თავში

რიგა - თბილისის მიმართულებაზე რეგულარული ფრენები აღდგა

რიგა - თბილისის მიმართულებაზე რეგულარული ფრენები აღდგა
რიგა - თბილისის მიმართულებაზე რეგულარული ფრენები აღდგა

ავიაკომპანია airBaltic რიგა - თბილისი - რიგას მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას განაახლებს. ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს. მათი ინფორმაციით,  2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, რომელიც მიმდინარე წლის 28 მარტს იწყება, ლატვიური ავიაკომპანია „Air Baltic“-ი რიგა - თბილისი - რიგას საჰაერო ხაზზე რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს. ავიარეისები თავდაპირველად კვირაში 2 სიხშირით ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება, ხოლო მიმდინარე წლის მაისიდან, ფრენები 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას უკვე მიენიჭა.

"გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს," - აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. 

რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. საქართველოში შემოსვლა თვითიზოლაციის გარეშე 44 ქვეყნის არავაქცინირებულ მოქალაქეს შეუძლია. ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი. რაც შეეხება ვაქცინირებულ ვიზიტორებს, ისინი ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ.

საჰაერო საზღვარი ქვეყანას დაახლოებით 10 თვე ჰქონდა დახურული. სახმელეთო საზღვარი საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 16 მარტიდან ჩაკეტა და ამ დრომდე დახურული აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system