თავში

რით იზიდავს საქართველო ინვესტიციებს

რით იზიდავს საქართველო ინვესტიციებს
რით იზიდავს საქართველო ინვესტიციებს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 13.7 პროცენტით აღემატება 2018 წლის მესამე კვარტალის მაჩვენებელს.

ქვეყანაში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნებია: გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, თურქეთი, ჩინეთი, აშშ.  

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და $96.0 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 23.0 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 49.3 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სასტუმროების და რესტორნების სექტორი 45.7 მლნ. აშშ დოლარით. ინვესტიციების ნაკადების მიზედვით, შემდეგ პოზიციებზეა: მშენებლობა, ენერგეტიკა და უძრავი ქონება.

უცხოელი ინვესტორები ყველაზე მეტ ინტერესს იჩენენ დედაქალაქის მიმართ. შესაბამისად, 2019 წლის 9 თვში ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების მეტი წილი თბილისზე მოდის. აქ დროის აღნიშნულ მონაკვეთში 267. 634.9 ათასი დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. უცხოელი ინვესტორებვისთვის წელს საინტერესო აღმოჩნდა ზღვისპირა ზოლი,აჭარის რეგიონი, სადაც 2019 წლის 9 თვეში 52.454.3 ათასი დოლარის ინვესტიცია იქნა მოზიდული. სამეგრელო-ზემო სვანეთში კი დროის ამ მონაკვეთში 31.612.0 ათასი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო.

report.ge დაინტერესდა, რა განაპირობებს საქართველოსადმი უცხოელი ინვესტორების გაზრდილ ინტერესს. შესაბამისი კითხვით ეკონომიკის სამინისტროს მივმართეთ. უწყებაში განმარტავენ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წლიდან წლამდე მერყევია და ჩვენისთანა პატარა ქვეყანაში დიდად არის დამოკიდებული ცალკეული მსხვილი პროექტის დაწყება-დასრულების ვადებზე. აქედან გამომდინარე, უწყებამ მართებულად მიიჩნია ინვესტიციების დინამიკის საშუალოვადიანი პერიოდის შეფასება.

"2013-2018 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალო მაჩვენებელი 34.4%-ით არის გაზრდილი 2007-2012 წლების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. მშპ-თან მიმართებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონით საქართველო ინარჩუნებს ყველაზე მაღალ მაჩვენებელს არა მხოლოდ რეგიონში და არამედ მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებთან შედარებით," - განუმარტეს report.ge-ს ეკონომიკის სამინისტროში.

აღმოჩნდა, რომ 2019 წლის მესამე კვარტალში ინვესტიციების ზრდაში მაღალია რეინვესტირების მაჩვენებლის ზრდის გავლენა. რეინვესტირების მოცულობა ორჯერ მეტად 107.0%-ით გაიზარდა და 258.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. რეინვესტირების წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 34.1%-დან 62.0%-მდე გაიზარდა. როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რეინვესტირების ზრდა ნათლად მიანიშნებს ინვესტორთა პოზიტიურ მოლოდინებზე საქართველოს მიმართ.

"ეკონომიკის სექტორების მიხედვით ინვესტიციების ზრდაში ძირითადი წვლილი საფინანსო, მშენებლობის და ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სექტორებში ინვესტიციების ზრდამ შეიტანა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი - 5.7-ჯერ ზრდა დაფიქსირდა საფინანსო სექტორში და 96.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი - 65.0%-იანი (17.1 მლნ. აშშ. დოლარით) ზრდა დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში და 43.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მომსახურების სექტორში გაიზარდა 12-ჯერ (10.3 მლნ. აშშ. დოლარით) და 11.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა," - განუცხადა report.ge-ს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

მინისტრის შეფასებით, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას განაპირობებს მისი დაწინაურება საერთაშორისო ეკონომიკურ რეიტინგებში.

"2019 წლის ოქტომბერში სარეიტინგო კომპანია „S&P“-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი “BB-“დან „BB“ - მდე გააუმჯობესა. მანამდე, 2019 წლის თებერვალში სარეიტინგო კომპანია „Fitch”-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB-“-დან „BB“-მდე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა. აგვისტოში სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება. ბიზნესის კეთების სიმარტივის და საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიო მასშტაბით. მსოფლიო ბანკის „Doing Business 2020“ წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ 190 ქვეყანას შორის მე-7 ადგილი დაიკავა. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სარეიტინგო კომპანიების შეფასებები და სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყნის საინვესტიციო მიზიდველობაზე და იზრდება უცხოელი ინვესტორების ნდობა ჩვენი ქვეყნის ბიზნეს გარემოს მიმართ. აღნიშნულს ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები," - განუცხადა report.ge-ს ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system