თავში

როგორ დაარეგულირებს მთავრობა მედიკამენტების ფასებს

როგორ დაარეგულირებს მთავრობა მედიკამენტების ფასებს
როგორ დაარეგულირებს მთავრობა მედიკამენტების ფასებს

სახელმწიფო მედიკამენტების ფასების ნაწილობრივ რეგულირება ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გასული თვის დასაწყისში პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენის დროს დაანონსა. როგორ და რა მექანიზმით აპირებენ მედიკამენტების ფასების რეგულირებას, ამის გარკვევას ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელთან, აკაკი ზოიძესთან შევეცადეთ. როგორც დეპუტატმა აგვიხსნა, თემაზე სამსჯელოდ უკვე ორი შეხვედრა გაიმართა სექტორის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. დასკვნით შეხვედრას კი კომიტეტი მომავალ კვირას გამართავს და შესაბამის რეკომენდაციებსაც მოამზადებს.

„საუბარია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების ჩამონათვალზე, რომელიც ყოველდღიურად სჭირდება ადამიანებს, აქ რომ იყოს სახელმწიფოს სუბსიდირების მექანიზმები. ის, რომ გავასწოროთ არაკეთილსინდისიერი თამაშის წესები; მოტივაცია ექიმებს, სამედიცინო დაწესებულებას, ფარმაცევტებს ჰქონდეთ არა იმის, რომ რაც შეიძლება მეტი უხარისხო წამალი გამოწერონ ან უფრო ძვირიანი, არამედ პირიქით და ა.შ. ყველაზე დიდი პრობლემა ეს გახლავთ და არა ცალკეული წამლის ფასი, რამდენად ძვირია თუ იაფი ევროპულთან შედარებით, თუმცა ეგეც პრობლემაა, მაგრამ არა მთავარი პრობლემა. არ შეიძლება ქვეყანა ხარჯავდეს იმდენს, რამდენსაც ხარჯავს წამლებზე. წამალიც არ ჰქვია იმას, ამას ქვია ბიოდანამატები, რომელსაც იმიტომ უწერენ, რომ კარგია და მოუხდება. ეს უნდა შევზღუდოთ არა ძალისმიერი ნაჯახისებური ადმინისტრირებით, არამედ მოქნილი საბაზრო მექანიზმებით. ეს არის იდეა სახელმწიფო სუბსიდირების ეფექტიანი გამოყენებით“-აცხადებს აკაკი ზოიძე.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ირინა ჭელიძემ აღნიშნა, რომ მედიკამენტების ფასების რეგულირების საკითხზე მათ ჯანდაცვის მინისტრი ჯერ არ შეხვედრია. ამბობს, რომ უმჯობესი იყო ცვლილებების მაღალი ტრიბუნიდან დაანონსებამდე შეხევდრა გამართულიყო სექტორთან და მათი პოზიციები მოესმინა.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა მხოლოდ პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტში. გამოკვეთილი არაფერი არ არის. ყველა ქვეყანას თავისი რეგულაცია აქვს და ყველა ქვეყანა უფრო მოწესრიგებულია. პრობლემა დგება ყველაზე მეტად ხარისხთან დაკავშირებით. თუ განვიხილავთ, რომ ჯენერიკული მედიკამენტები იქნება დანიშნული, მისი ხარისხის პასუხისმგებლობა უნდა აიღოს სახელმწიფომ, რადგან საფრთხეები აქ არსებობს. რაც შეეხება ფასების ფიქსირებას, სახელმწიფოც შიშობს ამაზე და ჩვენც ვეთანხმებით, რომ ფიქისრებამ შეიძლება გამოიწვიოს უარესი სოციალური პრობლემა, ანუ მიწვდომადობის პრობლემა. შეიძლება ბევრი მედიკამენტი გავიდეს ბაზრიდან, რაც მოხდა ბევრ ქვეყანაში, როცა მოხდა ფასების ფიქსირება. ხშირად იყენებენ მაგალითს, რომ თურქეთში მედიკამენტები იაფია, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ეს ყველა მედიკამენტზე არ არის და პირიქით, თურქეთში ბევრი მედიკამენტი ძვირია, ვიდრე საქართველოში. ეს გამოწვეულია თურქეთის სახელმწიფოს რეგულაციით. დოტაციურია ეს წამლები, რომელსაც ნაწილობრივ აფინანსებს.კონკურენციის სააგენტოს აქვს გამოთხოვილი დოკუმენტები და ნახავენ ალბათ, რომ არანაირ ზემოგებაზე არ არის სექტორი“-აცხადებს ირინა ჭელიძე.

მედიკამენტების ფასების რეგულირების საკითხზე დასკვნით შეხვედრას ჯანდაცვის კომიტეტი ამ კვირაში გამართავს და შესაბამის რეკომენდაციებსაც მოამზადებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system