თავში

როგორ დაიცვა მთავრობამ მოსახლეობის ჯანმრთელობა და ეკონომიკა

როგორ დაიცვა მთავრობამ მოსახლეობის ჯანმრთელობა და ეკონომიკა
როგორ დაიცვა მთავრობამ მოსახლეობის ჯანმრთელობა და ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკას საკმაოდ მძიმე დარტყმა მიადგა, მთავრობის ეფექტიანი მართვის შედეგად, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველებია, სადაც დღეს უკვე სახეზეა ეკონომიკის პირველი გაჯანსაღების და აღდგენის ნიშნები.

„მიზნობრივი და ეფექტიანი პოლიტიკა ფასდება ერთი საზომით - გადარჩენილი სიცოცხლეებით. იმის გამო, რომ ჩვენ ბევრ სხვა სახელმწიფოზე ადრე მივიღეთ ზომები, საქართველოს აქვს სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 4-5%-ით შემცირდება. მისივე განცხადებით, შეზღუდვების გარეშე, ვირუსის უკონტროლო გავრცელების პირობებში ეკონომიკა ვერ მუშაობს.

„რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობთ, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ პირველი გაჯანსაღების ნიშნები უკვე სახეზეა და ამითაც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ. მაგალითად, თვიდან თვემდე ეკონომიკური კლების ტემპი მცირდება, მართალია საქართველოს ეკონომიკა წელს კლებადი იქნება, მაგრამ კლების ტემპი იქნება -4%,-5%. საშუალო ევროპული მოსალოდნელი კლების ტემპი -10%-ია. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ეკონომიკას პირველ რიგში ურტყამს არა შეზღუდვები, მით უფრო თუ შეზღუდვები დროულია, როგორც ჩვენ გავაკეთეთ, არამედ ვირუსის უკონტროლო გავრცელება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მთავრობის გააზრებული, სწორი, პრევენციული ზომების წყალობით, ქვეყანამ მოიგო დრო.  მისი თქმით, ახლა მთელი ქვეყანა და მათ შორის, მთავრობა, გაცილებით უფრო მეტი ცოდნითაა შეიარაღებული, რაც იძლევა საშუალებას გაცილებით უფრო მეტი სიმძლავრით გაუმკლავდეს ქვეყანა ინფიცირებულთა შემთხვევების ოდნავ გაზრდილ რაოდენობას. მინისტრის თქმით, მძიმე შეზღუდვების პერიოდი დასრულდა.

„დღეის გადმოსახედიდან შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ მყისიერად მიღებულმა ეფექტურმა ღონისძიებებმა, მათ შორის: საზღვრებიდან ვირუსის იმპორტის კონტროლმა, კარანტრინების მასშტაბურმა და წარმატებულმა პროგრამამ, ანტიკრიზისულმა დახმარებამ ყველაზე დაზარალებულ სეგმენტებს, დარგებს და მოსახლეობას საშუალება მოგვცა, რომ ჩვენ გაცილებით უკეთ მომზადებული ვყოფილიყავით პანდემიასთან შემდგომი ბრძოლისთვის და თანაცხოვრებისთვის. ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადება, რითაც მან მკაფიო მოლოდინი შექმნა და მკაფიოდ დააფიქსირა, რომ საქართველო ივლის ერთი მხრივ, ვირუსთან ეფექტური ბრძოლის გზით, მაგრამ მეორე მხრივ, პრიორიტეტი იქნება ეკონომიკური გახსნილობა და მზარდი აქტივობა. ეს ნიშნავს, რომ მძიმე შეზღუდვების პერიოდი დასრულდა და ჩვენ გადავდივართ ადაპტაციის პერიოდზე. ჩვენი პრევენციული ზომების წყალობით, ჩვენ მოვიგეთ დრო. გაცილებით უფრო მეტი ცოდნით ვართ შეიარაღებულები, გაცილებით უფრო მეტი სიმძლავრით, მეტი შესაძლებვლობა გვაქვს, რომ გავუმკლავდეთ თუნდაც ინფიცირებულთა შემთხვევების ცოტა უფრო გაზრდილ რაოდენობას, რაც ასევე იყო იმის შედეგი, რომ ჩვენ მივედით იმ დონეზე, რომ წყნარად გვემართა ინფექცია და ჩაგვეტარებინა საზაფხულო სეზონი შიდა ტურიზმისთვის”, - განაცხადა ნათია თურნავამ.

პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით უსმენენ. მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით "ევროპულმა საქართველომ" დაიბარა. სხდომაზე მთლიანობაში რეგისტრაცია 93- მა დეპუტატმა გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხდომას ამდენივე დეპუტატი ესწრება. რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესი დებატებსაც მოიცავს, შესაბამისად, კითხვა პასუხისა და დაზუსტების შემდეგ დებატებიც გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system