თავში

"რიყის დოქებს ფუნქციას და სწორ საბაზრო ღირებულებას ვუპოვით" - თურნავა

"რიყის დოქებს ფუნქციას და სწორ საბაზრო ღირებულებას ვუპოვით" - თურნავა
რიყის დოქებს ფუნქციას და სწორ საბაზრო ღირებულებას ვუპოვით - თურნავა

რიყის დოქები გაუსხვისებელი რჩება, რადგან თავის დროზე გაბერილი თანხები, საბაზრო მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„109 ობიექტის გაყიდვა პირველივე ორ კვირაში ძალიან კარგი შედეგია! თუმცა გვაქვს ჩვენ გარკვეული ობიექტები, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაა აშენებული და არარეალურად მაღალი, გაბერილი თანხებია დახარჯული. ჩვენ ყველანი ერთად ვხედავთ, მთელი რიგი აუქციონების შემდეგაც იმავე რიყის დოქები გაუსხვისებელი რჩება, იმიტომ, რომ იმთავითვე ჩანს, ის თანხები თავის დროზე საბაზრო მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. თუ დავინახავთ, რომ თანხა არარეალურია გადავხედავთ ამ თანხებს. აუცილებლად მოხდება ფუნქციის მონახვა და სწორი საბაზრო ღირებულების პოვნა“, - განაცხადა თურნავამ.

თბილისის ცენტრში გათავსებული ობიექტი ე.წ. "რიყის დოქები" ისევ არ გაიყიდა. ობიექტის საწყისი ღირებულება 71.25 მილიონი ლარი იყო. აუქციონი გუშინ დღის ბოლოს დასრულდა და მისი შეძენა არცერთმა ინვესტორმა არ ისურვა. ეს "რიყის დოქების" პრივატიზებისთვის გამოცხადებული რიგით მესამე აუქციონი იყო.

თვადაპირველად ობიექტს თბილისის მერია 1 ლარად ჰყიდდა და არ გაიყიდა. კალაძემ ინვესტორების დაბალი ინტერესი იმით ახსნა, რომ ობიექტზე დაახლოებით 20 მილიონის სამუშაოებია ჩასატარებელი, რომ მთლიანად მოწესრიგდეს, რემონტი ჩატარდეს და რამე კონკრეტული ფუნქცია მიენიჭოს. კალაძე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ აცხადებდა მზაობას, რომ, თუ პრივატიზება ვერ მოხდებოდა, თანხები ობიექტის მოსაწესრიგებლად, შესაძლოა მერიას გამოენახა.

ცნობისთვის, უფრო ადრე, "რიყის დოქებში" გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს ღვინის მუზეუმის განთავსების იდეა ჰქონდა.

რიყის პარკში მდებარე ნაგებობის აშენება 75 მლნ ლარი დაჯდა. შენობა იტალიელმა არქიტექტორმა მასიმილიანო ფუკსასიმ დააპროექტა. 2016 წელს designboom.com-ის რეიტინგში ე.წ. "რიყის დოქები", მსოფლიოს 10 საუკეთესო ნაგებობას შორის მოხვდა. მილის ფორმის კონსტრუქციაში მუსიკალური თეატრი და საგამოფენო დარბაზი უნდა განთავსებულიყო, მაგრამ ამ დრომდე იქ არაფერი ხდება. ობიექტის გარე ფასადი წლების განმავლობაში დაგროვილი სქელი მტვრითაა დაფარული. მიმდინარე წლის თებერვალში თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ნაგებობით რამდენიმე კომპანია იყო დაინტერესებული, მაგრამ როგორც ჩანს, ინტერესი საქმედ ვერ იქცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system