
ეკონომიკის სამინისტრო ანტიდემპინგური კანონის ამოქმედების ვადად 2021 წლის 1-ელ ივნისს ასახელებს.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ვადების კორექტირების მიზეზი განმარტა.
„ ვადებთან დაკავშირებით მოხდა ცვლილებები და იმედია, რომ კომიტეტი და პარლამენტი გაითვალისწინებს. იქიდან გამომდინარე, რომ წელს ბიუჯეტში არაა თანხა გათვალისწინებული, შესაბამისად, საჭირო იქნება დამატებითი თანხების მობილიზება, რომელიც 2021 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. ჩვენ დაგვჭირდება მომზადება, კონკურენციის სააგენტოში ახალი თანამშრომლების აყვანა, დატრენინგება. ამისთვის გარკვეული მოსამზადებელი პერიოდია საჭირო. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 2021 წლის უკვე 1-ლი ივნისიდან შესაძლებელი იქნება სრულყოფილად ამოქმედდეს ეს ინსტრუმენტი. ვფიქრობ, ეს დრო საკმარისი იქნება კერძო სექტორის და კონკურენციის სააგენტოს მოსამზადებლად,“-აღნიშნა გენადი არველაძემ.
"ანტიდემპინგური კანონის მიღება დღესვე დრამატულად არ შეცვლის მოცემულობას, თუმცა გათვლილია მომავალზე და ქვეყანას ეს კანონი უნდა ჰქონდეს", - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განაცხადა.
რაც შეეხება ვადებს, დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ამბობს, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა უნდა მოასწროს როგორც ანტიდემპინგური, ისე კონკურენციის შესახებ კანონების მიღება.
„ჩემი კომიტეტი აქტიურად ლობირებს ამ ორ კანონს და მინდა, რომ ამ სესიაზე ეს ორი კანონი დარჩეს, როგორც კომიტეტის ერთ-ერთი მცდელობა. ვფიქრობ, დაგვიანებულიც არის ამ კანონპროექტის შემოტანა. ზოგადად, ეს არ არის კანონი, რომელიც დღესვე დრამატულად შეცვლის მოცემულობას, თუმცა გათვლილია მომავალზე, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს აქვს. ვფიქრობ, საქართველოს ასეთი პასიური კანონი უნდა ჰქონდეს, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი დრო არის საჭირო ასეთი კანონის მისაღებად, შემდეგ იმ კვალიფიკაციის შესაქმნელად იმ კონკრეტულ უწყებაში, რომელმაც უნდა შეძლოს არსებობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება და მთავარი არის დაცვა ადგილობრივი წარმოების, რომელიც კონკურენტუნარიანად უნდა იცავდეს თავის თავს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ მას სხვა გამოწვევებიც ჰქონდეს“, - განაცხადა კაკულიამ.ცნობისთვის, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ორი ნაწილისგან შედგება, პირველი უშუალოდ ვაჭრობაში ანტიდემპინგური ზომების შემოღებას, მეორე კი კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილებების გაფართოვებას ეხება. კანონპროექტის მიხედვით, საკითხის რეგულურებაზე პასუხისმგებელი სწორედ სსიპ კონკურენციის სააგენტო იქნება.
“ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება გასულ წელს მოხდა და თავდაპირველი რედაქციით კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად 2020 წლის 1 იანვარი იყო განსაზღვრული.
საქართველოს პარლამენტი ანტიდემპინგური კანონპროექტის შესახებ მუშაობას კვლავ დაუბრუნდა, კანონმდებლები კანონპროექტს დღეს განიხილავენ.
ბელა გელაშვილი
ავტორი