თავში

რისი "თავი" აქვს "საქართველოს რკინიგზას"

რისი "თავი" აქვს "საქართველოს რკინიგზას"
რისი თავი აქვს საქართველოს რკინიგზას

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სპეციალისტებს "საქართველოს რკინიგზის" მიმართ შეკითხვები დიდი ხანია აქვთ. მათი განმარტებით, იმისთვის, რომ ქვეყანამ სატრანზიტო ჰაბის ფუნქცია შეასრულოს რეგიონში, საქართველომ მსოფლიოს სარკინიგზო სივრცეში უნდა დაამტკიცოს თავისი კონკურენტუნარიანობა.

ექსპერტი დავით გოჩავა ფიქრობს, რომ საქართველოს ავტორიტეტის მოპოვება სჭირდება მსოფლიოს სამ, სარკინიგზო ცენტრში, ესენია: ვალანსიენი, სადაც განლაგებულია „ევროპის კავშირის რკინიგზების სააგენტო“, ვარშავა, სადაც მდებარეობს რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაცია ОСЖД  და მოსკოვი, სადაც ფუნქციონირებს დსთ-ს სარკინიგზო ტრანსპორტის საბჭო.

გოჩავა მიიჩნევს, რომ ქვეყანა სარკინიგზო-სატრანზოტო ფუნქციას ვერ ასრულებს, რითაც ტვირთებისა და შემოსავლების გარდა, კარგავს ავტორიტეტს და რკინიგზის საერთაშორისო საზოგადოების ნდობას.

"მსოფლიოს სამ, ასე ვთქვათ, სარკინიგზო ცენტრში გვაქვს დასამტკიცებელი, რომ „საქართველოს რკინიგზის“ მართვის თავი გვაქვს. ვალანსიენში იციან, რომ „თავი“ საერთოდ არ გვაქვს! ჩამოვიდნენ ერთხელ, და რომ ნახეს, რა მდგომარეობაა საქართველოს რკინიგზაში, თავი დაგვანებეს - მიხვდნენ არაფერს ჰქონდა აზრი, ნუ, სარკინიგზო-საინჟინრო საკითხებს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. ვარშავაში იციან, რომ „თავი“ გვაქვს, მაგრამ ცარიელია, რადგან იქ მისიას დოპლომატი ხელმძღვანელობს, რომელსაც სარკინიგზო საქმესთან მანამდე არასრდროს ჰქონია შეხება! მოსკოვში კი... მოსკოვში „თავი“ მოჭრილი გვაქვს საერთოდ," - გვეუბნება გოჩავა და მიზეზსაც განმარტავს. 

„საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორმა 2019 წლის 31 დეკემბრის 13 საათზე და 20 წუთზე დსთ-ს სარკინიგზო ტრანსპორტის საბჭოს დირექციაში დაახლოებით ასეთი შინაარსის ტელეგრამა №173 გააგზავნა: საბჭოს დირექციას 2019 წლის 17 დეკემბერის ტელეგრამით №100 მოგმართეთ თხოვნით, სავაგონო მეურნეობის კომისიის სატვირთო ვაგონების ექსპლუატაციის საკითხებში სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამატებით განხილულიყო შეტყობინება №8, მაგრამ 2019 წლის 17-18 დეკემბერს ჩატარებულ სხდომაზე, ჩვენთვის უცნობი მიზეზებით, საკითხი ვერ მოხვდა განსახილველი საკითხების დღის წესრიგში და არ განხილულა. გთავაზობთ სატვირთო ვაგონების ექსპლუატაციის საკითხებში სამუშაო ჯგუფის მორიგ სხდომაზე დღის წესრიგში ჩართოთ და განიხილოთ შეტყობინება №8 იმ ნაწილში, რომელიც ეხება კასეტური ტიპის საკისარების გამოყენებას სატვირთო ვაგონებში წყვილთვლებით, რომლებიც დაკომპლექტებულია გორგალაჭებიანი საკისარებით. ინიციატივის გაუმართლებლობაზე არაერთხელ მითქვამს, მაგრამ ამ შემთხვევაში, „კასეტურ საკისარებს“ თავი დავანებოთ, და უბრალოდ ერთ რაღაცას დააკვირდით: ჩვენო 17 დეკემბერს ტელეგრამა გამოგიგზავნეთო, რომ 17 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგში შეგეტანათ რაღაც საკითხიო, და ვერ გავიგეთ, რატომ არ შეიტანეთ და განიხილეთო... ახლა ამ ტელეგრამას იქ პირველი, უეჭველი, ვიღაც კანცელარიაში მომუშავე რუსის ქალი მიიღებდა და წარმომიდგენია მისი სახე, გაკვირვება და შემდეგ, ერთი-ორი კაი სიტყვა, რასაც ის აუცილებლად იტყოდა. თავის მოჭრაა ეს, აბა რა არის! ეს ბავშვობიდან რკინიგზაში გაზრდილ ინჟინერს მოსდის, და ახლა წარმოიდგინეთ ისტორიკოსი, ფინანსისტი და სტომატოლოგი, - რა ვიცი, ვინ არ არის რკინიგზაში, - , რომელიც გარკვეულ მიმართულებებს ხელმძღვანელობენ კომპანიაში, და მიხვდებით ყველა უბედურების სათავე სად არის და რაში მდგომარეობსჩემს მიზანს არ წარმოადგენს "საქართველოს რკინიგზისთვის" რაიმე სახის ჩრდილის მიყენება, მაგრამ გული მწყდება, რომ ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან დარგს პატრონი არ ჰყავს... რკინიგზელებს კი გამოფხიზლებისაკენ და გააქტიურებისაკენ მოვუწოდებ!" - ამბობს გოჩავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system