თავში

როდიდან შემცირდება ფასები სასურსათო ბაზარზე

როდიდან შემცირდება ფასები სასურსათო ბაზარზე
როდიდან შემცირდება ფასები სასურსათო ბაზარზე

ბოლო რამდენიმე დღეა, ლარის კურსი მყარდება, მაგრამ  სამომხმარებლო ბაზარს ჯერჯერობით ეს გავლენა არ ეტყობა. ბიზნესი აცხადებს, რომ მინიმუმ, 2-3 თვეა საჭირო კურსის გავლენა ფასებზეც ადეკვატურად აისახოს. ლარის ქცევიდან გამომდინარე კი, როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე, იმპორტიორი ივა ჭყონია report.ge-თან ამბობს, ლიკვიდური პროდუქტების ფასები შეიძლება მცირედით შემცირდეს, თუმცა პროდუქტების უმეტესობის ფასი შენარჩუნდება. ასეთ დამოკიდებულებას განაპირობებს ის გარემოებაც, რომ ბიზნესს, ჭყონიას თქმით, ლარის მიმართ ნდობა არ აქვს.

,,სამომხმარებლო ბაზარზე ლიკვიდურ პროდუქტებზე ფასები შედარებით მალე აისახება, მაგრამ რომ რომელშიც ძვირია გადახდილი, 2-3 თვე დასჭირდება, გაიაფდეს. თუმცა პრეისტორია რომ გავიხსენოთ, არასდროს გვახსოვს, რომ გამყარებული კურსი შეენარჩუნებინათ დიდი ხნის განმავლობაში. ამ მხრივ პერსპექტივას ვერც ახლა ვხედავ. ამიტომ აქციების ხარჯზე, განსაკუთრებით სუპერმარკეტებში, კომპანიები მაღალ ფასებს მეტნაკლებად აბალანსებენ. ჩათვალეთ, რომ მეტი აქცია მოეწყობა და ბევრ პროდუქტს შედარებით ნაკლებ ფასში მიიღებენ მომხმარებლები. იმპორტიორებმა ეს გამოსავალი გამონახეს სუპერმარკეტების წარმომადგენლებთან ერთად. რაღაც პერიოდში, აქციების ხარჯზე მოხდება გაყიდვების სტიმულირება სხვადასხვა აქციის ფარგლებში. პირველადი მოხმარების პროდუქტი სწრაფად ბრუნავს, ცვლილება მალე აისახება, მაგრამ არის პროდუქტები, რაზეც დაკლებულ ფასს 2 თვეზე მეტიც შეიძლება დასჭირდეს. თუმცა, ლარის კურსზე იმედის დამყარება ყველაზე ნაკლებსაიმედოდ მესახება", - ამბობს ივა ჭყონია report.ge-თან.

არასტაბილური ბაზრის გამო, ლარის გამყარების მყისიერ ასახვას პროდუქციის ფასზე, არც კომპანია ,,დუს” დამფუძნებელი, დავით გოგიჩაიშვილი ვარაუდობს. მისი თქმით, სავალუტო სტაბილურობა სამი თვე მაინც უნდა გაგრძელდეს, რომ ბაზარზე ასახვა და გაიაფება დაიწყოს.

,,ნურავის ექნება მოლოდინი, რომ კურსი ჯერჯერობით მყარდება და მყისიერად დაიწევს პროდუქტის ფასეც. მოკლევადიან პერსპექტივაში ჯერ არაფერი შეიცვლება, მაგრამ 2,5-3 თვის განმავლობაში თუ ლარი უფრო გამყარდა ან თუნდაც 3,33-3,35-იანი ნიშნული შეინარჩუნა, რა თქმა უნდა, დაიკლებს ფასები. სხვა შემთხვევაში ვერაფერს მოვახერხებთ. ახლა თანდათან სტაბილურდება ლარი და სამომავლოდ ფასებზეც იმოქმედებს. იმპორტის შემთხვევაში, რთულია გადაწყვეტილებისასე უცებ  მიღება.  ლარის გამყარების პროცესმა, სულ მცირე, შემოდგომამდე უნდა გასტანს“, - ამბობს იმპორტიორი.

რაც შეეხება ლარის გამყარების მიზეზს, შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ლარის კურსის გამყარებას ეკონომიკის გააქტიურება-აღდგენასა და ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებას უკავშირებს. მინისტრის განმარტებით, ბოლო დროს პოზიტიური მოლოდინები გაჩნდა ყველა მიმართულებით, მათ შორის, ტურიზმის სექტორისა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებით.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, გუშინ 1 ამერიკული დოლარი 3.3537 ლარი ღირდა. 1 ევროს შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 4.0895 ლარია. 

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2883 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system