თავში

როგორ ავიცილებთ თავიდან გაზის გაჟონვით უბედური შემთხვევეების რისკს

როგორ ავიცილებთ თავიდან გაზის გაჟონვით უბედური შემთხვევეების რისკს
როგორ ავიცილებთ თავიდან გაზის გაჟონვით უბედური შემთხვევეების რისკს

საცხოვრებელ კორპუსებში გაზის აფეთქების რისკი მატულობს. გაზის მეურნეობის სპეციალისტი, "ყაზტრანსგაზ თბილისის"  დირექტორის ყოფილი მოადგილე, სოსო სიმონიშვილი აცხადებს, რომ რეგულაციების პრობლემა ვერ გვარდება და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება შეუძლებელი ხდება. 

"ის ხელსაწყოები, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას უყენია, ტიპდამტკიცებულია სახელმწიფოს შესაბამისი დეპარტამენტის მიერ. კომპანია რომ მოდის და აცხადებს, ეს არ არის დახურული წვის კამერით, ღია წვის კამერითაა და მერე უცერემონიოდ ჭრის ხოლმე, ის ხელსაწყო ტიპდამტკიცებულია. ამით პირდაპირ ირღვევა საკუთრების უფლება. მეორე საკითხია – ამან ხომ შეიძლება ფატალური შემთხვევა გამოიწვიოს? კი, შეიძლება. მაგრამ, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რა გააკეთონ ხელსაწყოს გამოცვლის გარდა. მაგალითად, შეიძლება ახალი ხელსაწყო დააყენო, მაგრამ შლანგმა გაუშვას აირი. ფატალური შედეგი ისევ დადგება. ძველი კანონმდებლობის მიხედვით, მშენებლობამდე პროექტი ვერ დამტკიცდებოდა, თუ არ იყო შეთანხმებული ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურთან, მათ შორის გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესების მიხედვით თუ არ იყო გაკეთებული. პროექტი ვერ დამტკიცდებოდა მაშინაც, თუ შესაბამისი ვენტილაცია არ იყო გათვალისწინებული. სტატისტიკას რომ დაუკვირდეთ, საქართველოში – რაც მომრავლდა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა, ამის შემდეგ გაიზარდა აფეთქებების და გაგუდვის შემთხვევები. როცა მოსახლე უკვეთავს ფანჯარას, მეტი ხარჯის გამო სარკმელს არ ითვალისწინებს, დაგმანულ სივრცეში კი გაზი ფეთქდება. დიდი პრობლემის წინ აღმოვჩნდით და ამ საქმეს გამკაცრება კი არ უნდა, ხალხი საჭიროებს შველას", - აცხადებს სიმონიშვილი და დასძინა, რომ სოციალური რეკლამა უნდა გაძლიერდეს, რათა გაზის მოხმარების და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობამდე სწორად მივიდეს.  

მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის რეგულაციები მკაცრდება. ახალი რეგულაციის თანახმად, თუ ობიექტზე (მათ შორის საცხოვრებელ ადგილას) არსებული გაზდანადგარის ექსპლუატაცია დაუშვებელია და მომხმარებელი უარს აცხადებს გაზდანადგარის დაუყოვნებლივ დემონტაჟზე ან/და აშკარაა ამ ხელსაწყოთი თვითნებური სარგებლობა, ასეთ შემთხვევაში გაზგამანაწილებელი კომპანიის თანამშრომელი ვალდებული იქნება, პოლიციას აცნობოს სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი გარემოების შესახებ. პროექტი ასევე ითვალისწინებს ფულად ჯარიმებს, თუმცა ჯარიმების ნაწილის ამოქმედება 2021 წლიდან არის ნავარაუდევი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system