდილვის თავიდან ასაცილებლად ეს მანძილი საშუალოდ 8-10 მ უნდა შეადგენდეს.

,,სწორად დაგეგმილი და მოწყობილი ქარსაფარი ზოლები ზრდის ნიადაგის და ჰაერის ტენიანობას, აწესრიგებს წყლის რეჟიმს, იქმნება თოვლის დაგროვებისა და ფართობზე თანაბარი განაწილების საშუალებები, იცავს ქარებისგან და საბოლოოდ რეგულარული მოსავლის მიღებას ემსახურება. კარგია, რომ დღის წესრიგში დადგა ქარსაფარი ზოლების აღდგენისა და ფრაგმენტულად დარჩენილი მასივების რეკონსტრუქციის საკითხი, რადგან სწორად დაპროექტებული და გაშენებული ქარსაფარი ზოლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მნიშვნელოვნად შეამცირებენ როგორც ნიადაგის დეფლიაციის, ისე სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე მისი პირდაპირი უარყოფითი გავლენის პროცესსა და დაზოგავენ საირიგაციო სისტემების აღდგენა-ფუნქციონირებასა და ექსპლუატაციაზე გაწეულ ხარჯებს. ქარსაცავი ზოლების სწორი და დროული რეაბილიტაცია ასევე სასურველ შედეგს მოიტანს სავარგულების მიმდებარე სოფლების მოსახლეობის არსებობისათვის საჭირო ხელსაყრელი ეკოლოგიური გარემოს ფორმირების მხრივაც", - აცხადებს გიორგი გაგოშიძე.

ქარსაფარ ზოლებს, სხვადასხვა ღონისძიებასთან ერთად, მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ასოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი, კობა კობალაძე. 

,,მოსავლიანობის ზრდისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტილი როლი აკისრია ქარსაფარი ზოლების მოწყობას და წყლის რესურსის დაცვას. თუმცა აუცილებელია, რომ ქარსაფარი ზოლები მოეწყოს პროფესიონალების მიერ, რადგან მცირე შეცდომამაც კი შეიძლება ვერანაირი შედეგი ვერ მოგვცეს და შრომაც და ფულიც წყალში ჩაიყაროს. აუცილებელია ეკოსისტემაზე ტოტალური ზრუნვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დედამიწა დაღუპვის გზას დაადგება. ამიტომ არის საჭირო, რომ მწვანე ეკონომიკა განვითარდეს. როგორც ცნობილია, გაეროს მიერ შემუშავებული ,,მდგრადობის 17 პრინციპიდან" უმრავლესობა საქართველოს აქვს პრივატიზებული და გვინდა თუ არა, ეს საკითხი უნდა მოგვარდეს. ეს არის ჩვენს შთამომავლობაზე ზრუნვის ყველაზე კარგი და ეფექტური გზა", - განმარტავს მეცნიერი report.ge-თან.

ცნობისთვის, საქართველოში ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია, აღდგენა, გაშენება იგეგმება. ქარსაფრების საკითხი კანონმდებლობით დარეგულირდება. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა, საკანონმდებლო ორგანოში “ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ კანონპროექტი დაარეგისტრირეს, რომელიც ქარსაფარ ზოლებთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს.

წინასწარი გათვლით, ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის ხარჯი დაახლოებით 31 მილიონ ლარს შეადგენს.

არსებული მონაცემებით, ქარსაფარი ზოლების 80%-ს ესაჭიროება ხელახლა გაშენება, ხოლო 20%-ს აღდგენა/რეაბილიტაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system