თავში

რისი ხარჯი გაეზარდა მოსახლეობას

რისი ხარჯი გაეზარდა მოსახლეობას
რისი ხარჯი გაეზარდა მოსახლეობას

2020 წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 3.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო აგვისტოსთან შედარებით ფასები 0.7 პროცენტით გაიზარდა. 

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის სექტემბრის მიმოხილვაში.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი მატება ბენზინზე, ყველზე და სისხლძარღვთა გამაფართოებელ მედიკამენტებზე დაფიქსირდა. 

თითოეული ამ პროდუქტის წვლილმა ინფლაციის მატებაზე 0.1 პროცენტული პუნქტით (პპ) იმოქმედა. 

საპირისპიროდ, 0.1 პპ-ით შეამცირა ინფლაცია რეპეტიტორის მომსახურების გაიაფებამ.  

წლიურ ჭრილში აღსანიშნავია, რომ სურსათის ინფლაციის შემცირების დინამიკა სექტემბერშიც გაგრძელდა და 6.1 პროცენტი შეადგინა. სექტემბრის 3.8 პროცენტიანი ინფლაციიდან სურსათზე 1.7 პპ მოდიოდა, საიდანაც მხოლოდ ყველზე, პურზე, ვაშლსა და ხორცზე - 0.6 პპ. სხვა პროდუქტებიდან წლიურად 13.3 პროცენტით გაძვირებული სიგარეტის (წვლილი ინფლაციაში 0.4 პპ) და მსოფლიო ბაზარზე ოქროზე ფასის მატებით გამოწვეული ქორწინების ოქროს ბეჭდის 42.3 პროცენტით გაძვირებაა (წვლილი ინფლაციაში 0.2 პპ) გამოსარჩევი.

სექტემბერში წლიურ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად, საწვავის გაიფებამ იმოქმედა, ბენზინმა, დიზელმა და გაზის საწვავმა ინფლაცია ჯამში 0.9 პპ-ით შეამცირა. წლიურმა საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 4.7 პროცენტამდე იკლო.

სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ იმპორტირებულ საქონელზე 2.3 პროცენტი, ხოლო ადგილობრივად წარმოებულ საქონელზე 4.5 პროცენტი შეადგინა. შერეული საქონელი 3.7 პროცენტით გაძვირდა. იმპორტირებული საქონ­ლის ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი საწვავის ფასის წლიურად საგრძნობ შემცირებას უკავშირდება.

2020 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ხანმოკლე მოხმარების საქონელზე ფასებმა 0.8 პროცენტით მოიმატა, საშუალო და ხანგრძლივი მოხმარების საქონელი 1.2 პროცენტით გაძვირდა. ხოლო მომსახურება 0.2 პროცენტით გაძვირდა. წლიური მაჩვენებლების მიხედვით, ხანმოკლე, საშუალო და ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე ფასებმა, შესაბამისად, 4.3, 4.7 და 8.0 პროცენტით მოიმატა. მომსახურება 2.1 პროცენტით გაძვირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system