თავში

როდის აშენდება მიწისქვეშა გაზსაცავი

​როდის აშენდება მიწისქვეშა გაზსაცავი
როდის აშენდება მიწისქვეშა გაზსაცავი

"უახლოეს პერიოდში დასრულდება ტენდერი, რომელშიც ძალიან ცნობილი ჯგუფი იმარჯვებს," – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, მიწისქვეშა გაზსაცავის გადავადებასთანსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი დროულად განხორციელდება, რადგან პროექტს საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან ცალსახა მხარდაჭერა აქვს. მინისტრის განმარტებით, გაზსაცავის პროექტი 2024 წელს უნდა დასრულდეს.

„გაზსაცავის მშენებლობა არის ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც მხარს ვუჭერთ ჩვენ და ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ, რომ ეს პროექტი შედგება დროულად. მეტიც, უახლოეს პერიოდში დასრულდება საერთაშორისო ტენდერი და ძალიან ცნობილი ჯგუფი იმარჯვებს ამ ტენდერში. საკმარისი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ამ პროექტის პირველი ეტაპი დროულად დაიწყოს, წელიწად-ნახევარი დასჭირდება ამას. ასევე, საკმარის რესურსს მოვიპოვებთ საფინანსო ინსტიტუტებისგან, რათა ეს პროექტი 2024 წელს დასრულდეს, როგორც დაანონსებული იყო. ეს პროექტი იმდენად მნიშვნელოვანი და სტრატეგიულია, რომ საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან ცალსახა მხარდაჭერა გვაქვს. ცხადია, შემდგომშიც მხარს დაგვიჭერენ, რომ დავასრულოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზსაცავის პროექტი საპარტნიორო ფონდმა ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში წარადგინა. პროექტის დაწყება რამდენჯერმე გადავადდა. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გახდა ცნობილი, რომ საქართველოში გაზსაცავის ამოქმედება 2024 წლამდე გადავადდა, აგვისტოშო კი გერმანიის დახმარების რეციკლირების გამო ეს პროექტი კიდევ ერთხელ იქნა გადავადებული.

გაზსაცავის მშენებლობა თბილისთან ახლოს, სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ, დამუშავებულ ნავთობის საბადოზე იგეგმებოდა.

პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 220-250 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

მასში 300-400 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც საქართველოში გაზის წლიური მოხმარების 10-15% პროცენტს წარმოადგენს.

პროექტს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) დააფინანსებენ.

სპეციალისტების შეფასებით, მიწისქვეშა გაზსაცავი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გაზდის წინაპირობაა. პროექტი საქართველოს შაჰ-დენიზის მილსადენში გამავალი ბუნებრივი აირის უკეთ ათვისების საშუალებას მისცემს. ზაფხულის თვეებში, მაშინ როდესაც ენერგომოხმარება დაბალია აზერბაიჯანიდან მიღებული ბუნებრივი აირი საცავში შეიახება, ზამთარში კი მისი გამოყენება მოხდება.

საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის განვითარების ფარგლებში უკვე მომზადდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და შესაბამისი საინჟინრო-ტექნიკური დოკუმენტაცია. ამჟამად მიმდინარეობს სამშენებლო კომპანიის შერჩევის პროცედურები საერთაშორისო შესყიდვების წესების შესაბამისად.

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ წარმატებით აგრძელებს მოლაპარაკებებს ევროპის საინვესტიციო ბანკთან მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისთვის საჭირო დამატებითი 100 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვის თაობაზე. გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოების დარულება 2024 წელს იგეგმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system