თავში

"რიყის დოქები" 33%-იანი ფასდაკლებით იყიდება

"რიყის დოქები" 33%-იანი ფასდაკლებით იყიდება
რიყის დოქები 33%-იანი ფასდაკლებით იყიდება

58 სახელმწიფო უძრავი ქონება 50%-იანი ფასდაკლებით იყიდება. „რიყის დოქების“ გასხვისებას კი მთავრობა წინა აუქციონთან შედარებით 33%-იანი ფასდაკლებით ცდილობს.  „რიყის დოქების“ საწყისი ფასი ამჯერად 47,5 მლნ ლარია, ბიჯი კი 20 000 ლარი. წინა აუქციონზე ობიექტის საწყისი ღირებულება 71.25 მილიონი ლარი იყო, თუმცა არ გაიყიდა. ეს "რიყის დოქების" პრივატიზებისთვის გამოცხადებული რიგით მესამე აუქციონი იყო.  ამჯერად, მორიგი აუქციონი 29 აპრილს დაიწყო და 17 მაისს დასრულდება. 14 591.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა (რიყის დოქები) გარკვეული საინვესტიციო პირობით იყიდება: ინვესტორი ვალდებულია ობიექტის შესყიდვის შემდეგ ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში მრავალფუნქციური კომპლექსი (რაც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს), საგამოფენო სივრცე(ებ)ს/დარბაზ(ებ)ს) ან/და სასტუმროს) უნდა შექმნას და შესაბამისი შენობა-ნაგებობა უნდა აამოქმედოს, რისთვისაც ქონების მფლობელმა 10 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

რიყის დოქები ამ დრომდე გაუსხვისებელი რჩება, რადგან თავის დროზე გაბერილი თანხები, საბაზრო მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, - ასე ახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ინვეტორების დაბალი ინტერესი ამ ობიექტისადმი.  

თავდაპირველად ობიექტს თბილისის მერია 1 ლარად ჰყიდდა და არ გაიყიდა. კალაძემ ინვესტორების დაბალი ინტერესი იმით ახსნა, რომ ობიექტზე დაახლოებით 20 მილიონის სამუშაოებია ჩასატარებელი, რომ მთლიანად მოწესრიგდეს, რემონტი ჩატარდეს და რამე კონკრეტული ფუნქცია მიენიჭოს. კალაძე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ აცხადებდა მზაობას, რომ, თუ პრივატიზება ვერ მოხდებოდა, თანხები ობიექტის მოსაწესრიგებლად, შესაძლოა მერიას გამოენახა.

ცნობისთვის, უფრო ადრე, "რიყის დოქებში" გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს ღვინის მუზეუმის განთავსების იდეა ჰქონდა.

რიყის პარკში მდებარე ნაგებობის აშენება 75 მლნ ლარი დაჯდა. შენობა იტალიელმა არქიტექტორმა მასიმილიანო ფუკსასიმ დააპროექტა. 2016 წელს designboom.com-ის რეიტინგში ე.წ. "რიყის დოქები", მსოფლიოს 10 საუკეთესო ნაგებობას შორის მოხვდა. მილის ფორმის კონსტრუქციაში მუსიკალური თეატრი და საგამოფენო დარბაზი უნდა განთავსებულიყო, მაგრამ ამ დრომდე იქ არაფერი ხდება. ობიექტის გარე ფასადი წლების განმავლობაში დაგროვილი სქელი მტვრითაა დაფარული. მიმდინარე წლის თებერვალში თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ნაგებობით რამდენიმე კომპანია იყო დაინტერესებული, მაგრამ როგორც ჩანს, ინტერესი საქმედ ვერ იქცა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system