თავში

რკინიგზის გაყიდვა სახელმწიფოს ღალატია - სპეციალისტები მთავრობას

რკინიგზის გაყიდვა სახელმწიფოს ღალატია - სპეციალისტები მთავრობას
რკინიგზის გაყიდვა სახელმწიფოს ღალატია - სპეციალისტები მთავრობას

"საქართველოს რკინიგზის გაყიდვა, იმ ფორმით რა ფორმითაც ის დღეს ოპერირებს, არის სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი," - ამის შესახებ სატრანსპორტრო საკითხებზე მომუშავე პლატფორმა "ჰაბ ჯორჯიაში" აცხადებენ. ორგანიზაციის პრეზიდენტი ვასო ურუშაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს რკინიგზას სჭირდება რეფორმა, დეცენტრალიზაცია და გადაზიდვების კომპონენტში კერძო სექტორის თავისუფალი დაშვება.

"საქართველოს რკინიგზის რეფორმის დღის წესრიგი გაწერილია ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფორმატში, რომელიც მოიცავს რვა დირექტივას. დღემდე რკინიგზის კომპონენტში, ევროკავშირთან აღებული არც ერთი ვალდებულება საქართველოს მთავრობას არ შეუსრულებია, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ქართული ოცნების პოლიტიკური ინტერესია მოხდეს საქართველოს რკინიგზის, როგორც ერთიანი ორგანიზაციის, საბჭოური მოდელით გასხვისება, რომელსაც არაერთი ანალოგი აქვს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ამ ფორმით, საქართველოს რკინიგზის ნებისმიერი შემსყიდველი კომპანიის უკან აუცილებლად იქნება რუსეთის ინტერესები, რომელსაც სურს აკონტროლოს საქართველოსა და აზერბაიჯანის სატრანსპორტო დერეფანი და არ მოგვცეს დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობა. ჩვენი მიზანია საქართველოს რკინიგზაში განხორციელდეს ევროპული სტანდარტის რეფორმები, რაც განაპირობებს საქართველოს სარკინიგზო სისტემის ევროკავშირის ქვეყნების რკინიგზებთან ინტეგრაციას," - წერს სპეციალისტი.

შეგახსენებთ, დღეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციაზე "საქართველო და მსოფლიო 2020" პრივატიზაციის შესაძლო გეგმების შესახებ, მათ შორის, საქართველოს რკინიგზის პრივატიზების, შესახებაც ისაუბრა. მინისტრის თქმით, რკინიგზის "ანბანდლინგზე" მსჯელობა ღირს. მოგვიანებით ფინანსთა მინისტრის მოსაზრება ეკონომიკის მინისტრმა დააზუსტა. ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მთავრობა რკინიგზის პროვატიზაციას არ განიხილავს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, ფინანსთა მინისტრი რკინიგზაზე საუბრისას მის რესტრუქტურიზაციას გულისხმობდა.

ეკონომიკის მინისტრის მოსაზრებას იზიარებს რკინიგზის საკითხების ექსპერტი დავით გოჩავაც. მისი თქმით, რკინიგზის პრივატიზაცია აუცილებელია, თუმცა ამ ეტაპზე პირველი რიგის საკითხი რესტრუქტურიზაცია უნდა იყოს.

"ახლა რესტრუქტურიზაციაა საჭირო - ანუ რკინიგზის მომზადება: ერთმანეთისაგან უნდა განცალკევდეს ის, რაც სახელმწიფოს უნდა დარჩეს, და ის, რაც შეიძლება კერძო სექტორს გადაეცეს. რესტრუქტიზაციის მიზანი ეს არის: რკინიგზის მომზადება პრივატიზაციისთვის," - განუცხადა report.ge-ს დავით გოჩავამ და დასძინა, რომ პრივატიზაციისათვის მომზადებაში იგულისხმება რკინიგზის აქტივების და საქმიანობის ისეთნაირად დანაწევრება, რომ ერთ მხარეს დარჩეს ის, რაც სახელმწიფოს უპირობო კომპეტენციას ეკუთვნის, ხოლო მეორე მხარეს ის, სადაც კერძო სექტორი შეიძლება შემოვიდეს. ეს პროცესი მინიმუმ 7-8 წელიწადს საჭიროებს, თანაც იმ შემთხვევაში, თუ „საქართველოს რკინიგზის“ კონსერვატული მმართველი ელიტა ჩამოშორდება რკინიგზის მართვას და სადავეები გადავა რეფორმატორების ხელში.

"ამ ფორმით, საქართველოს რკინიგზის ნებისმიერი შემსყიდველი კომპანიის უკან აუცილებლად იქნება რუსეთის ინტერესები, რომელსაც სურს აკონტროლოს საქართველოსა და აზერბაიჯანის სატრანსპორტო დერეფანი და არ მოგვცეს დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობა,"  - აცხადებს გოჩავა.

შეგახსენებთ, ამჟამად საქართველოს რკინიგზა სახელმწიფოს კუთვნილ საინვესტციო ფონდს "საპარტნიორო ფონდს" ეკუთვნის.

ცნობისთვის, საქართველოში სატრანსპორტო დარგები გასულ წელს 412.2 მლნ მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2018 წლის მაჩვენელებს 10.9 მლნ მგზავრით აღემატება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე მეტი მგზავრი გასულ წელს საავტომობილო ტრანსპორტმა გადაიყვანა. ტრანსპორტის ეს დარგი 404 მლნ მგზავრს მოემსახურა. გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობით, მეორე პოზიაციაზეა სამოქალაქო ავიაცია, ამ დარგით 2019 წელს 5.2 მლნ მგზავრმა ისარგებლა. გასულ წელს 3 მლნ მგზავრს მოემსახურა რკინიგზა.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, შარშან საქართველოს რკინიგზით გადაიზიდა 9%-ით მეტი ტვირთი. გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი კი გაიზარდა 28%-ით.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system