თავში

როგორ დააზარალა რეგიონის ეკონომიკა კორონავირუსმა

როგორ დააზარალა რეგიონის ეკონომიკა კორონავირუსმა
როგორ დააზარალა რეგიონის ეკონომიკა კორონავირუსმა

რეგიონში აგვისტოში ეპიდსიტუაცია გაუარესდა, რამაც კავკასიის ქვეყნებში ეკონომიკური მოლოდინი გააუარესა. სახელმწოფოების მთავრობები ექსპანსიური ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის გატარებას აგრძელებენ.

ვინ როგორ დააზარალა კორონავირუსმა, ამის შეჯამება report.ge-მ ფინანსისტებთან, ეკონომისტებთაბ და სტატისტიკოსებთან ერთად სცადა.

სპეციალისტების განმარტებით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე ნავთობექსპორტიორი ქვეყნების ეკონომიკებმა ორმაგი დარტყმა მიიღეს. საქმე ისაა, რომ მარტის დასაწყისიდან ნავთობზე ფასების გაიაფება და მასზე მოთხოვნის შემცირება ექსპორტიორი ეკონომიკების ადგილობრივ მოხმარებაზე აისახა. ამან ნავთობმწარმოებელი ქვეყნების გარდა დააზარალა მათი სავაჭრო პარტნიორებიც.

ნავთობის ფასების ვარდნამ სამეზობლოსა და რეგიონის ეკონომიკებისთვის დამატებით უარყოფითი ფაქტორი აღმოჩნდა. წლებია, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანები, რუსეთი და აზერბაიჯანი, ნავთობექსპორტიორია. სომხეთის ძირითადი პარტნიორი რუსეთია, ხოლო თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის კი მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობაა. 

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, საქართველოში ეკონომიკა 5.7%-ით შემცირდა.  სომხეთში 2020 წლის I ნახევარში ეკონომიკა 6.5%-ითაა შემცირებული. ყველაზე მეტად კლება ფიქსირდება ინდუსტრიასა და სოფლის მეურნეობის დარგებში.  2020 წლის I ნახევარში თურქეთის ეკონომიკა 3.1%-ით შემცირდა. ქვეყნების ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა ტურიზმის სექტორის, ფაქტობრივად, გაჩერებამ იქონია.  თუ საქართველოს ეკონომიკასი ტურიზმს 26.4%-ი უკავია, თურქეთში ტურიზმის კონტრიბუცია 11.2%-ს აღწევს.

რეგიონში ეკონომიკური მაჩვენებლებით ყველაზე უკეთესი მდგომარეობა აზერბაიჯანშია, სადაც ამავე პერიოდში კლება მხოლოდ 2.7%-ს შეადგენს.  მიმდინარე წლის I ნახევარში აზერბაიჯანის მთლიანი გამოშვება 9.2%-ით შემცირდა, სადაც ინდუსტრიული სექტორის გამოშვების კლება 2.7%-ია, ხოლო აგრარულ ნაწილში კი 2.0%-იანი ზრდაა. მსგავსად სხვა ქვეყნებისა, კრიზისის პირობებში თვალსაჩინო ზიანი მშენებლობის სექტორსაც მიადგა, რომლის გამოშვება წინა წლის I ნახევართან შედარებით 9.1%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, მიმდინარე წლის I ნახევარში აზერბაიჯანის საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 19.0%-ით შემცირდა, რასაც ექსპერტები უკავშირებენ ნავთობპროდუქტების ექსპორტის კლებას, რადგან ამ ქვეყნის საექსპორტო საქონლის 80.0% მეტი სწორედ ნავთობია. 

რაც შეეხება რუსეთის, ამ ქვეყნის საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 17.0%-ითაა შემცირებული, სადაც წინა წლის I ნახევართან შედარებით ექსპორტის 12.8%-იანი კლება ფიქსირდება.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა კი 2019 წლის I ნახევართან შედარებით 17.8%-ით შემცირდა. ვაჭრობის ბრუნვის შემცირება უფრო მეტად იმპორტის 18.5%-იან კლებას უკავშირდება. იმპორტის შემცირების მიზეზად სპეციალისტები მსუბუქი ავტომობილებისა და ნავთობპროდუქტების შემცირებულ იმპორტს ასახელებენ. 

სტატისტიკოსების განმარტებით, ავტომობილების იმპორტი ექსპორტზეც აისახა, რადგან მისი ძირითადი ნაწილი აზერბაიჯანსა და სომხეთში გადის რე-ექსპორტზე. მიმდინარე წლის II კვარტალში, წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სომხეთსა და აზერბაიჯანში მსუბუქი ავტომობილების რე-ექსპორტი 69.6%-ით შემცირდა. თავის მხრივ, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, სომხეთის იმპორტი 12.9%-ით, ხოლო ექსპორტი 6.5% -ით ნაკლებია, რამაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგარეო ვაჭრობის ბრუნვის 10.7%-იანი კლება გამოიწვია.

მიუხედავად გლობალურად ფასების კლებისა, თურქეთი და საქართველოს შემთხვევაში ინფლაცია მაღალ ნიშნულზეა: მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საშუალო წლიურმა ინფლაციამ თურქეთში 11.9%, ხოლო საქართველოში კი 6.4% შეადგინა. მაღალ ინფლაციას კი, ორივე ქვეყანაში შერბილებული მონეტარული პოლიტიკით ებრძვიან. სომხეთში მიმდინარე წლის I ნახევარში სამომხმარებლო ფასების დონე ფაქტობრივად არ გაზრდილა, რადგან საშუალო წლიურ ინფლაცია 0.6%-ს შეადგენს. საშუალო წლიური ინფლაცია რუსეთში 2.8%-ია, ხოლო აზერბაიჯანში კი - 2.9%-ი. წლის ბოლოსთვის კი ორივე ქვეყანაში 3.0%-იან ინფლაციას პროგნოზირებენ.

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ბოლო, ივლისში გაკეთებული ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, რუსეთის ეკონომიკა წელს 6.0%-ით შემცირდება, საქართველოს ეკონომიკის 4.8%-იანი შემცირებაა ნავარაუდევი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system