თავში

რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა

რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა

„რიყის დოქები“ ხუთი მცდელობის მიუხედავად არ გაიყიდა. ობიექტი 30 მლნ ლარად იყიდებოდა, თუმცა, მეოთხე აუქციონი დღეს ჩაიშალა.

ობიექტის გასაყიდად პირველი აუქციონი 2020 წლის გაზაფხულზე გამოცხადდა, მაშინ ობიექტს მთავრობა 95 მილიონ ლარად ყიდდა. ერთი წლის შემდეგ მთავრობამ ობიექტი 23.75 მილიონით გააიაფა, თუმცა ინვესტორებმა მისი ყიდვა არ ინდომეს. მესამედ კი ეს ობიექტი საპრივატიზაციოდ პროგრამა "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში კვლავ 71.2 მლნ-ად გამოვიდა, თუმცა მისი გაყიდვა ამჯერადაც ვერ მოახერხეს. ობიექტის გაყიდვის მეოთხე მცდელობა კი დღეს ჩაიშალა. აუქციონის მიხედვით, საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარეობს, შესაბამისად, ტერიტორიის განვითარების კონცეფციის ესკიზი (პროექტი) თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან უნდა შეთანხმდეს. მოთხოვნილი იყო, რომ საპრივატიზაციო ობიექტის შემძენი, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვეში საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსი (რაც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს), საგამოფენო სივრცე(ებ)/დარბაზ(ებ)) ან/და სასტუმრო) უნდა შეექმნა, რაზეც არანაკლებ 10 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

რიყის დოქები ამ დრომდე გაუსხვისებელი რჩება, რადგან თავის დროზე გაბერილი თანხები, საბაზრო მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, - ასე ახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ინვეტორების დაბალი ინტერესი ამ ობიექტისადმი.

თავდაპირველად ობიექტს თბილისის მერია 1 ლარად ჰყიდდა და არ გაიყიდა. კალაძემ ინვესტორების დაბალი ინტერესი იმით ახსნა, რომ ობიექტზე დაახლოებით 20 მილიონის სამუშაოებია ჩასატარებელი, რომ მთლიანად მოწესრიგდეს, რემონტი ჩატარდეს და რამე კონკრეტული ფუნქცია მიენიჭოს. კალაძე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ აცხადებდა მზაობას, რომ, თუ პრივატიზება ვერ მოხდებოდა, თანხები ობიექტის მოსაწესრიგებლად, შესაძლოა მერიას გამოენახა.

ცნობისთვის, უფრო ადრე, "რიყის დოქებში" გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს ღვინის მუზეუმის განთავსების იდეა ჰქონდა.

რიყის პარკში მდებარე ნაგებობის აშენება 75 მლნ ლარი დაჯდა. შენობა იტალიელმა არქიტექტორმა მასიმილიანო ფუკსასიმ დააპროექტა. 2016 წელს designboom.com-ის რეიტინგში ე.წ. "რიყის დოქები", მსოფლიოს 10 საუკეთესო ნაგებობას შორის მოხვდა. მილის ფორმის კონსტრუქციაში მუსიკალური თეატრი და საგამოფენო დარბაზი უნდა განთავსებულიყო, მაგრამ ამ დრომდე იქ არაფერი ხდება. ობიექტის გარე ფასადი წლების განმავლობაში დაგროვილი სქელი მტვრითაა დაფარული. მიმდინარე წლის თებერვალში თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ნაგებობით რამდენიმე კომპანია იყო დაინტერესებული, მაგრამ როგორც ჩანს, ინტერესი საქმედ ვერ იქცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system