თავში

რით იწვევს კრიტიკას 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი

რით იწვევს კრიტიკას 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი
რით იწვევს კრიტიკას 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს ეკონომისტების ნაწილი არ იწონებს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საბიუჯეტო რესურსი რეალურად ვერ ხმარდება წარმოების ზრდასა და განათლების სფეროს მხარდაჭერას, რაც ბიუჯეტისთვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. ის, რომ მთავრობა ბიზნესს გარკვეულ შეღავათებს უწესებს, ეკონომისტ სოსო სიმონიშვილის შეფასებით, ძირითადად საბანკო სექტორისკენ მიმართული სახსრებია და მოსახლეობის კეთილდღეობას ვერ აუმჯობესებს.

,,ბიუჯეტის წილი მშპ-ს 1/3-ია, ეს არის მთლიანად მთელი ქვეყნის ფული, ამიტომ საკითხავია, რამდენად არის ამ ქვეყანაში იმის სიტუაცია, რომ ფული დაიხარჯოს, დამატებითი ღირებულება შეიქმნას და ქვეყანაც და ხალხიც ფეხზე დადგეს. 17 მილიარდი ლარის, ამდენი ფულის წამოღება ბიუჯეტში არ მიმაჩნია სწორად. ვხედავთ, რომ ბიუჯეტი მთლიანად ხარჯვაზე არის ორიენტირებული. ამდენად, ჩემი აზრით, ბიუჯეტის ზრდა არ არის კარგი ნიშანი, ეს ნიშნავს ქვეყნის განვითარების შეფეხებას. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის დიდი ნაწილი ხელისუფლებამ მიმართა კერძო სექტორის წახალისებაზე, როგორიცაა სესხის პროცენტის დაწევა, სხვადასხვა სახის შეღავათები და სხვა. თუმცა თუ დავაკვირდებით, გადაწყვეტილების მიმღებია ბანკები და არა ის, ვინც ამ ფულს იხდის. შეღავათიან კრედიტებს, რომელსაც ბიუჯეტი მოსახლეობის გადამხდელი ფულით ავსებს, ისევ და ისევ მსხვილი ბიზნესების ხელშეწყობას ხმარდება ანუ ამ კრედიტების ამღებები არიან ის ადამიანები, რომლებსაც კარგად დივერსიფიცირებული ბიზნესები აქვთ. გამოდის, რომ ასეთი მიდგომით მდიდარი უფრო მდიდრდება და ღარიბი კიდევ მეტად ღარიბდება. გაჭირვებული ფენის მიერ გადახდილი ფული ფაქტობრივად, მდიდრების ჯიბეში მიდის. ეს არ არის სწორი, ჩვენი ბიუჯეტის ფინანსები მაქსიმალურად თუ არ მივმართოთ რეალურ სექტორზე, წარმოების განვითარებაზე, სხვანაირად გამოვა, რომ ფულს ტყუილად დავხარჯავთ. ვალს ავირებვთ და არაფერი შეგვემატება. ცხადია, სხვა სექტორიც არ უნდა დავივიწყოთ, მაგრამ აქცენტი წარმოებასა და განათლებაზე უნდა გაკეთდეს, ვექტორი ამისკენ უნდა შემოტრიალდეს", - ამბობს სიმონიშვილი.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომდევნო წელს მთავრობა 17.07 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია.

მომავალი წლის გაზრდილ ხარჯს მთავრობა 2020 წელს აღებული საგარეო ვალით აბალანსებს.

დოკუმენტის თანახმად, მომდევნო წელს მთავრობა დამატებით 2.1 მილიარდი ლარის მოცულობის ახალი საგარეო ვალის აღებას გეგმავს. შედარებისთვის 2020 წელს ახალი საგარეო ვალის აღებით მიღებული შემოსავალი 6.2 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული. შიდა ვალის სახით კი მთავრობა 1 მილიარდი ლარის მოზიდვას გეგმავს, რაც 2020 წლის შიდა ვალის გეგმასთან შედარებით 850 მილიონი ლარით ნაკლებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system