თავში

რის ხარჯზე მცირდება უარყოფითი სავაჭრო სალდო

რის ხარჯზე მცირდება უარყოფითი სავაჭრო სალდო
რის ხარჯზე მცირდება უარყოფითი სავაჭრო სალდო

საგარეო ვაჭრობის ოფიციალური სტატისტიკის კომენტირებისას, სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ  ექსპორტით იმპორტის გადაფარვით, რამაც აპრილში შეადგინა 50.5 პროცენტი, ისტორიულად ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მისი თქმით, მიმდინარე წელს თვიდან თვემდე მკვეთრად, ყოველთვიურად საშუალოდ 51.3 მლნ. აშშ დოლარით იზრდება საქართველოს ექსპორტის მოცულობა.

,,მოხდა ისტორიული ფაქტი, მცირე ნაბიჯებით, მაგრამ წინ მივიწევთ წარმატებისკენ საგარეო ვაჭრობაში. ის, რომ საქართველოს ექსპორტის მიერ იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელი 50%-ს გადასცდა, სიმბოლური დატვირთვისაა. ასე ვთქვათ, ,,ეკვადორი გადალახულია".  იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან - რუსეთთან, ჩინეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან უარყოფითი სავაჭრო სალდო გვაქვს, საკმაოდ დიდი წარმატებაა მიღწეული. თანაც, აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 70%-იანი ზრდაა, რაც საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელია. რეკორდული იყო ექსპორტის მიმართულებით 2019 წლის დეკემბერი, ახლა ცოტა ნაკლებია, რაც რეალური სექტორის, კერძოდ, სამრეწველო და კვების პროდუქციის, აგროსექტორის დამსახურებაა. ექსპორტის მოცულობის ზრდა თავისთავად წარმოადგენს რეალური სექტორის მზარდ პოტენციალს, რათა ადგიოლობრივი და გარე მომხმარებლების დაკმაყოფილება შევძლოთ. ამ მხრივ სტატისტიკა საკმაოდ ოპტიმისტურ საფუძველს იძლევა", - აცხადებს report.ge-თან სოსო არჩვაძე.

მრეწველობისა და ზოგადად, შიდა წარმოების ზრდაზე აკეთებს აქცენტს აკადემიკოსი ავთო სილაგაძე, რომელიც ამბობს, რომ საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, მომხმარებლური ქვეყნიდან მწარმოებლურ სახელმწიფოდ იქცეს.

,,რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით, ამიტომ ყოველი ნაბიჯი, რაც ექსპორტის ზრდის მიმართულებით გადაიდგმევა, მნიშვნელოვანია. სავაჭრო ურთიერთობები მთელი  წლების განმავლობაში უარესდებოდა იმის გამო, რომ გასატანი პროდუქცია არ გაგვაჩნდა. თანდათან ვერევით ამ პრობლემას. პანდემიურ გლობალურ პრობლემას შეგვიძლია ვუპასუხოთ მხოლოდ საკუთარი პროდუქციის წარმოებით, რომლის რესურსი გვაქვს. მაქსიმალური უნდა გაკეთდეს, რომ მწარმოებლურ ქვეყნას ვიქცეთ,  რათა იმპორტის წილი შემცირდეს. ამით სამუშაო ადგილების ზრდას  უზრუნველვყოფთ ", - ამბობს report.ge-თან ავთო სილაგაძე.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 929.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.8 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1 199.0 მლნ. აშშ დოლარი იყო, (19.6 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 730.0 მლნ. აშშ დოლარი (10.1 პროცენტით მეტი).

საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-აპრილში 1 531.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.0 პროცენტი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system