თავში

რის ხარჯზე გაიზარდა საბანკო დეპოზიტები

რის ხარჯზე გაიზარდა საბანკო დეპოზიტები
რის ხარჯზე გაიზარდა საბანკო დეპოზიტები

საბანკო სფეროს სპეციალისტები კომერციულ ბანკებში დეპოზიტების ზრდის მიზეზად სავალუტო კონვერაციებს მიიჩნევენ. ისინი ფიქრობენ, რომ დეპოზიტების მოცულობა ლარის გაუფასურების პარალელურად მოიმატებს, მაგრამ ბანკების შემოსავლებზე ეს ფაქტორი თიტქმის ვერ მოახდენს გავლენას. საბანკო სფეროს ექსპერტი, პროფესორი გოჩა თუთბერიძე report.ge-თან აანონსებს, რომ კომპანიების გაკოტრების პანდემია დაიწყება, რაც ბანკების საქმიანობას მომავალში დიდ რისკს შეუქმნის იმის მიუხედავად, რომ ამ სესხების დიდ ნაწილს უზრუნველყოფა გააჩნია.

,,კურსის ცვლილების ხარჯზე ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაზრდილია, სხვა სავარაუდო მიზეზს ვერ ვხედავ, რადგან ყველა ინსტრუმენტი, რაც დეპოზიტების ზრდას განაპირობებს, რეალურად ბანკების საზიანოდ მუშაობს. კურსი იცვლება და შესაბამისად, ეს გავლენას ახდენს დეპოზიტების მოცულობაზე ლარში. აქედან გამომდინარე, რაც გაუფასურდება ლარი, მით უფრო მოიმატებს დეპოზიტები, მაგრამ რეალურ ზრდას არ მგონია ადგილი ჰქონდეს, ეს არანაირად აისახება დადებითად ბანკების დეპოზიტებში, პოზიტიური დინამიკა ჩანს მხოლოდ აღრიცხვაში, საპროცენტო ხარჯი იგივე ექნებათ და დრამატული ცვლილება ამ შემთხვევაში ნაკლებად მოსალოდნელია", - ამბობს თუთბერიძე.

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთების გაიაფებას, როგორც კი აღნიშნულთან საბანკო ასოციაციამ პროგნოზი გააკეთა, სპეციალისტებმა ეს მოსაზრება გააკრიტიკეს და იმთავითვე აღნიშნეს, რომ შექმნილ სიტუაციაში სესხების გაიაფება ვერ გაამართლებს და ბანკების ზარალს გამოიწვევს. თუმცა გოჩა თუთბერიძე განსხვავებულად ფიქრობს და აცხადებს, რომ სესხების გაიაფებით მოთხოვნა გაიზრდება. საბოლოო ჯამში, ექსპერტი ვარაუდობს, რომ ეს პოზიტიური გავლენა დიდხანს ვერ გასტანს, რადგან გაკოტრების რეჟიმში გადასული კომპანიების გადახდისუნარიანობა შესუსტდება. 

,,სესხების გაიაფება ხელს შეუწყობს საკრედიტო პორტფელის ზრდას კომერციული ბანკებისთვის, ისინი გააიფებენ სესხს და მეტი ადამიანი შეეცდება ბანკებისგან ფულის სესხებას ანუ მოთხოვნა გაჩნდება, რაც შემოსავლებს გაზრდის. ბანკები ზარალზე წავლენ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლებს გაუჩნდებათ პრობლემა და ვერ შეძლებენ აღებული ვალდებულებების შესრულებას. ცხადია, როცა ეკონომიკა რეცესიაშია, რისკები ეზრდებათ კომერციულ ბანკებს და მათ ექნებათ დანაკარგები, მაგრამ მათ მიერ გაცემული სესხების აბსოლუტური უმრავლესობა გარანტირებულია, მათ აქვთ სესხების უზრუნველყოფა. ის, რომ ეროვნულმა ბანკმა გაამკაცრა სესხების გაცემის პირობები, მათ მნიშვნელოვანი დანაკარგებისგან დაიცავს, მაგრამ გარკვეული ზარალი მაინც იქნება. ძალიან ბევრი კომპანია გადავა გაკოტრდება, ქვეყანა ფაქტობრივად ჩაკეტილია და მთავრობა ვერაფერს აკეთებს ეკონომიკის სტიმულირებისთვის. ამას მოყვება გაკოტრების პროცესი,  ჯაჭვური რეაქციაა, ტურიზმში გაჩინილი კრიზისი იქნება გადამდები სხვა ობიექტებისთვის და საბოლოოდ მივიღებთ გაკოტრების პანდემიას, შესაბამისად, ბანკებს გარკვეული სესხების ჩამოწერა მოუწევთ. ვიმედოვნებ, რომ ბანკების ხელში არსებული კაპიტალი ამ მნიშვნელოვან რისკებს გაუძლებს, სექტორს ნამდვილად რთული პერიოდის ელის", - აცხადებს გოჩა თუთბერიძე report.ge-თან.

ცნობისთვის, საბანკო დეპოზიტების მოცულობა 2020 წლის აგვისტოში წ/წ 19.1%-ით გაიზარდა და 30.9 მლრდ ლარს გაუტოლდა.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში. დოკუმენტის მიხედვით, ლარის დეპოზიტებმა - 12.5 მლრდ (+36.3% წ/წ), ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტების მოცულობამ 18.4 მლრდ ლარის ექვივალენტი (+9.3% წ/წ) შეადგინა.  გარდა ამისა, როგორც კვლევაშია აღნიშნული, ლარში გაცემული სესხების ჯამური თანხა 14.9 მლრდ ლარს (+14.4% წ/წ), ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების ჯამური მოცულობა 19.6 მლრდ ლარის ექვივალენტს (+10.4%* წ/წ) გაუტოლდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system