თავში

როგორ დააზარალებს საქართველოს დაანონსებული მსოფლიო ფინანსური კრიზისი

როგორ დააზარალებს საქართველოს დაანონსებული მსოფლიო ფინანსური კრიზისი
როგორ დააზარალებს საქართველოს დაანონსებული მსოფლიო ფინანსური კრიზისი

საერთაშორისო ეკონომისტების უმრავლესობა ირწმუნება, რომ მომავალ წელს მსოფლიოს გლობალური ფინანსური კრიზისი დაატყდება თავს. ანალიტიკოსები კრიზისის მოახლოების ყველაზე დამაჯერებელ ინდიკატორად ამერიკული ობლიგაციების შემოსავალს ასახელებენ. ეკონომიკის საერთაშორისო ექსპერტი, "რონდელი ფონდის" ეკონომიკური ანალიტიკოსი, ვალერი ჩეჩელაშვილი, Report.ge-ს უყვება რომ კრიზისის დაწყების ყველაზე დიდი ალბათობა იყო აზიაში, კერძოდ, ჩინეთში. აზიური ბანკები და კომპანიები 2008 წლიდან "ცუდ" ვალებს უფრო სწრაფად  აგროვებენ, ვიდრე დასავლური ფინანსური ორგანიზაციები. 2019 წლის იანვრამდე აზიური და სხვა განვითარებადი ქვეყნების ბანკებისთვის სიტუაცია სულ უფრო რთულდებოდა, რადგან აშშ-ის ცენტრალური ბანკი - ფედერალური რეზერვი - ამერიკულ ობლიგაციებზე განაკვეთს ზრდიდა. ამ პროცესმა ის გამოიწვია, რომ ამერიკული საიმედო ობლიგაციებიდან მიღებული შემოსავალი იზრდებოდა და შესაბამისად, ინვესტორებმა სარისკო აზიური ბაზრიდან ფულის გატანა დაიწყეს. მსგავსი სიტუაცია იყო 1997 წელს, როდესაც აზიური ფინანსური კრიზისი დაიწყო.

"2019 წლის იანვარში აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა თავისი პოლიტიკა შეცვალა და განაკვეთების დაწევა დაიწყო. აზიურმა და სხვა განვითარებადმა ქვეყნებმა ამოისუნთქეს, თუმცა „ცუდი“ ვალებით გამოწვეული კრიზისის საფრთხე მათთვის ჯერ კიდევ ძალაშია. ამას ისიც ემატება, რომ ჩინეთისა და სხვა აზიური ქვეყნების ეკონომიკის ზრდაც ბოლო დროს შენელდა. აზიაში არასტაბილურობას აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო ომიც უწყობს ხელს.ა ზიური ბაზრისადმი ინვესტორებმა ნდობა მას შემდეგ დაკარგეს, რაც დონალდ ტრამპმა 2018 წელს ჩინეთთან სავაჭრო ომი დაიწყო. აზიაში მოსალოდნელი დიდი კრიზისის ბიძგად, შესაძლოა, ჩინეთთან დაწყებულ სავაჭრო ფრონტზე აშშ-ის პრეზიდენტის მორიგი თავდასხმა იქცეს. აზიიდან ის მოედება მთელ მსოფლიოს," - აცხადებს ვალერი ჩეჩელაშვილი.

ჩინეთის ეკონომიკის ზრდის პაუზით ევროპა უკვე დაზარალდა. ჩინეთი გერმანული სამრეწველო საქონლის,-მანქანების და აღჭურვილობის მთავარი მყიდველია. სამრეწველო საქონელი კი ევროკავშირის ყველაზე განვითარებული ქვეყნების ექსპორტის საფუძველია. ამიტომ ეს აუცილებლად დააზარალებს გერმანიის ეკონომიკას. გაცილებით არასტაბილური სიტუაციაა დიდ ბრიტანეთში, რომელიც ვერა და ვერ წყვეტს, რა ფორმით გავიდეს ევროკავშირიდან. ამ ფაქტებზე დაყრდნობით, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ევროპა შეიძლება კრიზისის ეპიცენტრადაც იქცეს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა, თადარიგი წინასწარ დაიჭიროს და რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, სექტემბერში „რაოდენობრივი შემსუბუქება“ განაახლა.

კრიზისს სპეციალისტების არც აშშ-ში გამორიცხავენ. ტრამპის სავაჭრო ომებისგან ამერიკული კომპანიებიც ზარალდებიან. ეს კი კარგი მესიჯი არ არის ინვესტორებისთვის. 2020 წელს დასრულდება ტრამპის პროგრამა, რომელიც აშშ-ის ეკონომიკის საგადასახადო სტიმულირებას გულისხმობს. სწორედ ამან განაპირობა ბოლო 2 წლის განმავლობაში აშშ-ის ეკონომიკის ზრდის სწრაფი ტემპი, რომელიც ეკონომისტების აზრით ზედმეტად სწრაფია და ხელოვნურად იმართება. პროგრამის დასრულება კი ეკონომიკის ზრდის ტემპს დააგდებს, რაც ინვესტორების ნდობის მაჩვენებელს როგორც აშშ-ში, ისე სხვა ქვეყნებშიც შეამცირებს. სწორედ ამ ფაქტზეა დაფუძნებული იმ პროგნოზების უმრავლესობა, რომელთა მიხედვითაც მსოფლიო ფინანსური კრიზისი 2020 წელს დაიწყება. კრიზისი შესაძლოა გამოიწვიოს ნავთობზე ფასის მკვეთრმა ზრდამაც, რაც ვიხილეთ კიდეც 2008 წელს. ნავთობის გაძვირებამ შეიძლება ირანსა და საუდის არაბეთს შორის ისედაც  დაძაბული ურთიერთობა გააუარესოს.

Report.ge შეეცადა გაერკვია, რამდენად მზადაა საქართველო მინიმალური დანაკარგით გადაიტანოს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. როგორც ვალერი ჩეჩელაშვილმა აგვიხსნა,

რომ მსოფლიო დონის ეკონომიკური კრიზისისადმი საქართველოს ტიპის ქვეყანა მგრძნობიარეა. მისი შეფასებით, საქართველო ბოლო 30 წლის მანძილზე არაკანონზომიერი და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით მართული ქვეყანაა, რომელსაც მცდარი მაკროეკონომიკური ვექტორი და არსწორი აქცენტები აქვს. რადგან იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ, ჩეჩელაშვილის მტკიცებით, მსოფლიო კრიზისის ჩვენს ეკონომიკაში ნეგატიურ რეზონანსს თავს ვერაფრით ავარიდებთ.

ექსპერტები ტურიზმის განვითარების ტემპს იწონებს, თუმცა იქვე განმარტავს, რომ როგორც კი გარეფაქტორები გაუარესდება, ეს მიმართულებაც კრახის წინაშე დადგება. ვალერი ჩეჩელაშვილი ემიგრანტებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ საგარეო ფაქტორების გაუარესებისთანავე ასი ათასობით ქართველს, რომელიც საზღვარგარეთ მუშაობს, პრობლემები შეექმნება და საქართველოსკენ მომავალი ფულის ნაკადი შემცირდება. ეს ფაქტორი კი თავის მხრივ, ეროვნულ ვალუტას შეუქმნის პრობლემას.

"გაინტერესებთ როგორ გამოძვრა ნაკლები დანაკარგით საქართველო 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისიდან? - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა ქვეყანას დიდ უბედურებასთან ერთად დასავლეთიდან 4,5 მილიარდი დოლარი მოუტანა. საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებას ამ ფულით გადაარჩინა არა ქართული ეკონომიკა, არამედ- 2-3 ბანკი, რადგან ფულის ძირითადი ნაწილი სწორედ მათ მოხმარდა, გარკვეული ნაწილი კი ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე დაიხარჯა. ერთადერთი, რაც სწორად გაკეთდა, ესაა ლარის სტაბილიზაციისკენ  მიმართული 300 მილიონი დოლარი. წორედ დასავლეთის მიერ გაღებულმა თანხამ შეარბილა საქართველოსთვის ის შედეგები 2008 წელს, რაც მსოფლიო კრიზისის შედეგად იყო მოსალოდნელი," - აგვიხსნა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

როგორც აღმოჩნდა, ახალი კრიზისის შემთხვევაში, საქართველოს ასეთ კოლოსალურ თანხას არავინ მისცემს. თუმცა, ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ ქვეყანას გააჩნია რესურსი, ეს კრიზისი შედარებით ნაკლები დანაკარგებით გადალახოს. ამისთვის საჭიროა სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და გონივრული გადაწყვეტილებები, რისი დეფიციტიც, ჩეჩელაშვილის თქმით, აშკარაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system