თავში

როგორ არბილებს მთავრობა ლარის გაუფასურების ნეგატივს

როგორ არბილებს მთავრობა ლარის გაუფასურების ნეგატივს
როგორ არბილებს მთავრობა ლარის გაუფასურების ნეგატივს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საქართველოს ხელისუფლებას გლობალური კრიზისის შეჩერება არ შეუძლია, მაგრამ შესაძლებლობის ფარგლებში მთავრობა ადამიანებზე ლარის გაუფასურების ზეგავლენას მაქსიმალურად არბილებს.

„ჩვენ დავაზღვიეთ სასურსათო კალათა, ცხრა საქონელი, რათა ფასები არ გაიზარდოს და ლარის გაუფასურებამ ჩვენს სასაქონლო კალათას არ დაარტყას. ბანკებთან შეთანხმებით მოხდა საბანკო სესხების რესტრუქტურიზაცია და ადამიანებს რაღაც პერიოდი გადასახდელი არ ექნებათ სესხის პროცენტი, რომელიც ნორმალურ ვითარებაში ექნებოდათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ადამიანებს შემოსავლები შეუნარჩუნდეთ. თუ ასი პროცენტით არა, არსებითად მაინც, ხოლო ყოველდღიური ხარჯები გადაუვადდეთ, ან არ გაეზარდოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ერთ-ერთი ტენდენციაა, რომელიც ამ ახალმა, ჩვენთვის აქამდე უცნობმა, კორონავირუსის გამოწვევამ მოიტანა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კორონავირუსის მომძლავრებამდე ლარი სტაბილური იყო.

თურნავას თქმით, პანიკური განწყობა მოქმედებს არა მხოლოდ ლარის კურსზე, არამედ საქონლის მოხმარებაზეც. მინისტრი განმარტავს, რომ პანიკისას ადამიანები იქცევიან განსხვავებულად, ვიდრე ნორმალურ ვითარებაში. მოლოდინები ნეგატიურია და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ლარის იმაზე მეტად გაუფასურება ხდება, ვიდრე მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური მიზეზებით, თუმცა მინისტრი ლარის გაუფასურების ეკონომიკურ მიზეზებს აღიარებს და განმარტავს:

„ტურიზმი პრაქტიკულად, შეწყდა და ეს არის მსოფლიოს შეგნებული გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის გავრცელება არ მოხდეს. ჩვენთვის ტურიზმი უცხოური ვალუტის შემოდინების სერიოზული წყარო იყო. ექსპორტის მასშტაბიც შემცირებულია და აქედან გამომდინარე, ეს ორი წყარო ვეღარ ეხმარება ლარს, თუმცა, ეროვნული ვალუტის ამხელა გაუფასურება მხოლოდ ეკონომიკური მიზეზებით ვერ აიხსნება. ქვეყანაში ვალუტა იმ დოზით არ შემოდის, მაგრამ იმ დოზით არც გაედინება და ამის ზევით რაც ხდება, ეს მაინც უფრო პანიკაა, ნეგატიური განწყობები და ეს დინამიკა შერბილდება", – განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ  კონტრძალების მოქმედებით, კონომიკური მიზეზები ადრე თუ გვიან განეიტრალდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system