თავში

რის ხარჯზე მოიმატა ექსპორტმა იანვარ-აპრილში

რის ხარჯზე მოიმატა ექსპორტმა იანვარ-აპრილში
რის ხარჯზე მოიმატა ექსპორტმა იანვარ-აპრილში

სპილენძის მადნები, მსუბუქი ავტომობილები და ფეროშენადნობები - ექსპორტის სასაქონლო ჯგუფში ამ პროდუქციას მოწინავე პოზიცია უჭირავს. სოფლის მეურნეობის პროდუქციიდან კი ასეთია ღვინო და ალკოჰოლური სასმელები. აქედან გამომდინარე, როგორც აკადემიკოსი ავთო სილაგაძე აცხადებს, სტატისტიკის მიღმა დიდად იმედისმომცემი რეალობა არ დგას, რადგან მწარმოებლური დოვლათი ქვეყნიდან ნაკლებად გადის და სასაქონლო ჯგუფის მიხედვით ფაქტობრივად არაფერი იცვლება.

,,უმსხვილესი სასაქონლო პოზიციის მიხედვით, იანვარ-აპრილში ექსპორტი საგრძნობლად დაწინაურდა. ჯერჯერობით მოწინავე პოზიციაზეა სპილენძის მადნები, მსუბუქი ავტომობილები, ფეროშენადნობ ების პროდუქცია, ღვინო და სპირტიანი სასმელები. ექსპორტმა მოიმატა და ეს არის ძალიან კარგი ფაქტი, ამ 4 თვის განმავლობაში, გარკვეული აქტიურობა შეიმჩნევა ეკონომიკაში. განსაკუთრებით დატვირთულია აპრილი, რაც სავსებით მოსალოდნელია და ეკონომიკის გახსნასთან უშუალო კავშირშია. რა თქმა უნდა კარგია, როცა ექსპორტი იზრდება, მაგრამ ზრდაა იმ მონაცემებთან შედარებით, რომელიც უმოძრაო, გაჩერებულ პერიოდს უკავშირდება. ამ პირობებში უარყოფითი სალდოს შემცირება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ცოტა ზრდა გამოჩნდა, თუმცა ჯერჯერობით სამუშაო ადგილები არ იზრდება. ექსპორტის საერთო მასშტაბები მაინც არასაკმარისად მიმაჩნია“, - ამბობს სილაგაძე report.ge-თან.

განსხვავებული მოსაზრებისაა სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე, რომელიც ფიქრობს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ექსპორტი ყველაზე მაღალ, რეკორდულ მაჩვენებელზეა და დიდ იმედს იძლევა. 

,,ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან - რუსეთთან, ჩინეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან უარყოფითი სავაჭრო სალდო გვაქვს. აქედან გამომდინარე საკმაოდ დიდი წარმატებაა მიღწეული საგარეო ვაჭრობაში. ეს წარმატება რეალური სექტორის, სამრეწველო და კვების პროდუქციის დამსახურებაა. ვხედავთ, რომ ექსპორტი მყარად იზრდება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ შევძლოთ მომავალშიც წარმოების მნიშვნელოვანი ზრდა და საგარეო ვაჭრობაში არსებული ტენდენცია შევინარჩუნოთ. ამ მხრივ სტატისტიკა საკმაოდ საიმედოა“, - აღნიშნავს არჩვაძე.

ცნობისთვის, საქსტატის დღეს განახლებული მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 198.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საგარეო ვაჭრობის 4 თვის ანგარიშის თანახმად, საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან 9 დასახელების პროდუქტის ექსპორტი გაზრდილია. შემცირებულია მხოლოდ მსუბუქი მანქანების ექსპორტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system