თავში

როგორ დაიძლევა სურსათის უსაფრთხოების პრობლემა

როგორ დაიძლევა სურსათის უსაფრთხოების პრობლემა

2020 წელს COVID-19-ის პანდემიამ საფრთხე შეუქმნა ადამიანთა სიცოცხლესა და კეთილდღეობას მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. საზოგადოების უღარიბესი ნაწილი კი ყველაზე ცუდ ვითარებაში აღმოჩნდა. ოჯახებს, რომლებიც სურსათის უსაფრთხოების პრობლემებს განიცდიან, არ აქვთ წვდომა აქტიური, ჯანმრთელი ცხოვრებისათვის საკმარის საკვებზე. COVID-19 კიდევ უფრო გაზრდის იმ ადამიანთა რიცხვს, რომელთაც სურსათის უსაფრთხოების პრობლემები აქვთ. 

ამის შესახებ აღნიშნულია ISET Policy Institute-ის საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების კვლევაში.

დოკუმენტის თანახმად, პანდემიის გამო დაწესებულმა სავაჭრო შეზღუდვებმა გამოიწვია საკვების ხელმისაწვდომობის პრობლემებიც. უნდა ველოდოთ, რომ გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა უარყოფითად იმოქმედებს წვდომის, მოხმარებისა და სტაბილურობის ინდიკატორებზეც. მართალია, სურსათზე მოთხოვნა არ არის ელასტიური, მაგრამ შემცირებული შემოსავლები შეამცირებს მოთხოვნას შედარებით ძვირადღირებულ საკვებ პროდუქტებზე (ხორცზე, რძეზე და სხვ.), რომელთაც მაღალი ნუტრიციული ღირებულება აქვთ. ეს კი თავისთავად ნიშნავს, რომ შემოსავლები შეუმცირდებათ სურსათის ბიზნესოპერატორებსაც.

ISET-ის ანალიტიკოსების რეკომენდაციით, იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ სასურსათო უსაფრთხოება ასეთი შოკების დროს, პოლიტიკის შემქმნელებმა აქცენტი უნდა გააკეთონ შემდეგ მიმართულებებზე:

  • ინვესტიციები უნდა ჩაიდოს სურსათის მიწოდების ჯაჭვებში, რათა არ შეფერხდეს სურსათის მოძრაობა ქვეყნის საზღვრებს შიგნით თუ მის გარეთ; უნდა წახალისდეს სურსათის სისტემებში ინოვაციების დანერგვა. თუ გავითვალისწინებთ, რომ სოციალური დისტანცირებისა და გადაადგილების შეზღუდვები კიდევ დიდხანს დარჩება, მთავრობებმა, დონორმა ორგანიზაციებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა უნდა მოძებნონ გზები, როგორ წაახალისონ სურსათის მიწოდების ინოვაციური და უსაფრთხო გზები, განსაკუთრებით ისეთები, რაც სამუშაო ადგილებს ქმნის;
  • ახალი ინვესტიციები უნდა გამოიყოს სურსათის წარმოების, შეგროვების, შენახვის, გადამუშავების, მარკეტინგისა და დისტრიბუციის ეტაპებზე არსებული პრობლემების გადასაჭრელად; გაძლიერდეს თანამშრომლობა მთავრობასა და განვითარების პარტნიორებს შორის, რათა წახალისდეს სურსათის მიწოდების ჯაჭვებში ინოვაციების დანერგვა; ეს შეიძლება მოხდეს ტექნიკურ თუ პროგრამულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ჩადებით, შესაბამისი ბიზნეს და სავაჭრო გარემოს შექმნით იმ მცირე და საშუალო საწარმოებისა და მსხვილი ბიზნესებისთვის, რომელთაც სურთ, პანდემიისა და პოსტ-პანდემიურ პერიოდში საკუთარი წვლილი შეიტანონ სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
  • უნდა წახალისდეს რეგიონებს შორის ვაჭრობა, რათა შემცირდეს რისკები, მობილიზდეს ინვესტიციები და გამყარდეს სურსათის ბაზრების მდგრადობა. როგორც წესი, ბაზარზე წვდომა და გადამუშავებული საკვები პროდუქტების ტრანსპორტირების ხარჯები ყველაზე ხელსაყრელი არის იმ ქვეყნებთან, რომლებიც გეოგრაფიულად ახლოსაა. მაქსიმალურად უნდა მოხდეს ამ ბუნებრივი უპირატესობის გამოყენება შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებითა და ეფექტური პოლიტიკის გატარებით, რაც გაზრდის სავაჭრო ინტეგრაციის დონეს;
  • უნდა გვესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი, შიდა სურსათის ბაზრები მცირე მეწარმეებისთვის და ამ ბაზრებთან მიმართებაში უნდა გაძლიერდეს სასურსათო უსაფრთხოების მონიტორინგისა და ანალიზი ინსტრუმენტები; ინვესტიციები ჩაიდოს სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციული ჯანმრთელობის სტატუსის მონაცემების ადრეულ ეტაპზე შეგროვებაში, გაანალიზებასა და გამოქვეყნებაში, რათა გაუმჯობესდეს პოლიტიკის ინსტრუმენტის ეფექტიანობა და ეფექტურობა;
  • უნდა გავაცნობიეროთ, რომ საჭიროა ქალებისა და ახალგაზრდების წინაშე არსებული შეზღუდვების გადაჭრაზე ორიენტირებული ინიციატივების ხელშეწყობა, რომლებიც მათ შესაძლებლობებით უზრუნველყოფს და რესურსებზე წვდომის მოპოვებაში დაეხმარება.
  • რა მასშტაბისაა პანდემიის ნეგატიური ზეგავლენა სურსათის მიწოდებაზე,ასევე, რა გავლენა იქონია პანდემიამ საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებაზე, რატომ ძვირდება სურსათი საქართველოში და ყველა ძირითად აქცენტს სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში, გაეცანით report.ge-ს ეკონომიკურ ანალიტიკაში. 

    ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

    კატეგორიის სხვა ახალი ამბები

    ბოლო სიახლეები

    ბოლო სიახლეები



    orphus_system